ინსულტის ადრეული ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს
ინსულტი მწვავე მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება თავის ტვინის რომელიმე უბანში სისხლის მიწოდება მოშლის ან თავის ტვინში არსებული სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის და სისხლჩაქცევის შედეგად. სისხლის ნაკადის შეწყვეტის ან შემცირების გამო ტვინის უჯრედები ვერ იღებს საკმარის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს, რაც იწვევს თავის ტვინის დაზიანებას და შესაბამისი ფუნქციების მოშლას
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც დროულ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიმპტომების ამოცნობა და სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ტვინის დაზიანებისა და მძიმე გართულებების რისკი.
რა არის ინსულტი?
ინსულტი ვითარდება მაშინ, როდესაც თავის ტვინის რომელიმე უბანს სისხლის მიწოდება ერღვევა ან ტვინის სისხლძარღვი სკდება. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო ტვინის უჯრედები ზიანდება და მათი ფუნქცია ირღვევა.
არსებობს ინსულტის ორი ძირითადი ტიპი:
იშემიური ინსულტი –ვითარდება მაშინ, როდესაც თრომბი ბლოკავს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინის რომელიმე სისხლძარღვში.
ჰემორაგიული ინსულტი –ვითარდება სისხლძარღვის გასკდომისა და თავის ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად.
ინსულტის ნიშნები დამოკიდებულია იმაზე, თუ თავის ტვინის რომელი ნაწილი ზიანდება. ამიტომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სახის ჩამოშვება და მეტყველების დარღვევა, ხოლო სხვას – მხედველობის ცვლილება, თავბრუსხვევა, სისუსტე ან წონასწორობის დარღვევა.
ინსულტის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა ის, რომ მისი სიმპტომები, როგორც წესი, უეცრად იწყება.
ინსულტის ძირითადი გამაფრთხილებელი ნიშნები
ინსულტის ნიშნების სწრაფად ამოცნობაში დაგეხმარებათ მარტივი პრინციპი FAST:
F – Face (სახე): სახის ასიმეტრია
სთხოვეთ ადამიანს გაიღიმოს.
საყურადღებოა:
- პირის კუთხის ჩამოშვება
- სახის ერთი მხარის სისუსტე
- არათანაბარი ღიმილი
- სახის დაბუჟება
A – Arm (ხელი): ხელის სისუსტე
სთხოვეთ ადამიანს ორივე ხელი წინ გაშალოს.
შესაძლო ნიშანია:
- ერთი ხელის ჩამოშვება;
- ხელის აწევის შეუძლებლობა;
- ერთი ხელის აშკარა სისუსტე ან დაბუჟება.
ადამიანმა შეიძლება აღწეროს, რომ ხელი „დამძიმდა“, „არ ემორჩილება“ ან უჭირს ნივთების დაჭერა.
S – Speech (მეტყველება): მეტყველების დარღვევა
სთხოვეთ ადამიანს გაიმეოროს მარტივი წინადადება.
საყურადღებოა:
- გაურკვეველი საუბარი
- სიტყვების მოძებნის გაძნელება
- მიმართული მეტყველების აღქმის პრობლემა
- აზრს მოკლებული პასუხები
T – Time (დრო): იმოქმედეთ დაუყოვნებლივ
თუ რომელიმე სიმპტომი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
ინსულტის განვითარებისას დრო გადამწყვეტია — რაც უფრო სწრაფად დაიწყება მკურნალობა, მით მეტია ტვინის დაზიანების შემცირების შესაძლებლობა.
ინსულტის სხვა მნიშვნელოვანი ნიშნები
- სხეულის ერთი მხარის უეცარი სისუსტე ან დაბუჟება
- ინსულტის დროს ხშირად ზიანდება სხეულის ერთი მხარე.
ადამიანს შეიძლება უეცრად გამოუვლინდეს:
- ხელის ან ფეხის მოძრაობის გამოხატული შეზღუდვა
- სახის, ხელის ან ფეხის დაბუჟება
- მგრძნობელობის დაქვეიტება/დაკარგვა
- ფეხზო დგომის და გადაადგილების უნარის დაკარგვა
მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომები შესაძლოა იყოს როგორც მკვეთრად გამოხატული, ისე მსუბუქი.
მხედველობის უეცარი მოშლა
ინსულტმა შეიძლება გამოიწვიოს:
- მხედველობის დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში
- მხედველობის დაბინდვა
- მხედველობის გაორება
- მხედველობის ველის ნაწილის გამოვარდნა
ზოგჯერ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ პრობლემა თვალის გადაღლას, სათვალეს ან შაკიკს უკავშირდება, თუმცა მხედველობის უეცარი ცვლილება ყოველთვის საჭიროებს შეფასებას.
