Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ჰაშიმოტოს (აუტოიმუნური) თირეოიდიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

აუტოიმუნური თირეოიდიტი

ცნობილია როგორც ჰაშიმოტოს თერეოიდიტი, ჰაშიმოტოს ჩიყვი, ქრონიკული ლიმფოციტური თირეოიდიტი.

ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებით მიმდინარე აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციისა და აქტივობის დეფიციტს. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ჰიპერთირეოიდიზმი – ჰორმონების სიჭარბე და აქტივობის მომატება.

აუტოიმუნური დაავადება, იმუნური სისტემის მიერ საკუთარი უჯრედებისა და ქსოვილებისკენ მიმართული აუტოაგრესიული პროცესია. ჰაშიმოტოს თირეოიდიტისას წარმოიქმნილი აუტოანტისხეულები ებრძვის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს. ამ პროცესში ჯირკვალი ზიანდება, რის გამოც ფერხდება მისი გამართული მუშაობა და ჰორმონების სინთეზის პროცესი. შედეგად ვითარდება ჰიპოთირეოზი. რადგანაც ფარისებრი ჯირკვალი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების რეგულაციაში, მისი დაზიანების შედეგები აისახება თითქმის ყველა ქსოვილსა და ორგანოში და ვლინდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსით.

ჰაშიმოტოს დაავადება 4-10-ჯერ უფრო ხშირია საშუალო ასაკის ქალებში, თუმცა შემთხვევები ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდა გოგონებშიც. დაავადების განვითარების რიკი მატულობს ოჯახური ანამნეზის ან სხვა აუტოიმუნური დაავადებების არსებობისას (ცელიაკია, მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, შოგრენის დაავადება, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი).

სიმპტომები

ხშირად დაავადება წლების მანძილზე ნელა პროგრესირებს. არსებულ სიმპტომებს სტრესით, ცხოვრების დაძაბული რეჟიმით და სხვა ფაქტორებით ხსნიან, რის გამოც დაავადება ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

დაავადების ნიშნები:

  • საერთო სისუსტე და დაღლილობა
  • აპათია
  • მომატებული მგრძნობელობა სიცივისადმი
  • ძილიანობა
  • წონის მატება
  • კანის სიმშრალე
  • ყაბზობა
  • კუნთების სისუსტე
  • კუნთებისა და მყესების მტივნეულობა
  • არარეგულარული და/ან ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა
  • ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება (ჩიყვი)
  • სახის შეშუპება
  • ფრჩხილების მსხვრევადობა
  • თმის ცვენა

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი კონცენტრაცია გავლენას ახდენს გუნებ-განწყობაზე და მენტალურ ფუნქციებზეც:

  • მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები
  • დეპრესია

ხმის ჩახლეჩა, შენელებული მეტყველება – ასევე შეიძლება თან ახლდეს ჰიპოთირეოზს.

ჰიპოთირეოზი ასევე იწვევს:

  • ბრადიკარდიას (გულის რიტმის შენელებას)
  • სუნთქვის გახშირებას
  • არტერიული წნევის ცვლილებებს (აღინიშნება მატების ტენდენცია)
  • ქოლესტერიინის მომატებას სისხლში

მიზეზები

დაავადების საფუძველს წარმოადგენს იმუნური სისტემის მიერ საკუთარი ქსოვილებისადმი გამომუშავებული ანტისხეულები, რომლებიც აზიანებენ სამიზნე უჯრედებს, რაც იწვევს ორგანოს ფუნქციის მოშლას.

