Search
Close this search box.

რევმატოიდული ართრიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რევმატოიდული ართრიტი მულტიფაქტორული, აუტოიმუნური დაავადებაა უპრატესად სახსრების დაზიანებით მიმდინარე; თუმცა  ვლინდება  კანის, სისხლძარღვების, ფილტვების და სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანებებიც.

დაავადების აუტოიმუნური ბუნება იწვევს იმუნურ ანთებით რეაქციებს ქსოვილებში და შედეგად ქრონიკულ ანთებით და დეგენერაციულ პროცესებს.

დაავადების სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ

სეროპოზიტიური, სერონეგატიური და იუვენილური რევმატოიდული ართრიტი

სეროპოზიტიური რევმატოიდული ართრიტის  დროს  სისხლის შრატში აღმოჩნდება სპეციფიკური ცილა ე.წ რევმატოიდული ფაქტორი, ან საკუთარი შემაერთებელი ქსოვილის მიმართ განვითარებული აუტო ანტისხეულები (ანტი-CCP). რევმატოიდული ართრიტის შემთხვევათა თითქმის 80% სეროპოზიტიურია.

სერონეგატიური რევმატოიდული ართრიტის დროს სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორი ან აუტოანტისხეულები არ აღმოჩნდება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა ხშირად არანაკლებ აგრესიულია. დიაგნოსტიკა ეფუძნება დამატებითი ლაბორატორიული კვლევების, რენტგენოლოგიურ და კლინიკურ მონაცემებს.

იუვენილური (იდიოპათიური) რევმატოიდული ართრიტი ბავშვთა ასაკის ართრიტების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.  სიმპტომები შესაძლოა იყოს დროებითი ან გაგრძელდეს სიცოცხლის ბოლომდე. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ზეგავლენას ახდენს ფიზიკური განვითარების ხარისხზე.

 

სიმპტომები

რევმატოიდული ართრიტის პირველი სიმპტომები ვლინდება მცირე კალიბრის სახსრების – ტერფის და მტევნის  ნებ-ფალანგის და ფალანგთაშორისი  სახსრების დაზიანებით. სახსრები შეშუპებულია, შეწითლებული, მოძრაობა შეზღუდულია. სიმპტომები შესაძლოა პერიოდულად შემცირდეს (რემისიის ფაზა)და შემდგომ კვლავ განვითარდეს (რეციდივის ფაზა).

დაავადების პროგრესირებასთან ერთად დაზიანებები ვრცელდება უფრო დიდი კალიბრის სახსრებზე: მაჯის, იდაყვის, კოჭ-წვივის, მუხლის და ზოგჯერ მხრის და მენჯ-ბარძაყის სახსრებზეც. დაავადებას რეციდიულ-რემისიული, პროგრესირებადი ხასიათი აქვს და საბოლოოდ იწვევს დაზიანებული სახსრების შეუქცევად დეფორმაციას და ინვალიდობას.

დაავადებულთა თითქმის ნახევარს სახსრების გარდა უზიანდება:

კანი

თვალები

ფილტვები

გული

თირკმელები

სანერწყვე ჯირკვლები

ნერვული ბოჭკოები

ძვლის ტვინი

სისხლძარღვები

 

 

დიაგნოსტიკა:

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი ისმება კლინიკური, ინსტურმენტული და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე.

ლაბორატორიული ტესტებიდან ინფორმატიულია:

  1. სისხლის საერთო ანალიზი – ინფორმაციას იძლევა ანთების პროცესის შესახებ. გარდა ამისა, სისხლის სხვადასხვა უჯრედების თანაფარდობის შეფასება სრული სურათი ზოგადი მდგომარეობის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს.
  2. ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს) – ინფორმაციას იძლევა ანტებითი პროცესის არსებობაზე. მწვავე ანთებითი პროცესის დროს ერითროციტები ეწებება ერთმანეთს, წარმოქმნილი კონგლომეტრატები ადვილად ილექება. ედს-ი შესაძლოა მომატებული იყოს ქრონიკული ანთებითი პროცესის დროსაც.  ედს-ის იზოლირებული განსაზღვრა არ იძლევა სკმარის ინფორმაციას რევმატოიდული ართრიტის შესახებ. ინფორმატიულია სხვა ტესტებთან კომბინაციაში.
  3. C რეაქტიული ცილის განსაზღვრა (CRP) – ეს ცილა ღვიძლში წარმოიქმნება და ინფექციური პროცსის დროს  ეხმარება იმუნურ სისტემას ინფექციურ აგენტთან ბრძოლაში. ამის შედეგია ანთების განვითარება.  აუტოიმუნურ პროცესსაც შეუძლია გამოიწვიოს C რეაქტიული ცილის ტიტრის მომატება სისხლში.   ედს-ის მსგავსად, იზოლირებულად  C რეაქტიული ცილის განსაზღვრა რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკაში არაეფექტურია, თუმცა ლაბორატორიული კვლევების სრულ პანელში გვაძლევს მონაცემებს ანთებითი პროცესის მიმდინარეობაზე და იმუნურ სტატუსზე.

