რომელი ანალიზები უნდა ჩავიტაროთ რეგულარულად?
სისხლის ლაბორატორიული კვლევები ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მარტივი, სწრაფი და ინფორმაციული მეთოდია.
სარჩევი
სისხლის ანალიზები ვაფასებს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას, ავლენს დაავადების ადრეულ ნიშნებს, განსაზღვრავს რისკ-ფაქტორებს რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიგეგმოს დამატებითი გამოკვლევები ან მკურნალობა.
ბევრი ქრონიკული დაავადება, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, თირკმლისა და ღვიძლის ზოგიერთი დაავადება, საწყის ეტაპზე სწორედ ლაბორატორიული კვლევებით შეიძლება გამოვლინდეს.
სისხლის საერთო ანალიზი
სისხლის საერთო ანალიზი (CBC) ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშნული და მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა. ის აფასებს სისხლის ძირითად უჯრედებს — ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და თრომბოციტებს — და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ.
სისხლის საერთო ანალიზი ექიმს ეხმარება გამოავლინოს ინფექცია, ანთებითი პროცესი, ანემია და სხვა ჰემატოლოგიური დარღვევები. ასევე, ზოგიერთი მაჩვენებლის ცვლილება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვიტამინებისა და მინერალების, მაგალითად, რკინის, ვიტამინ B₁₂-ის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტთან, რაც გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების ნორმალურ წარმოქმნაზე.
სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი მნიშვნელოვანია, რადგან მათი ცვლილება ხშირად გავლენას ახდენს როგორც ყოველდღიურ თვითშეგრძნებაზე, ისე ჯანმრთელობის გრძელვადიან პროგნოზზე. მაგალითად, ჰემოგლობინის დაბალი დონე შეიძლება იყოს დაღლილობის, სისუსტისა და ენერგიის ნაკლებობის მიზეზი, ხოლო ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა ორგანიზმს ინფექციების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.
მეტაბოლური პანელი
ძირითად ბიოქიმიურ კვლევებს აერთიანებს და ორგანიზმის ზოგადი მეტაბოლური მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა. ეს კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის, სისხლში გლუკოზისა და ცილების დონის, ასევე ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესახებ.
მეტაბოლური პანელი ექიმს ეხმარება გამოავლინოს ორგანოთა ფუნქციის დარღვევები, მეტაბოლური ცვლილებები და სხვა მდგომარეობები, რომლებიც ხშირად საწყის ეტაპზე გამოხატული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
მეტაბოლური პანელი განსაკუთრებით ხშირად ინიშნება ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებები, გაცხიმოვნება და ჭარბი წონა, მეტაბოლური სინდრომი და სხვა. კვლევის შედეგები ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს დაავადების მიმდინარეობა, მკურნალობის ეფექტურობა და დროულად გამოავლინოს შესაძლო გართულებები.
ლიპიდური ცვლის პროფილი
აფასებს სისხლში ცხიმების შემცველობას, მათ შორის საერთო ქოლესტერინის, HDL („კარგი“ ქოლესტერინი), LDL („ცუდი“ ქოლესტერინი) და ტრიგლიცერიდების დონეს. ამ მაჩვენებლებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შეფასებაში.
ზოგადი რეკომენდაციაა, რომ HDL-ის დონე იყოს შედარებით მაღალი, ხოლო LDL-ისა და ტრიგლიცერიდების დონე — მიზნობრივ ფარგლებში. თუმცა, მხოლოდ ლიპიდური პროფილი ყოველთვის არ არის საკმარისი გულ-სისხლძარღვთა რისკის სრულყოფილად შესაფასებლად. მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ექიმმა შესაძლოა დამატებით დანიშნოს ისეთი კვლევები, როგორიცაა აპოლიპოპროტეინი B (ApoB), ლიპოპროტეინი(a) Lp(a). მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობისთვის ლიპიდური პროფილი გულის ჯანმრთელობის შეფასებისა და მონიტორინგის მნიშვნელოვანი საწყისი კვლევაა.
ლიპიდური ცვლის პროფილური კვლევა
გლიკირებული ჰემოგლობინი (HbA1c)
გვიჩვენებს სისხლში გლუკოზის საშუალო დონეს ბოლო დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, განსხვავებით გლუკოზის ერთჯერადი ანალიზისგან, რომელიც მხოლოდ კვლევის ჩატარების მომენტში არსებულ მაჩვენებელს ასახავს.
თუ ადამიანი ჯანმრთელია, HbA1c-ის კონტროლი რეკომენდებულია პერიოდულად, მინიმუმ წელიწადში ერთხელ. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში კი კვლევის სიხშირე ინდივიდუალურად განისაზღვრება და ზოგ შემთხვევაში შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე გახდეს საჭირო.
