Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ქოლეცისტიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებაა. ნაღვლის ბუშტი ღრუ, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მუცლის ზედა მარკვენა მიდამოშია (მარჯვენა ფერდქვეშა არეში) განლაგებული და წარმოადგენს ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღვლის წვენის რეზერვუარს. ნაღვლის ბუშტის შეკუმშვა უზრუნველყოფს ნაღვლის წვენის გადასვლას თორმეტ-გოჯა ნაწლავში, ცხიმიანი საკვების მიღების საპასუხოდ. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ინფექცია, ან კენჭებით დახშობა აფერხებს ნაღვლის წვენის მოძრაობას და იწვევს ანთებას, შეშუპებას და ტკივილს ბუშტის მიდამოში.

 

ქოლეცისტიტის ფორმები:

  • მწვავე
  • ქრონიკული
  • კალკულოზური (კენჭოვანი დაავადებით გამოწვეული)
  • აკალკულოზური (ანთებითი პროცესი არ უკავშირდება კენჭოვან დაავადებას)

ნაღვლის კენჭოვანი დაავადება შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ქოლეცისტიტის განვითარების მიზეზი. კალკულოზური ქოლეცისტიტი საკმაოდ ხშირი დაავადებაა. ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აღენიშნება დედამიწის პოპულაციის თითქმის 15%-ს.

 

სიმპტომები

მწვავე ქოლეცისტიტის სიმპტომები:

  • ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში (მუცლის მარჯვენა, ზედა ნაწილი), ირადიაციით ზურგის და მარჯვენა ბეჭის მიმართულებით. ტკივილი შესაძლოა იყოს მძაფრი, ყრუ ან სპაზმური ხასიათის. უარესდება ღრმა სუნთქვისას. ზოგჯერ გულის შეტევითი ტკივილის იმიტაციასაც იძლევა.
  • გულისრევა და ღებინება ნაღვლის ბუშტის შეტევის თანმხლები სიმპტომებია. ხანდაზმულებში შესაძლოა ნაკლებად იყოს  გამოხატული.
  • ცხელება – მწვავე ქოლეცისტიტის შემთხვევათა მესამედში შესაძლოა 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა განვითარდეს. ტემპერატურული რეაქცია ანთებითი პროცესის პროპორციულია.

დამატებითი სიმპტომები:

  • მუცლის შებერვა და მგრძნობელობა შეხებისას
  • მუცლის მარჯვენა მაწილის კუნთების რიგიდობა
  • საერთო სისუსტე, განსაკუთრებით ხანდაზმულებში

ქრონიკული ქოლეცისტიტის სიმპტომები ნაკლები ინტენსივობითაა გამოხატული და პერიოდულობით ხასიათდება. მდგომარეობის გამწვავება მიმდინარეობს ნაღვლოვანი კოლიკით – მუცლის მწვავე ტკივილითა და ღებინებით, რაც ცხიმიანი საკვების მირებას უკავშირდება.

 

მიზეზები

ქოლეცისტიტის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი ნაღვლკენჭოვანი დაავადებაა. კენჭები ბლოკავს ნაღვლის სადინარს და აფერხებს ნაღვლის დინებას. ნაღვლის ბუშტის კენჭები როგორც წესი ნაღვლის ნალექისგან წარმოიქმნება, მდებარეობს უპირატესად ბუშტის ფსკერზე, თუმცა ნაღვლის ბუშტის შეკუმშვისას ხშირად გადაადგილდება სადინრისაკენ, რაც სადინრის გაჭედვის და დახშობის მიზეზი ხდება. ეს იწვევს მწვავე ქოლეცისტიტს. მოძრავი კენჭი იწვევს სადინრის პერიოდულ  ობსტრუქციას, ნაღვლის ნაკადის შეფერხებას, ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას და ქრონიკული ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებას.