 

  1. რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა (RF) – რევმატოიდული ფაქტორები იმუნური პროტეინებია, რომლებიც ზოგჯერ, საკუთარ ქსოვილზე ავლენენ აუტოაგრესიას. ამ ცილების რაოდენობრივი განსაზღვრა წარმოდგენას გვაძლევს აუტოიმუნური პროცესის სიმწვავეზე. რფ-ის მარალი ტიტრი ხშირად მიუთითებს რევმატოიდული ართრიტის ან შოგრენის დაავადების არსებობაზე, ისევე როგორც სხვა აუტოიმუნურ პროცესებზე.
  2. ANA პანელი – ანტინუკლეარული ანტისხეულები უჯრედის ბირთვული ცილების მიმართ განვითარებული იმუნოგლობულინებია, რომლებიც აუტოიმუნური დაავადებების და მათ შორის რევმატოიდული ართრიტის მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მარკერია. ANA პოზიტიურ შემთხვევებში, პაციენტს უტარდება ANA-ს ქვეკლასების დეტალური კვლევა
  3. ENA პანელი –SS-A, SS-B, RNP, SM, SCL-70, JO-1.
  4. სხვა კვლევები: ფიზიკალური გასინჯვა. ინსტრუმენტული კვლევები: რენტგენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა.

 

 

ANA-პანელი

სისხლში ANA-ს გამოვლენა/განსაზღვრა არის საუკეთესო სკრინინგ ტესტი შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის. ასეთ პაციენტებში ANA-ს პრევალენტობა 20-დან 100%-მდეა.

რევმატული დაავადებების იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია ANA ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ანტისხეულის გარჩევა. ამჟამად აღწერილია ანტნუკლეარული ანტისხეულების ორი ძირითადი კატეგორია:

  1. აუტოანტისხეულები, რომელთა სამიზნეა – დნმ და ჰისტონები.
  2. აუტოანტისხეულები, რომელთა სამიზნეა – ხსნადი ბირთვული ანტიგენები.

ანტინუკლეარული ანტისხეულების სამიზნე ანტიგენები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ამიტომ ზოგადი ანტინუკლეარული ანტისხეულების შესწავლისას დადებითი შედეგის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია გამოკვლეულ იქნას სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებიც დაგვეხმარებიან კონკრეტული აუტოიმუნური დაავადების დიაგნოსტირებაში.

ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიპები:

  • ანტი-Ro52 ანტისხეულები – არასპეციფიკურია და გვხვდება როგორც რევმატიულ ასევე არარევმატიულ დაავადებებში. ხშირად დამახასიათებელია შოგრენის სინდრომისთვის.
  • ანტი-PM-Scl ანტისხეულები – სამიზნე: ცილოვანი კომპლექსი, რომელიც მონაწილეობს რიბოსომის სინთეზში. დამახასიათებელია სისტემური სკლეროდერმის პოლიომიოზიტით/დერმატომიოზიტით გართულებული ფორმისთვის.
  • ანტი-CENP In ანტისხეულები – სამიზნე: ცილა, რომელიც მონაწილეობს უჯრედის გაყოფაში. CENP B წარმოადგენს სეროლოგიურ მარკერს CREST სინდრომისთვის (პროგრესირებადი სისტემური სკლეროდერმას ქვეტიპი).
  • PCNA ანტისხეულები – სამიზნე: ცილა, რომელიც მონაწილეობს დნმ-ის გაორმაგებისა და აღდგენის პროცესსა და უჯრედული ციკლის რეგულაციაში. იგი გვხვდება სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტების 3%ში.
  • ორმაგჯაჭვიანი დნმის საწინააღმდეგო ანტისხეულები – წარმოადგენს სისტემური წითელი მგლურას დიაგნოსტიკურ მარკერს, გამოირჩევა მაღალი სპეციფიურობით (გვხვდება წითელი მგლურას მქონე პაციენტების 30-90%-ში). ის ასევე გამოიყენება დაავადების კლინიკური აქტივობის მონიტორინგისათვის. მცირე პროცენტით შეიძლება შეგვხვდეს წამლით ინდუცირებული წითელი მგლურას, რეუმატოიდული ართრიტისა და სკლეროდერმას შემთხვევაში.
  • ანტინუკლეოსომური ანტისხეულები – მათი აღმოჩენა შესაძლებელია სისტემური წითელი მგლურას დროს, ორმაგჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე ადრე.
  • ანტიჰისტონური ანტისხეულები – სამიზნე: ჰისტონები. გვხვდება წამლით ინდუცირებული სისტემური წითელი მგლურას შემთხვევათა 95%-ში.
  • რიბოსომული P-პროტეინის საწინააღმდეგო ანტისხეულები – წარმოადგენს ნეიროლუპუსის (წითელი მგლურათი გამოწვეული ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება) მარკერს.
  • ანტიმიტოქონდრიული AMA M2 ანტისხეულები – სამიზნე: ფერმენტი პირუვატ დეჰიდროგენაზა. მისი მომატებული ტიტრი ადასტურებს პირველადი ბილიარული ციროზის დიაგნოზს. აქვს პროგნოზული მნიშვნელობა ბილიარული სტაზის ნიშნების მქონე პაციენტებში და მიუთითებს ბილიარული ციროზის განვითარების რისკზე.
  • ანტი-DFS70-ანტისხეულები – დაკავშირებულია ატოპიურ დერმატიტთან და პროსტატის კიბოსთან. მისი ყველაზე მაღალი პრევალენტობა დასტურდება პაციენტებში Vogt-Harada-ს სინდრომით (66.7%), აუტოიმუნური თირეოიდიტითა (55%) და ატოპიური დერმატიტით (30%).