აუტოიმუნური დაავადებები მულტიფაქტორულია და მათი განვითარების მექანიზმი უკავშირდება:

  • გენეტიკურ ფაქტორებს (თანდაყოლილი წინასწარგანწყობა)
  • ვირუსულ დაავადებებს (C-ჰეპატიტი), სხვა ინფექციებს
  • გარემოს რადიაციულ ზემოქმედებას
  • იოდის შემცველი მედიკამენტების გვერდით ეფექტებს (მაგ: იოდის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არითმიების სამკურნალოდ)
  • ამ ფაქტორების ურთიერთქმედებას

რისკფაქტორები

  • სქესი – ქალებში უფრო ხშირია
  • ასაკი – საშუალო ასაკში უფრო ხშირია
  • სხვა აუტოიმუნური დაავადებების არსებობა – როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, მგლურა – ზრდის ჰაშიმოტოს თირეოიდიტის განვითარების რისკს
  • გენეტიკა და ოჯახური ანამნეზი – თირეოიდიტის ან სხვა აუტოიმუნური დაავადებების ოჯახური ანამნეზი ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს
  • ორსულობა – იმუნური სისტემის კომპრემეტაცია ორსულობისას, ჰაშიმოტოს დაავადების განვითარების, ან გამწვავების მიზეზი შეიძლება გახდეს.
  • იოდის გაძლიერებული მიღება – კვების რაციონში იოდის სიჭარბემ, აუტოიმუნური დაავადებებისადმი წინასწარგანწყობილ ადამიანებში შესაძლოა ჰაშიმოტოს დაავადების განვითარებას ხელი შეუწყოს.
  • დასხივება – რადიაციული გარემოს ზეგავლენით შესაძლოა დაავადების ინცირება ან გამწვავება.

გართულებები

ჰაშიმოტოს დაავადებასთან ასოცირებული ჰორმონული დისბალანსი მთელ რიგ დაავადებებს აძლევს სათავეს:

  • ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის კომპენსატორული ხასიათის გადიდებაა, გამოწვეულია ფარისებრი ჰორმონების პროდუქციის შემცირებით. შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი კისრის წინა ზედაპირზე ყლაპვის ან სუნთქვის დროს.
  • კარდიალური ჩივილები – ჰიპოთირეოიდიზმი ხშირად იწვევს გულის ფუნქციონირების, რითმის დარღვევას. ასევე შირად აღინიშნება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) მატებაც, რაც კარდიოვასკულური დაავადებების რისკფაქტორს წარმოადგენს. არტერიული ჰიპერტენზია.
  • მენტალური ჯანმრთელობის დარღვევევბი – როგორიცაა მაგალითად დეპრესია, ჰაშიმოტოს დაავადების მიმდინარეობასთან ერთად მძიმდება.
  • რეპროდუქციული დისფუნქცია – ქალებში ჰიპოთირეოზი ლიბიდოს დაქვეითების, ოვულაციის და მენსტრუალური ციკლის დარღვევების მიზეზი შეიძლება გახდეს. მამაკაცებში ასევე ქვეითდება ლიბიდო, აღინიშნება ერექციული დისფუნქცია და სპერმატოციტების რაოდენობის დაქვეითება.
  • გართულებული ორსულობა – ჰიპოთირეოზი ორსულებში შესაძლოა დასრულდეს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტით, ან ნაადრევი მშობიარობით. გარდა ამისა, დედის არანამკურნალები ჰიპოთირეოზი, ბავშვის ინტელექტუალური განვითარების სხვადასხვა სახის დარღვევეის მიზეზი შესაძლოა გახდეს (აუტიზმი, მენტალური განვითარების, მეტყველების, შეფერხება და სხვა).
  • მიქსედემა – არანამკურნალები ჰიპოთირეოზის შედეგად განვითარებული იშვიათი მდგომარეობაა. ახასიათებს ძილიანობა, ცნობიერების ცვლილებები. შესაძლოა მიქსედემური კომის განვითარება სიცივის, სედატიური მედიკამენტების, ინფექციის და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით. იქსედემა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკური, ანამნეზური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების მონაცემებს.

ლაბორატორიული კვლევებიდან სადიაგნოსტიკო მინიმუმს წარმოადგენს: თიროქსინის -T4, ტრიიოდთირონინის- T3, თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის – TSH; ასევე თირეოპეროქსიდაზას მიმართ ანტისხეულების anti-TPO კვლევა.

TSH – თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი – ჰიპოფიზის ჰორმონია, რომელიც უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით, რეაგირებს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალ კონცენტრაციაზე და TSH გაძლიერებული გამოყოფის გზით ასტიმულირებს ჯირკვლის ფუნქციონირებას. სისხლში TSH-ის მაღალი კონცენტრაცია ჰიპოთირეოზე მიუთიტებს და პირიქით.

