Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

უროგენიტალური ქლამიდიოზი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ქლამიდიოზი არის გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია Chlamydia trachomatis-ით. მას შეუძლია გამოიწვიოს ცერვიციტი, ურეთრიტი და პროქტიტი.

ქალებში ამ ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • მენჯის ანთებითი დაავადება
  • მილის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა
  • საშვილოსნოსგარე ორსულობა
  • მენჯის ქრონიკული ტკივილი

ქლამიდიოზის მრავალი შემთხვევის აღრიცხვა რთულია, რადგან ინფიცირებულთა უმეტესობას არ აქვს სიმპტომები და არ მიმართავს ტესტირებას. ქლამიდია ძირითადად გავრცელებულია ახალგაზრდებში (ინფექციების ორი მესამედი გვხვდება 15-24 წლის ახალგაზრდებში).

როგორ ავადდებიან ადამიანები ქლამიდიით?

ქლამიდია ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტით ინფიცირებულ ადამიანთან. სპერმა არ არის აუცილებელი ინფექციის მისაღებად ან გასავრცელებლად.

ინფიცირებულ ორსულებს შეუძლიათ მშობიარობის დროს ბავშვს გადასცენ ქლამიდია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილთა კონიუნქტივიტი ან პნეუმონია. რექტალური ან გენიტალური ინფექცია ახალშობილებში შეიძლება პერსისტირებდეს ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.

ქლამიდიოზით დაავადებულთან სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ქლამიდიოზით დაავადებული, ნამკურნალევი ადამიანი შეიძლება ისევ დაინფიცირდეს.

ვინ არის ქლამიდიოზის განვითარების რისკის ქვეშ?

ქლამიდიოზის განვითარების რისკის ქვეშ არიან სქესობრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირდნენ ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტისას კონდომის გარეშე პარტნიორთან, რომელიც ინფიცირებულია ქლამიდიით.

თინეიჯერ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს შეიძლება ჰქონდეთ საშვილოსნოს ყელის ექტოპია, რამაც შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ქლამიდიური ინფექციის მიმართ.

რისკ ფაქტორები

  • სექსუალურად აქტიური 25 წლამდე ასაკის პირები
  • რამდენიმე სქესობრივი პარტნიორის ყოლა
  • კონდომის არ გამოყენება მუდმივად
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ანამნეზში

ქლამიდიოზის სიმპტომები

ზოგიერთი მოიხსენიებს ქლამიდიას, როგორც “ჩუმ” ინფექციას, რადგან ინფექციით დაავადებულთა უმეტესობას არ აქვს სიმპტომები ან  ფიზიკური გამოკვლევის პათოლოგიური შედეგები. კვლევებით დადგინდა, რომ დადასტურებული ინფექციის მქონე მამაკაცების დაახლოებით 10%-ს და ქალების 5-30%-ს უვითარდება სიმპტომები.

ინფექციის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • მტკივნეული შარდვა
  • ვაგინალური გამონადენი ქალებში
  • პენისიდან გამონადენი მამაკაცებში
  • მტკივნეული სქესობრივი კავშირი ქალებში
  • სისხლდენა მენსტრუაციებს შორის და სექსის შემდეგ ქალებში
  • სათესლე ჯირკვლის ტკივილი მამაკაცებში

ქალებში, ბაქტერიები თავდაპირველად აზიანებენ საშვილოსნოს ყელს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცერვიციტის ნიშნები და სიმპტომები (მაგ. ლორწოვან-ჩირქოვანი ენდოცერვიკალური გამონადენი, ადვილად გამოწვეული ენდოცერვიკალური სისხლდენა). ბაქტერიას ასევე შეუძლია ურეთრის დაინფიცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ურეთრიტი ნიშნები და სიმპტომები (მაგ. პიურია, დიზურია, შარდვის გახშირება). ინფექცია შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოს ყელიდან ზედა რეპროდუქციულ ტრაქტში (ანუ საშვილოსნოსა და ფალოპის მილებში) და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება (PID), რომელიც შეიძლება იყოს ასიმპტომური („სუბკლინიკური PID“) ან მწვავე, მუცლის და/ან მენჯის ტკივილის ტიპური სიმპტომებით. გამოკვლევის დროს შესაძლოა გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის მოძრაობის და საშვილოსნოს მომატებული მგრძნობელობის ნიშნები.

სიმპტომების მქონე მამაკაცებს, როგორც წესი, აქვთ ურეთრიტი, ლორწოვანი ან წყლიანი ურეთრალური გამონადენი და დიზურია. ზოგიერთ მამაკაცს უვითარდება ეპიდიდიმიტი (სიმპტომური ურეთრიტით ან მის გარეშე) სათესლე ჯირკვლის ცალმხრივი ტკივილით, მომატებული მგრძნობელობით და შეშუპებით.

ქლამიდიას შეუძლია დააინფიციროს სწორი ნაწლავი მამაკაცებსა და ქალებში.  ეს შეიძლება მოხდეს პირდაპირ – ანალური სქესობრივი კონტაქტისას, ან ქალებში საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან გავრცელების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციები ხშირად სიმპტომურად არ ვლინდება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პროქტიტის სიმპტომები (მაგ. რექტალური ტკივილი, გამონადენი და /ან სისხლდენა).

კონიუნქტივიტი შეიძლება განვითარდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ინფიცირებულ გენიტალურ სეკრეტთან კონტაქტის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ქლამიდია ასევე შეიძლება გავრცელდეს ყელში ორალური სქესობრივი კონტაქტისას, ჩვეულებრივ, ამ დროს სიმპტომები არ ვლინდება.

ქლამიდიოზის გართულებები

პირველადი დაზიანება, რომელსაც ქლამიდია იწვევს, ხშირად შეუმჩნეველია. თუმცა, ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგებით.