HbA1c-ის მომატებული დონე არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკთან არის დაკავშირებული, არამედ შესაძლოა ზრდიდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობასაც. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი რეგულარული კონტროლი და მაჩვენებლის შენარჩუნება ექიმის მიერ განსაზღვრულ ოპტიმალურ დიაპაზონში.
ვიტამინი D
D ვიტამინის დონის შემოწმება საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ორგანიზმში D ვიტამინის მარაგი და გამოვავლინოთ მისი დეფიციტი ან არასაკმარისი დონე. D ვიტამინის დონის დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ძვლების ჯანმრთელობის დარღვევებთან, კუნთების სისუსტესთან, დაღლილობასთან და იმუნური სისტემის ფუნქციის ცვლილებებთან.
D ვიტამინის სტატუსის შესაფასებლად გამოიყენება 25(OH)D (25-ჰიდროქსივიტამინი D) და საერთო ვიტამინი D კვლევა — ეს ასახავს ორგანიზმში D ვიტამინის საერთო მარაგს. კვლევის შედეგების მიხედვით ექიმი აფასებს, საჭიროა თუ არა ვიტამინის დამატებით მიღება და რა დოზით.
D ვიტამინის დონის პერიოდული კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებში, მათ შორის ასაკოვან ადამიანებში, ორსულებში, მზის ნაკლები ზემოქმედების მქონე პირებში, ჭარბი წონის მქონე ადამიანებში და ქრონიკული დაავადებების დროს.
რკინა და ფერიტინი
რკინის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი დარღვევაა და რკინადეფიციტური ანემიის მთავარი მიზეზია. ორგანიზმში რკინის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის გაძნელება და სხვა ჩივილები.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს შესაძლოა ორგანიზმში რკინის ჭარბი დაგროვებაც განვითარდეს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამიტომ მნიშვნელოვანია რკინის მაჩვენებლების პერიოდული შეფასება.
რკინის სტატუსის შესაფასებლად გამოიყენება სისხლში რკინის (Fe) განსაზღვრა, ფერიტინი და ტრანსფერინი — მაჩვენებლები, რომელიც ორგანიზმში რკინის მარაგებს ასახავს.
ღვიძლისფუნქციურიკვლევები
ლაბორატორიული ანალიზების ჯგუფია, რომელიც აფასებს ღვიძლის მუშაობას, უჯრედების დაზიანების ნიშნებს და ნაღვლის ცვლის მდგომარეობას.
ძირითადი მაჩვენებლები: ALT (ალანინამინოტრანსფერაზა), AST (ასპარტატამინოტრანსფერაზა), ALP (ტუტე ფოსფატაზა), GGT (გამა-გლუტამილტრანსფერაზა), საერთო და პირდაპირი ბილირუბინი, საერთო ცილა და სხვა.
ეს კვლევები გამოიყენება ღვიძლის ანთებითი პროცესების, ფიბროზული გადაგვარების, სანაღვლე გზების დაზიანები და და ღვიძლის სხვა დაავადებების შეფასებისა და მონიტორინგისთვის.
გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GGT)
ღვიძლის ფერმენტია, რომელიც გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის გზების ფუნქციის შესაფასებლად. GGT-ის მომატებული დონე შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანთებით პროცესებთან და ოქსიდაციურ სტრესთან. ასევე, GGT-ის მომატებული მაჩვენებლები, მათ შორის ზოგჯერ ნორმის ფარგლებში არსებული მაღალი მნიშვნელობებიც, დაკავშირებულია შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების განვითარების გაზრდილ რისკთან.
ამიტომ გამა-გლუტამილტრანსფერაზას პერიოდული კონტროლი შესაძლოა სასარგებლო იყოს ღვიძლის ჯანმრთელობისა და ზოგადი მეტაბოლური მდგომარეობის შეფასებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რისკ-ფაქტორები.
შარდმჟავა
შარდმჟავა ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა რთულად შესაფასებელი მაჩვენებელია. მისი ჭარბი რაოდენობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს თირკმლის კენჭების წარმოქმნასთან, პოდაგრასთან, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების გაზრდილ რისკთან.
თუმცა, შარდმჟავას ძალიან დაბალი დონეც ყოველთვის არ არის სასურველი, რადგან ის ორგანიზმის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და მონაწილეობს უჯრედების დაცვაში ოქსიდაციური სტრესისგან. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, შარდმჟავას შესაძლოა ჰქონდეს ნეიროპროტექტორული როლი და გარკვეული კავშირი ტვინის ჯანმრთელობასთან.