 

 

 

ENA-პანელი

რევმატოიდული დაავადებების სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტია ENA პანელი, რომელიც იკვლევს ბირთვული ექსტრაქტირებადი ცილების მიმართ წარმოქმნილ აუტოანტისხეულებს:

ანტი-SS-A

ანტი-SS-B

ანტი-RNP

ანტი-SM

ანტი-SCL-70

ანტი-JO-1

 

ანტი-SS-A  –  ყველაზე ხშირად აღმოჩენადი ENA ანტისხეულია. ასოცირდება სისტემურ წითელ მგლურასთან, მის ქვემწვავე სუბკუტანეურ მიმდინარეობასთან, ახალშობილთა მგლურასთან და ა.შ.

ანტი-SS-B  –  აუტოიმუნური შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების ტიპური მარკერია. გვხვდება შოგრენის დაავადების, სკლეროდერმიის, მიოზიტის, სისტემური წითელი მგლურას დროს.

ანტი-RNP   –    რიბონუკლეოპროტეინების მიმართ აუტოანტისხეულები. სისტემური წითელი მგლურით დაავადებულთა თიტქმის 45%-ში გვხვდება, თუმცა, ახასიათებს სხვა შემაერთებელქსოვილოვან დაავადებებსაც: შოგრენის სინდრომს, სკლეროდერმიას და პოლიმიოზიტს.

ანტი-SM  –    სმიტის აუტოანტისხეულები წარმოიქმნება ბირთვული მცირე ზომის რიბონუკლეოპროტეინის – სმიტის მიმართ, რომელიც შედგება B, B1,D,E,G ცილოვანი სუბერთეულებისგან. სმიტის აუტოანტისხეულები ტიპურია სისტემური წითელი მგლურასთვის და დაავადებულთა 30%-ში გვხვდება.

ანტი-SCL-70  –    აუტოანტისხეულები გვხვდება სისტემური სკლეროდერმიით დაავადებულთა 20%-ში და ხშირად ცუდ კლინიკურ პროგნოზზე მიუთიტებს.

ანტი-JO-1  –   მიოზიტისთვის დამახასიათებელი აუტოანტისხეულია, რომელიც გვხვდება იდიოპათიური ანთებითი მიოპათიებით პაციენტებში. ეს ანტისხეულები მიმართულია ჰისტიდილ-სატრანსპორტო რნმ-ის სინტეტაზას წინააღმდეგ და აინჰიბირებს, ჰისტიდილის მიმაგრებას სატრანსპორტო რნმ-თან ცილის სინთეზისას. მასთან ასოცირებულია ხშირად  პოლიმიოზიტის და დერმატომიოზიტის  ფილტვის დაზიანებით მიმდინარე ფორმა. ანტი-JO-1 ანტისხეულების ტიტრი პირაპირ კონტექსტშია დაავადების აქტივობასთან.

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე?

  •  შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნურ სისტემურ დაავადებაზე (კოლაგენოზზე) ეჭვის დროს
  • ისეთი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და აქტივობის შესაფასებლად როგორებიცაა სისტემური წითელი მგლურა, პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი, შოგრენის სინდრომი, პოლიმიოზიტი/დერმატომიოზიტი.

 

 

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

 

ტესტის შედეგებზე გავლენას არ ახდენს საკვები, წყალი და სხვა პროდუქტები.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი ადასტურებს სპეციფიკური ანტისხეულების არსებობას.

სუსტი სიგნალი მიუთითებს, რომ აუტოანტისხეულების არსებობა გაურკვეველი და საეჭვოა. პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე, ტესტი შეიძლება განმეორდეს ყოველ 1-2 თვეში.

უარყოფითი შედეგი მიუთითებს სპეციფიკური აუტოანტისხეულების არარსებობაზე.

 

 

ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკურ ტესტებს და  პანელებს:

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

 

რესურსები:

https://www.mdpi.com/2073-4409/10/11/2857

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/rheumatoid-arthritis/symptoms-causes/syc-20353648

https://www.healthline.com/health/types-rheumatoid-arthritis

https://rheuminfo.com/common-tests/extractable-nuclear-antigen-ena-panel/

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button