ათეროგენობის ინდექსი | ლაბორატორიული კვლევა

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

19.80

ათეროგენობის ინდექსი (კოეფიციენტი) ასახავს ათეროგენული ლიპოპროტეინების (LDL) თანაფარდობას სისხლის პლაზმაში ანტიათეროგენული ლიპოპროტეინების (HDL) შემცველობასთან, ანუ უფრო ზუსტად ასახავს ლიპოპროტეინების ხელსაყრელ და არახელსაყრელ კომბინაციას კორონარული არტერიის დაავადების განვითარების რისკის თვალსაზრისით.

პლაზმის ათეროგენობის ინდექსი (AIP) არის ძლიერი მარკერი ათეროსკლეროზის და გულის კორონარული დაავადების რისკის პროგნოზირებისთვის.

AIP დაკავშირებულია პრე- და ანტი-ათეროგენული ლიპოპროტეინების ნაწილაკების ზომასთან. იგი გამოითვლება შემდეგი ფორმულის მიხედვით – log(TG/HDL-C). ვარაუდობენ, რომ AIP-ის 0.11-ზე ნაკლები მნიშვნელობა ასოცირდება კარდიოვასკულარული დაავადებების (CVD) დაბალ რისკთან; 0.11-დან 0.21-მდე და 0.21-ზე მეტი მნიშვნელობები ასოცირდება, შესაბამისად, შუალედურ და გაზრდილ რისკებთან.

ათეროგენობის ინდექსი კორელირებს CVD-ის სხვა რისკ-ფაქტორებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია დისლიპიდემია, ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ფიზიკური უმოქმედობა, ცუდი დიეტა და მოწევა. მათ შორის, პლაზმის ლიპიდური პროფილი არის CVD-ის ძირითადი რისკ-ფაქტორი.

დისლიპიდემია წარმოადგენს ლიპიდების (ტრიგლიცერიდების (TG), მთლიანი ქოლესტერინის (TC) და მათი გადამტანი ლიპოპროტეინების: HDL-ქოლესტერინი, LDL-ქოლესტერინი, VLDL-ქოლესტერინი) მომატებულ კონცენტრაციას სისხლში. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არსებობს ძლიერი კავშირი CVD-ის სიხშირესა და LDL-C-ის მაღალ დონესა და HDL-C-ის დაბალ დონეს შორის; ამიტომ LDL-C/HDL-C თანაფარდობა ხშირად გამოითვლება გულ-სისხლძარღვთა რისკის შესაფასებლად. მეორეს მხრივ, TG-ის მაღალი დონე დაკავშირებულია LDL-C ნაწილაკების მომატებასთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკთან. ამის საფუძველზე, ათეროგენული დისლიპიდემია, რომელიც განისაზღვრება, როგორც მაღალი LDL-C/HDL-C თანაფარდობა და ჰიპერტრიგლიცერიდემია, დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან.

კვლევებით დადგინდა, რომ ათეროგენობის ინდექსის მატება დაკავშირებულია სხვა გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორებთან; ამიტომ ამ რისკ-ფაქტორების ცვლილება გავლენას ახდენს AIP ინდექსზე – ცხოვრების სტილის შეცვლა, რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი დიეტა თავის მხრივ ხელს უწყობს ათეროგენობის ინდექსის შემცირებას.

AIP უნდა იქნას გამოყენებული, როგორც CVD-ის რეგულარული მონიტორინგის ინდექსი ყოველდღიურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც აქვთ სხვა გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ათეროგენობის ინდექსზე?

  • გულის იშემიური დაავადების რისკის შეფასება;
  • ჰიპერლიპოპროტეინემიის დიაგნოზი;
  • ათეროსკლეროზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადება;
  • ასაკოვნებში;
  • სიმსუქნე;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • დიაბეტი.

ათეროგენობის ინდექსის გამოკვლევა ძირითადად ხდება შემდეგი პარამეტრების გამოკლვევასთან ერთად: საერთო ქოლესეტეროლი, LDL ქოლესტეროლი, VLDL ქოლესტეროლი, HDL ქოლესტეროლი და ტრიგლიცერიდები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ათეროგენობის ინდექსი (LDL-ის და VLDL-ის დონესთან ერთად) შეიძლება გაიზარდოს:

  • მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIa);
  • ჰიპერლიპოპროტეინემია II-B და III;
  • მაღალი ქოლესტერინით და გაჯერებული ცხიმებით მდიდარი დიეტა;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • დიაბეტი;
  • მრავლობითი მიელომა და სხვა დისგამაგლობულინემია;
  • თირკმლების ქრონიკული უკმარისობა;
  • პორფირია;
  • ნერვული ანორექსია;
  • ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ;
  • ორსულობა.

ათეროგენობის ინდექსი (LDL-ის და VLDL-ის დონესთან ერთად) შეიძლება შემცირდეს:  

  • ჰიპობეტალიპოპროტეინემია;
  • ჰიპერთირეოზი;
  • ქრონიკული ანემია;
  • მძიმე ჰეპატოცელულარული დაავადებები;
  • მწვავე სტრესი;
  • სახსრების ანთებითი დაავადებები;
  • ფილტვების ქრონიკული დაავადება.

 

 

 

 

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/lipidniy-obmen/lipoproteids-fractions.html

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4715400/

 

 

5/5 (1 Review)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button