გარდა კენჭით დახშობისა, ობსტრუქციული ქოლეცისტიტის სხვა მიზეზებიც არსებობს:

  • ბილიარული სტრიქტურები (ნაწიბურები), რომლებიც ქრონიკული ანთების შედეგია, თანდათანობით ავიწროებს სადინრის სანათურს და აფერხებს ნაღვლის დინებას.
  • ბილიარული დისკინეზია – ნაღვლის ბუშტის კუმშვადობის უნარის დაქვეითება, რაც მისი კუნთოვანი შრის დაზიანების შედეგია და იწვევს ნაღვლის შეგუბებას ბუშტში.
  • ბილიარული სტაზი – ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, ან ხანგრძლივი პარენტერული კვების შედეგად ვითარდება, როდესაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არ ხდება საკვების მოხვედრა, რაც რეფლექსურად უზრუნველყოფს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას და ნაღვლის დინებას.
  • სიმსივნეები – ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე სადინრების სიმსივნურმა პროცესმა შესაძლოა შეაფერხოს ნაღვლის დინება და გამოიწვიოს ქოლეცისტიტი.

ეს მდგომარეობები როგორც წესი დროში გახანგრძლივებულია და იწვევს ქრონიკულ ანთებას, თუმცა ქრონიკული პროცესის სწრაფმა პროგრესირებამ შესაძლოა მდგომარეობა გაამწვავოს.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ქოლეცისტიტის იშვიათი მიზეზებია:

იშემია – სისხლმომარაგების გაუარესებამ შესაძლოა მწვავე ან ქრონიკული ქოლეცისტიტი გამოიწვიოს. ეს როგორც წესი უკავშირდება მწვავე ტრავმებს, სისხლდანაკარგს ან სისხლძარღვების  ოკლუზიით  (დახშობით) და/ან ანთებით (ვასკულიტები) მიმდინარე დაავადებებს.

ინფექცია – ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინრების ბაქტერიული ინფექციები ხშირად კენჭებით დახშობის გარეშეც ვითარდება, დაქვეითებული იმუნური სისტემის პირობებში.

 

რისკ-ფაქტორები

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება ზრდის ქოლეცისტიტის განვითარების ალბათობას, თუმცა არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც:

  • მდედრობითი სქესი
  • ორსულობა
  • სიმსუქნე
  • დიაბეტი
  • ქოლესტეროლის მაღალი დონე სისხლში
  • წონის სწრაფი კლება
  • ასაკი (40 წლის და ზემოთ ასაკში ქოლეცისტიტის რისკი მატულობს)

ნაღვლის ბუშტის ანთებითმა პროცესმა ბევრად მეტი ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს, ვიდრე უბრალოდ ნაღვლის წვენის დინების შეფერხება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.  მძიმე ანტებითი პროცესი ზოგჯერ ქსოვილების ნეკროზის (კვდომის) მიზეზი ხდება, ვითარდება განგრენული ქოლეცისტიტი, ქსოვილის კედლის მთლიანობის დარღვევა და ნაღვლოვანი პერიტონიტი, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

ასევე, ქრონიკული ქოლეცისტიტის მიმდინარეობისას,  ბუშტში ყალიბდება შეხორცებები, რაც ბუშტის შეკუმშვას და დაცლას აძნელებს და ართულებს მდგომარეობას.

 

გართულებები

  • ღვიძლის, პანკრეასის და სანაღვლე გზების დაზიანებები
  • მონელებითი და შეწოვითი პროცესების დარღვევა წვრილ ნაწლავში
  • ნაღვლის ბუშტის ფიბროზი – ქრონიკული ანთების შედეგად განვითარებული
  • შეშუპების შედეგად ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნეკროზი, რაც განგრენული ქოლეცისტიტის განვითარების რისკს ქმნის.
  • ნაღვლის ბუშტის პერფორაცია და ნაღვლოვანი პერიტონიტი
  • პერიტონიტის გართულება სეპტიცემიით და სეფსისისთ – ინფექციური პროცესის გავრცელებით სისხლის ნაკადში და სხვა ორგანოებში.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ანამნეზური მონაცემების შეგროვებით და პაციენტის ობიექტური გასინჯვით იწყება. პალპაციით მარჯვენა ფერდქვეშა არის მტკივნეულობა,  ღრმა ჩასუნთქვის მდგომარეობაში (მერფის ნიშანი) ქოლეცისტიტის სასარგებლოდ შეიძლება მიუთითებდეს.

 

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერა
  • ენდოსკოპიური ულტრაბგერა
  • მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია

 

მკურნალობა

ქოლეცისტიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, მიმდინარეობაზე და გამომწვევ მიზეზზე. ყველა შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, გართულებების მაღალი რისკის გამო.

 

ქოლეცისტიტის  დიაგნოსტირების და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგისათვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button