თუ ქალი არ იმკურნალებს, ქლამიდია შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოში ან ფალოპის მილებში და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება (PID). სიმპტომური PID გვხვდება იმ ქალების დაახლოებით 10-15%-ში, რომლებიც არ იღებენ მკურნალობას. როგორც მწვავე, ასევე სუბკლინიკურმა PID-მა შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილების, საშვილოსნოს და მიმდებარე ქსოვილების დაზიანება. დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ქრონიკული ტკივილი, მილის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა და პოტენციურად ფატალური საშვილოსნოსგარე ორსულობა.

PID-ის მქონე ზოგიერთ პაციენტს უვითარდება პერიჰეპატიტი, ან “ფიც-ჰიუ-კურტისის სინდრომი”. ეს სინდრომი მოიცავს ღვიძლის კაფსულის და მიმდებარე პერიტონეუმის ანთებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატის ტკივილი.

ორსულებში არანამკურნალევმა ქლამიდიამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილთა ოფთალმია (კონიუნქტივიტი) და ახალშობილთა პნეუმონია.

მამაკაცებსა და ქალებში ინფექციის შემდეგ სიმპტომებით ან მის გარეშე შეიძლება განვითარდეს რეაქტიული ართრიტი.

არანამკურნალევმა ქლამიდიამ შეიძლება გაზარდოს ადამიანის მიერ აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) მიღების ან გადაცემის შანსები.

როგორ მოქმედებს ქლამიდია ორსულზე და მის ბავშვზე?

ახალშობილებში არანამკურნალევმა ქლამიდიამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ნაადრევი მშობიარობა
  • ახალშობილთა ოფთალმია (კონიუნქტივიტი)
  • ახალშობილთა პნეუმონია

ორსულებში ქლამიდიის სკრინინგი და მკურნალობა ჩვილებში დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. პირველი პრენატალური ვიზიტის დროს და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში მიზანშეწონილია სკრინინგი:

  • 25 წლამდე ყველა ორსულში
  • 25 წელზე უფროსი ასაკის ყველა ორსულში, რომელიც იმყოფება ქლამიდიის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ (მაგ., ვისაც ჰყავს ახალი ან ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი).

ვის სჭირდება ტესტი ქლამიდიაზე?

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს შემდეგი გენიტალური სიმპტომები:

  • გამონადენი
  • წვის შეგრძნება მოშარდვისას
  • უჩვეულო წყლულები, ან გამონაყარი

ნებისმიერს, ვისაც აქვს ორალური, ანალური ან ვაგინალური სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც ახლახანს დაუდგინდა სქესობრივად გადამდები დაავადება.

იმის გამო, რომ ქლამიდიას, როგორც წესი, არ აქვს სიმპტომები, სკრინინგი აუცილებელია ინფექციების უმეტესობის დასადგენად. სკრინინგის პროგრამებს შეუძლიათ შეამცირონ არასასურველი შედეგების სიხშირე ქალებში.

მამაკაცებმა, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი მამაკაცებთან (აივ ინფიცირებულთა ჩათვლით), უნდა ჩაიტარონ უფრო ხშირი სკრინინგი ქლამიდიოზზე – 3-დან 6 თვემდე ინტერვალით, თუ რისკ ფაქტორები შენარჩუნებულია ან თუ მათ ან მათ სექსუალურ პარტნიორებს ჰყავთ მრავალი პარტნიორი.

აივ ინფექციაზე პირველადი ვიზიტის დროს ქლამიდიაზე უნდა შეამოწმდეს ყველა სქესობრივად აქტიური ადამიანი.

ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა

ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა შესაძლებელია Chlamydia Trachomatis-ის დნმ-ის განსაზღვრით პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ-ით):

დიაგნოსტიკისთვის მიზანშეწონილია

  • მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
  • ქალებში უროგენიტალური ნაცხის გამოყენება. შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.

ქლამიდიოზის მკურნალობა

ქლამიდიოზს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით.

უმეტეს შემთხვევაში, ინფექცია ქრება  1-2 კვირაში. ამ დროის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან. თქვენს სექსუალურ პარტნიორს ან პარტნიორებს ასევე სჭირდებათ მკურნალობა, მაშინაც კი, თუ მათ არ აქვთ ნიშნები ან სიმპტომები.

ქლამიდიის არსებობა ან წარსულში მისი მკურნალობა არ გამორიცხავს ქლამიდიოზით განმეორებითი ინფიცირების შესაძლებლობას.

პრევენცია

ქლამიდიური ინფექციის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია:

  • გამოიყენეთ კონდომი ყოველი სქესობრივი კონტაქტის დროს. კონდომი ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს ინფექციის რისკს.
  • შეზღუდეთ თქვენი სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა. რამდენიმე სქესობრივი პარტნიორის ყოლა ქლამიდიოზით და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ გაყენებთ.
  • ჩაიტარეთ რეგულარული სკრინინგი. თუ სქესობრივად აქტიური ხართ, განსაკუთრებით თუ რამდენიმე პარტნიორი გყავთ, მიიღეთ ინფორმაცია ექიმისგან იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა გაიაროთ სკრინინგი ქლამიდიაზე და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.
  • მოერიდეთ ვაგინალურ შხაპს, რომელიც ამცირებს საშოში კარგი ბაქტერიების რაოდენობას, რამაც შეიძლება გაზარდოს ინფექციის რისკი.

თუ ეჭვობთ ქლამიდიოზის არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ ქლამიდია ტრაქომატისით, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი (პრევენციის მიზნით), ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა
 


ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
 

ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !

 

 

 

 

რესურსები

https://www.cdc.gov/std/chlamydia/stdfact-chlamydia-detailed.htm

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chlamydia/symptoms-causes/syc-20355349

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button