T4 – თიროქსინი – ფარისებრი ჯირკვლის ერთერთი ძირითადი ჰორმონია. მისი დაქვეითება აღინიშნება ჰიპოთირეოზის დროს და იწვევს TSH კონცენტრაციის მომატებას.

ბუნებრივად წარმოებული თიროქსინი გარდაიქმნება ფარისებრი ჯირკვლის კიდევ ერთ ჰორმონად – T3 – ტრიიოდთირონინად.

ანტისხეულების ტესტი

ჰაშიმოტოს დაავადების დროს იმუნური სისტემა აქტიურად გამოიმუშავებს ანტისხეულებს თირეოპეროქსიდაზას მიმართ (TPO). ეს არის ფერმენტი, რომელიც განაპირობებს თირეოიდულ გლობულინთან (ცილა) იოდის ბმას და აქტიურად მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ფორმირებაში. ადამიანთა უმეტესობას ჰაშიმოტოს დაავადებით, აღენიშნება ანტი-TPO ანტისხეულების მაღალი ტიტრი.

ასევე შესაძლოა განვითარდეს ანტისხეულები თირეოიდული გლობულინის მიმართ (anti-TG), რაც ასევე მნიშვნელოვანი მარკერია აუტოიმუნური თირეოიდიტების დიაგნოსტიკაში.

კვლევის შედეგები

ჰაშიმოტოს დაავადებაზე ეჭვის არსებობისას, თუ ანტისხეულები არ ფიქსირდება, საჭირო ხდება ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება, რომლითაც ზუსტდება ჯირკვლის ზომები და ასევე სხვა მიზეზები, რაც შეიძლება იწვევდეს ფარისებრი ჯირკვლის ზმოაში მატებას და კლინიკურ გამოვლინებებს – კვანძები, ჩანართები და სხვა.

თირეოპეროქსიდაზას ან თირეოგლობულინის მიმართ ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი, აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოზს ადასტურებს. ანტისხეულების მაღალი ტიტრი, მწვავე პროცესის ინდიკატორია.

მკურნალობა

ჰაშიმოტოს ჩიყვთან ასოცირებული ჰიპოთირეოზის მკურნალობა T4 ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპიასთანაა დაკავშირებული. მკურნალობის დოზირების და ტაქტიკის შესახებ გადაწყვეტილებას, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით იღებს სპეციალისტი.

მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის აუცილებელია დინამიკაში ლაბორატორიული კონტროლი.

როდის მივმართოთ ექიმს?

  • თუ ხანგრძლივი დროის მანძილზე გაქვთ სისუსტე და დაღლილობა, რომელსაც სხვა მიზეზებით ვერ ხსნით
  • ხართ ძლიანი
  • გიჭირდთ ორიენტირება და გაქვთ მეხსიერების პრობლემები
  • გაქვთ წონის აუხსნელი მატება
  • სახის შეშუპება
  • ფრჩხილების მტვრევადობა და თმის ცვენა
  • დეპრესიული გუნებ-განწყობა
  • გულის რითმის ცვლილებები
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • შეკრულობა
  • კუნთების სისუსტე და მტკივნეულობა

ზემოაღნიშნული ჩივილების გამოვლენამდე დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება რაც დაავადების ადრეული გამოვლენის, დროული მკურნალობის და უკეთესი შედეგის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ზემოაღნიშნული ჩივილების გამოვლენამდე დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.  მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება რაც დაავადების ადრეული გამოვლენის, დროული მკურნალობის და უკეთესი შედეგის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

 ფარისებრი ჯირკვლის  ფუნქციების  მონიტორინგისთვის, ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ  პროფილურ კვლევებს: 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

 

 

რესურსები

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hashimotos-disease/symptoms-causes/syc-20351855

https://www.niddk.nih.gov/health-information/endocrine-diseases/hashimotos-disease

https://www.webmd.com/women/guide/low-thyroid-symptoms

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button