ამიტომ მნიშვნელოვანია შარდმჟავას დონის შენარჩუნება ოპტიმალურ დიაპაზონში — როგორც მომატებული, ისე მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებლები საჭიროებს ექიმის მიერ შეფასებას სხვა კლინიკურ მონაცემებთან ერთად.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და TSH
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენს ენერგიის ხარჯვაზე, ქოლესტერინის დონეზე, ინსულინის მგრძნობელობასა და სხეულის სხვადასხვა ფუნქციაზე. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ ან ჭარბმა აქტივობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის ცვლილება, ენერგიის ნაკლებობა, გუნებ-განწყობის ცვლილებები და სხვა.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული კვლევაა თირეოტროპული ჰორმონი (TSH). მისი მომატებული დონე მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე (ჰიპოთირეოზი), ხოლო შემცირებული დონე — მის მომატებულ აქტივობაზე (ჰიპერთირეოზი).
გულის მარკერები:
მაღალიმგრძნობელობის C-რეაქტიულიცილა (hs-CRP)
ლაბორატორიული კვლევაა, რომელიც აფასებს ორგანიზმში მიმდინარე დაბალი ინტენსივობის ანთებით პროცესებს და განსაკუთრებით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესაფასებლად.
hs-CRP უფრო მგრძნობიარე მეთოდია, ვიდრე ჩვეულებრივი CRP და საშუალებას იძლევა გამოვლინდეს მცირე ცვლილებებიც კი, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლძარღვების კედლებში მიმდინარე ანთებით პროცესებთან. მისი დონე შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, მათ შორის ინფექციის, ქრონიკული ანთების, ჭარბი წონის, მოწევისა და სხვა მდგომარეობების დროს.
გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებისას hs-CRP-ის ინტერპრეტაცია ხდება სხვა ფაქტორებთან ერთად — ლიპიდურ პროფილთან, არტერიულ წნევასთან, ასაკთან, ცხოვრების წესთან და პაციენტის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.
მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა
BNP (Bტიპისნატრიურეზულიპეპტიდი NT-proBNP )
ჰორმონია, რომელიც გამოიყოფა გულის კუნთის უჯრედებიდან, გულის გადატვირთვის ფონზე. ეს მდგომარეობა ხშირად დაკავშირებულია გულის შეგუბებით უკმარისობასთან.
BNP-ის დონის განსაზღვრა გამოიყენება გულის ფუნქციის შესაფასებლად. მაჩვენებლების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ პაციენტის ჩივილები (ქოშინი ან შეშუპება და სხვა), რამდენადაა კავშირში გულის უკმარისობასთან.
კრეატინკინაზა (CK)
ფერმენტია, რომელიც ძირითადად გვხვდება ტვინის, გულისა და ჩონჩხის კუნთების ქსოვილებში. კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებისას კრეატინკინაზა გამოიყოფა სისხლში რაც მისი მაჩვენებლის ზრდას განაპირობებს.
CK-ის კვლევა გამოიყენება კუნთების დაზიანების, ანთებითი პროცესებისა და სხვადასხვა კუნთოვანი დარღვევების შეფასებაში. მისი შედეგების ინტერპრეტაცია ხდება სხვა კლინიკურ მონაცემებთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით კვლევებთან ერთად.
კრეატინკინაზას MBფრაქცია
(CK-MB) არის კრეატინკინაზას ერთ-ერთი იზოფერმენტი, რომელიც ძირითადად გულის კუნთში გვხვდება. მისი დონე სისხლში შესაძლოა გაიზარდოს გულის კუნთის დაზიანებისას, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის ან სხვა კარდიოლოგიური დაავადებების დროს.
კრეატინკინაზას MB ფრაქციის კვლევა გამოიყენება გულის კუნთის დაზიანების შეფასებაში და მისი შედეგები განიხილება სხვა კლინიკურ ნიშნებთან და ლაბორატორიულ მაჩვენებლებთან ერთად.
კოაგულაციური ტესტები
აფასებს სისხლის შედედების პროცესს — რამდენად ეფექტურად და რა დროში წარმოიქმნება სისხლის კოლტი. ამ კვლევებს შორისაა პროთრომბინის დრო (PT) და ფიბრინოგენის აქტივობის ტესტი.
კოაგულაციის კვლევების შედეგებზე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, არსებული ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტები და სხვა ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ცვლიდეს სისხლის შედედების პროცესს. ამიტომ შედეგების შეფასება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ პაციენტის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.
ფიბრინოგენი
ფიბრინოგენი სისხლის შედედების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება და თავად მონაწილეობს თრომბის წარმოქმნაში.
ფიბრინოგენი ე.წ. მწვავე ფაზის ცილაა დამისი მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა დაკავშირებული იყოს: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, ათეროსკლეროზთან, ინსულტის რისკთან, რევმატოიდულ ართრიტთან და თირკმლის ანთებით დაავადებებთან.