სიარულის გაძნელება და წონასწორობის დარღვევა
ინსულტის დროს ადამიანს შეიძლება:
- გაუჭირდეს სიარული
- დაეწყოს თავბრუსხვევა
- დაკარგოს წონასწორობა
- ჰქონდეს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ინსულტი, განსაკუთრებით ტვინის უკანა ნაწილების დაზიანებისას, შესაძლოა გამოვლინდეს ძირითადად თავბრუსხვევითა და წონასწორობის პრობლემით, სახის ჩამოშვების ან მეტყველების დარღვევის გარეშე.
ძლიერი თავის ტკივილი უეცარი დასაწყისით
ძლიერი და მოულოდნელი თავის ტკივილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს მსგავსი ტკივილი ადრე არ ჰქონია, შესაძლოა ჰემორაგიული ინსულტის ნიშანი იყოს.
საყურადღებოა, თუ თავის ტკივილს თან ახლავს:
- გულისრევა ან ღებინება
- კისრის დაჭიმულობა
- დაბნეულობა
- სისუსტე
- მხედველობის ცვლილება
- გონების დაკარგვა
BE-FAST — ინსულტის ამოცნობის გაფართოებული მეთოდი
FAST-ის გარდა გამოიყენება BE-FAST, რომელიც დამატებით აფასებს წონასწორობასა და მხედველობას.
B – Balance (წონასწორობა)
უეცარი თავბრუსხვევა, სიარულის გაძნელება, კოორდინაციის დარღვევა.
E – Eyes (თვალები)
მხედველობის უეცარი ცვლილება, ორმაგი ხედვა ან მხედველობის დაკარგვა.
F – Face (სახე)
სახის ჩამოშვება ან ასიმეტრია.
A – Arms (ხელები)
ხელის სისუსტე ან დაბუჟება.
S – Speech (მეტყველება)
მეტყველების დარღვევა ან საუბრის გაგების გაძნელება.
T – Time (დრო)
დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ დახმარებას.
შეიძლება თუ არა სიმპტომები დროებით გაქრეს?
დიახ. ზოგჯერ ინსულტის მსგავსი სიმპტომები რამდენიმე წუთში ან საათში ქრება. ასეთ მდგომარეობას გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA) ეწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები გაქრა, TIA შეიძლება იყოს მომავალი ინსულტის გამაფრთხილებელი ნიშანი და აუცილებლად საჭიროებს ექიმის მიერ შეფასებას.
არ დაელოდოთ სიმპტომების განმეორებას — დროებითი გაუმჯობესება არ ნიშნავს საფრთხის არარსებობას.
რა უნდა გააკეთოთ ინსულტზე ეჭვის არსებობისას?
თუ ადამიანს ინსულტის ნიშნები აქვს:
- დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
- დაიმახსოვრეთ, როდის დაიწყო სიმპტომები ან როდის იყო ადამიანი ბოლოს სრულიად ნორმალურად.
- არ მისცეთ საკვები, სასმელი ან მედიკამენტი ექიმის მითითების გარეშე.
ინსულტის დროს შესაძლოა განვითარდეს ყლაპვის დარღვევა, რაც ზრდის საკვების ან სითხის სასუნთქ გზებში მოხვედრის რისკს.
ინსულტის ძირითადი რისკ-ფაქტორები
ზოგიერთი ფაქტორის შეცვლა შეუძლებელია, როგორიცაა: ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ადრე გადატანილი ინსულტი.
თუმცა რისკების შემცირება შესაძლებელია ინსულტთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვით, როგორებიცაა:
- მაღალი არტერიული წნევა
- არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი
- წინაგულების ფიბრილაცია და გულის რითმის სხვა დარღვევები
- მაღალი ქოლესტერინი
- თამბაქოს მოხმარება
- ჭარბი წონა
- ფიზიკური უმოქმედობა
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სხვა
ინსულტის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის კონტროლი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა.
დასკვნა
ინსულტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო.
თუ უეცრად განვითარდა:
- სახის ასიმეტრია
- ხელის ან ფეხის სისუსტ
- მეტყველების დარღვევა
- მხედველობის ცვლილება
- წონასწორობის დაკარგვა
- ძლიერი უჩვეულო თავის ტკივილი
არ დაელოდოთ სიმპტომების გაქრობას — დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
სწრაფმა რეაგირებამ შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს ადამიანის სიცოცხლესა და შემდგომ გამოჯანმრთელებაზე.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
რესურსები
https://www.webmd.com/stroke/signs-of-stroke
https://www.cdc.gov/stroke/signs-symptoms/index.html
https://www.respiratorytherapyzone.com/stroke-early-warning-signs/

















