ზოგადი ინფორმაცია
პროთრომბინი არის ღვიძლის მიერ სინთეზირებული ცილა და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ნორმალური კოაგულაციისთვის საჭიროა რამდენიმე ტიპის ცილა, რომელთაც კოაგულაციის ფაქტორები ეწოდებათ. კოაგულაციის პროცესში მათ უნდა იმოქმედონ სწორად და საკმარისი რაოდენობით.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
- ვიტამინ K-დამოკიდებული კოაგულაციის ფაქტორების აქტივობის შეფასება.
- ეჭვი კოაგულაციის ფაქტორების თანდაყოლილ ნაკლებობაზე (ჰემოფილია და II, V, VII, X და ფიბრინოგენის ფაქტორების მემკვიდრეობითი ნაკლებობა).
- ანტიკოაგულანტებით მკურნალობის მონიტორინგი (სინტრომი და სხვა).
- ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (მისი ცილის წარმომქმნელი ფუნქციის შეფასება) და მისი დარღვევების გამოვლენა.
- ოპერაციის ან ინვაზიური პროცედურების დაწყებამდე სისხლის შედედების დარღვევების გამორიცხვა.
- ეჭვი DIC სინდრომზე (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის სინდრომი).
- ეჭვი დისფიბრინოგენემიაზე.
- ეჭვი K ვიტამინის დეფიციტზე.
- სისხლდენისკენ მიდრეკილების დროს (გახანგრძლივებული სისხლდენა, ხშირი სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან, სპონტანური ექკიმოზები)
- ვენური თრომბოზი.
- რეკომენდებულია Sars-cov2-ით ინფიცირებისას, თრომბოზის პრევენციის მონიტორინგის მიზნით.
აღნიშნული ტესტები მიზანშეწონილია ჩავიტაროთ:
- ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგრამის ანალიზის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის – 6 თვეში ერთხელ.
- აგრეთვე, SARS-CoV-2-ით ინფიცირებისას, თრომბოზის პრევენციის მიზნით.
კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
პროთრომბინის დრო ძირითადად იზომება წამებში, მაგრამ შეიძლება გამოიხატოს სხვა გზებითაც:
- გაზომილი წამებში: ნორმა ჯანმრთელ პაციენტებში – 10-14 წამი
- გაზომილი პროცენტებში: ნორმალური პროთრომბინის აქტივობა – > 70%.
- გაზომილი INR-ით: ნორმა ჯანმრთელ პაციენტებში – INR 0.8 – 1.2.
- თერაპიული ინტერვალი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორალურ ანტიკოაგულანტულ თერაპიას: INR 2,0 – 3,0 შორის.
PT
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება ნიშნავს სისხლის შედედების შეფერხებას და ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
- ანტიკოაგულანტური თერაპია.
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
- სისხლის შედედების ცილების არასაკმარისი რაოდენობა.
- K ვიტამინის დეფიციტი.
- სხვა კოაგულაციური ფაქტორების დეფიციტი (ფ. II, V, VII ან X).
- DIC სინდრომი.
- სისხლის შედედების ინჰიბიტორების არსებობა.
შემცირებული პროთრომბინის დრო ნიშნავს დაჩქარებულ სისხლის შედედებას და არ აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური მნიშვნელობა. ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
- K ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება.
- K ვიტამინის შემცველი პროდუქტის (მწვანე ჩაი, ღვიძლი, ბროკოლი, სოიო) მიღება დიდი რაოდენობით.
- ესტროგენის შემცველი პრეპარატები ან ჰორმონის შემცვლელი თერაპია.
INR
INR-ს ვაფასებთ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ორალური ანტიკოაგულანტებით და მისი განსაზღვრა ემსახურება დოზისა და დოზების ინტერვალის მონიტორინგს.