ფიბრინოგენის დონის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის შედედების დარღვევით მიმდინარე დაავადებების და ანთებითი პროცესების შეფასებისას.
DHEA-სულფატის (DHEA-S)კვლევა
დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA) თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც მონაწილეობს სასქესო ჰორმონების წარმოქმნაში და გავლენას ახდენს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე. მამაკაცებში მისი დაბალი დონე შესაძლოა მიუთითებდეს ჰორმონულ დარღვევებზე, ხოლო ქალებში DHEA-S-ის მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანდროგენების სიჭარბისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, ჭარბი თმიანობა.
თავისუფალიტესტოსტერონი
ტესტოსტერონი სასქესო ჰორმონია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სქესობრივ მომწიფებაში, რეპროდუქციულ ფუნქციასა და საერთო ჯანმრთელობაში. ასაკის მატებასთან ერთად მისი დონის შემცირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ენერგიაზე, გუნებ-განწყობაზე, კუნთოვან მასაზე და სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
თავისუფალი ტესტოსტერონი წარმოადგენს ჰორმონის იმ ნაწილს, რომელიც არ არის დაკავშირებული ცილებთან და ბიოლოგიურად უფრო აქტიურ ფორმად ითვლება.
ქალებში თავისუფალი ტესტოსტერონის მომატებული დონე შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰირსუტიზმთან — სახისა და სხეულის ჭარბ თმიანობასთან. მისი დაქვეითება კი შესაძლოა აისახოს ლიბიდოს შემცირებასა და ზოგად კეთილდღეობაზე.
მამაკაცებში თავისუფალი ტესტოსტერონის შეფასება გამოიყენება აქტიური ტესტოსტერონის დონის განსაზღვრისთვის და შესაძლოა დაეხმაროს ისეთი მდგომარეობების შეფასებას, როგორიცაა მეტაბოლური დარღვევები, მუცლის ტიპის სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა რისკები და განწყობის ცვლილებები.
ესტრადიოლი (Estradiol)
ესტრადიოლიესტროგენის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ორივე სქესში მისი ოპტიმალური დონე აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ქალებში ესტრადიოლის დონე გამოიყენება მენსტრუალური ციკლის, რეპროდუქციული მდგომარეობისა და მენოპაუზასთან დაკავშირებული ცვლილებების შეფასებისთვის. მისი მომატებული დონე ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დაკავშირებული იყოს ენდომეტრიუმისა და სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების რისკთან.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (STI) კვლევები
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (STI) ნაწილის დიაგნოსტიკა შესაძლებელია სისხლის ნიმუშის საშუალებით. უფრო ზუსტი შეფასებისთვის სისხლის ანალიზები ხშირად კომბინირდება შარდის და ნაცხის კვლევასთან.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ინფექციის ახლად გადაცემის შემდეგ სისხლის ტესტი ყოველთვის არ იძლევა ზუსტ შედეგს, რადგან ანტისხეულების წარმოქმნას დრო სჭირდება.
სწორედ ამიტომ, ინფიცირებაზე ეჭვის ან მაღალი რისკის კონტაქტის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ტესტის განმეორებით ჩატარება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კვლევა
რატომარარისზოგჯერმხოლოდსაბაზისო ანალიზებისაკმარისი?
ბევრი ადამიანი წელიწადში ერთხელ იტარებს რამდენიმე ძირითად სისხლის ანალიზს და მიიჩნევს, რომ ამით ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვლევები მნიშვნელოვანია და გვაძლევს ღირებულ ინფორმაციას ორგანიზმის ფუნქციონირების შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება არ იყოს საკმარისი ჯანმრთელობის სრულყოფილი პრევენციული შეფასებისთვის.
მაგალითად:
- სისხლის ანალიზები ვერ აფასებს გულის რიტმის დარღვევებს
- ლაბორატორიული პარამეტრები არ გვაძლევს შინაგანი ორგანოების ვიზუალური შეფასების შესაძლებლობას
- ვერ ავლენს სრულად ცხოვრების წესთან დაკავშირებულ ზოგიერთ უსიმპტომო რისკ-ფაქტორს
- ლაბორატორიული კვლევები ვერ ჩაანაცვლებს ექიმის კლინიკურ შეფასებასა და პროფესიულ ინტერპრეტაციას
ჯანმრთელობისმდგომარეობის სრულყოფილი შესწავლისტვის ხშირად ლაბორატორიულ პროფილურ კვლევებტან ერტად აუცილებელია ინსტრუმენტული და ფიზიკური გამოკვლევის კომბინირება.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
რესურსები
https://www.healthline.com/health/blood-tests
https://labs.selfdecode.com/blog/10-essential-blood-tests/
https://www.personalabs.com/blog/10-essential-annual-blood-tests/

















