შარდის საერთო ანალიზი & შარდის მიკროსკოპული გამოკვლევა

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

15.00

ზოგადი ინფორმაცია

შარდის საერთო ანალიზი არის ყოვლისმომცველი კვლევა, რომლის დროსაც დგინდება შარდის ზოგადი თვისებები, მისი ფიზიკოქიმიური მახასიათებლები და ტარდება ნალექის მიკროსკოპია.

შარდი არის ბიოლოგიური სითხე, თირკმლების საბოლოო პროდუქტი და ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და ასახავს თირკმლების და სხეულის სხვა ორგანოებისა და სისტემების მდგომარეობას. შარდი 96% წყალია, 4% არის მეტაბოლური პროდუქტები, ელექტროლიტები, მიკროელემენტები, ჰორმონები, მილაკების და საშარდე გზების ლორწოვანი გარსის დესქვამირებული უჯრედები, ლეიკოციტები, მარილები და ლორწო.

ანალიზისას მოწმდება შარდის ფერი, გამჭვირვალობა, ხვედრითი წონა, მჟავიანობის ინდექსი (pH), აგრეთვე ცილის, ნაღვლის პიგმენტების, გლუკოზის, კეტონური სხეულებისა და ჰემოგლობინის არსებობა. გარდა ამისა, ტარდება შარდის ნალექის მიკროსკოპია

შარდის ნალექის მიკროსკოპია

მიკროსკოპული გამოკვლევა ტარდება სუფთა შარდის ნალექზე, გამოყოფიდან მაქსიმუმ 4 საათის შემდეგ.

მიკროსკოპიის მიზანია ლეიკოციტების, ერითროციტების, საშარდე გზების ამომფენი ეპითელური უჯრედების, მარილების, ბაქტერიების, ცილინდრების, სოკოების და სხვა არაორგანული ნივთიერებების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • სხვადასხვა პროფილის პაციენტების მდგომარეობის ყოვლისმომცველი გამოკვლევა და მონიტორინგი შარდის საერთო ანალიზთან ერთად;
  • პრევენციული გამოკვლევა;
  • ოპერაციისთვის მომზადება;
  • შარდსასქესო სისტემის დაავადებების სიმპტომები (შარდის შეფერილობა და სუნი, ხშირი ან იშვიათი შარდვა, შარდის ყოველდღიური მოცულობის გაზრდა ან შემცირება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ტკივილი წელის არეში, ცხელება, შეშუპება);
  • თირკმლის და საშარდე გზების პათოლოგიის მკურნალობის მონიტორინგი (მკურნალობის დროს და მის შემდეგ);
  • ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღება.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

  • არ მიიღოთ დიურეზული (შარდმდენი) მედიკამენტები 48 საათის განმავლობაში
  • არ მიიღოთ ალკოჰოლი, ცხარე, მარილიანი საკვები, საკვები, რომელიც ცვლის შარდის ფერს 12 საათის განმავლობაში.
  • თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან 12 საათის განმავლობაში
  • არ გაიკეთოთ ტესტი მენსტრუაციის დროს და მენსტრუაციის დასრულებიდან 2 დღის განმავლობაში
  • არ გაიკეთოთ ტესტი ცისტოსკოპიის შემდეგ 5-7 დღის განმავლობაში.
  • შარდის შეგროვებამდე ჩაიტარეთ სასქესო ორგანოების ტუალეტი თბილი გამდინარე წყლით

საკვლევი მასალა

დილის შარდის “შუა ნაკადი”

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ლაბორატორიული ტესტების შედეგი არ არის საკმარისი საფუძველი დიაგნოზისთვის. შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ.

შარდის მახასიათებლები (ნორმა):

ფერი: ჩალისფერი ყვითელიდან ყვითლამდე

გამჭვირვალობა: გამჭვირვალე

ხვედრითი წონა: 010 – 1.025

რეაქცია (მჟავიანობის ინდექსი – pH): 0 – 7.0

ცილა: არ ვლინდება

გლუკოზა: არ ვლინდება

კეტონის სხეულები: არ ვლინდება

ბილირუბინი: არ ვლინდება

ურობილინოგენი: არ ვლინდება

ნიტრიტი: არ ვლინდება

ლეიკოციტესთერაზა (ლეიკოციტების სპეციფიკური ცილა): არ ვლინდება

ერითროციტები: არ ვლინდება

ფერი. შარდის ფერი ჩვეულებრივ მერყეობს ჩალისფერი ყვითლიდან ღრმა ყვითლამდე. იგი განისაზღვრება მასში საღებავების – უროქრომების არსებობით, რომელთა კონცენტრაცია ძირითადად განაპირობებს ფერის ინტენსივობას. ძლიერ ყვითელი ფერი ჩვეულებრივ მიუთითებს შარდის შედარებით მაღალ სიმკვრივესა და კონცენტრაციაზე. უფერო ან ფერმკრთალ შარდს აქვს დაბალი სიმკვრივე და გამოიყოფა დიდი რაოდენობით. ჭარხალი და ასპირინი შარდს აძლევს ვარდისფერ-წითელ ფერს, რევანდი შარდს მომწვანო ელფერს ანიჭებს. თუ შარდში სისხლის მინარევებია, ის ხდება გამჭვირვალე და მოწითალო. მუქ ფერს (ჩაის ან ლუდის ფერს) შარდი იძენს ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტი, ციროზი) დროს, ასევე ნაღვლის სადინარების ბლოკირებით (ამ შემთხვევაში შარდს შეიძლება ჰქონდეს მომწვანო ელფერი), მონაცრისფრო-თეთრი ფერი მიუთითებს ჩირქის არსებობაზე.

გამჭვირვალობა. ნორმალური შარდი გამჭვირვალეა. მისაღებია მცირე სიმღვრიე, რაც განპირობებულია ეპითელიუმის და ლორწოს არსებობით. ინტენსიური სიმღვრიე ვლინდება ერითროციტების, ლეიკოციტების, საშარდე გზების ეპითელური უჯრედების, ცხიმოვანი წვეთების, მჟავიანობის და მარილების (ურატების, ფოსფატების, ოქსალატების) შერევის გამო. დიდი ხნის განმავლობაში შენახვისას შარდი შეიძლება დაბინდული გახდეს ბაქტერიების ზრდის შედეგად.

ხვედრითი წონა. ასახავს თირკმლების კონცენტრაციისა და შარდის განზავების უნარს. დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე, საკვების, სითხეების, მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსა და რაოდენობაზე, ფიზიკურ აქტივობასა და ჰაერის ტემპერატურაზე. ზოგიერთ დაავადებაში ეს მაჩვენებელი იზრდება ბაქტერიების, ლეიკოციტების, ერითროციტების არსებობის გამო. შარდის გაზრდილი ხვედრითი წონა შეიძლება მიუთითებდეს შაქრიან დიაბეტზე, საშარდე გზებში ინფექციურ პროცესებზე, ორსულებში კი ტოქსიკოზზე.

შარდის რეაქცია (pH). შარდის მჟავიანობა დიდწილად დამოკიდებულია საკვებზე, წყლის რაოდენობაზე, რომელსაც სვამთ. მაჩვენებელი იზრდება შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადები დროს; მცირდება – ღებინების და შარდის ბუშტისა და შარდსადენის ინფექციური დაავადებების დროს.

გლუკოზა. შარდში გვხვდება შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის დაქვეითებისა და თირკმელების დაავადებების (ნეფრიტი, ამილოიდოზი) დროს.

ცილა. ის შეიძლება აღმოჩნდეს შარდში თირკმელების დაზიანების და გულის უკმარისობის დროს. ცილის რაოდენობა იზრდება ფიზიკური დატვირთვის, უხვი ოფლიანობის და ხანგრძლივი სიარულის დროს.

კეტონური სხეულები. რაოდენობის მატება შეინიშნება მოწინავე შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე მარხვის დროს, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო, ცილოვანი და ცხიმოვანი საკვების ჭარბი მოხმარებით, ორსულ ქალებში ტოქსიკოზის გამო.

ბილირუბინი. მისი გამოვლენა სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მკვეთრ მატებაზე მიუთითებს, ხოლო თირკმლები ასრულებენ მისი მოცილების სამუშაოს. შარდში ჩნდება ღვიძლის პათოლოგიის, სანაღვლე გზების გამტარობის დარღვევის დროს.

ურობილინოგენი. მიიღება ბილირუბინისგან. მატულობს ღვიძლის დაავადებების დროს.

სისხლის წითელი უჯრედები. ისინი ვლინდებიან თირკმლების დაავადებების (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი), შარდსაწვეთის ტრავმის (ყველაზე ხშირად კენჭის გავლისას), შარდის ბუშტისა და შარდსადენის დაავადებების დროს.

ლეიკოციტესთერაზა. ანთებითი დაავადებების დროს ლეიკოციტების რიცხვი საგრძნობლად იზრდება, შესაბამისად მატულობს ლეიკოციტესთერაზას კონცენტრაცია შარდში. თირკმლების, შარდსაწვეთების, შარდის ბუშტის ან ურეთრის ანთების დროს შარდში ჭარბობს ნეიტროფილები, პიელონეფრიტის დროს შარდში ჩნდება ეოზინოფილები, ხოლო აუტოიმუნური დარღვევების დროს ლიმფოციტები.

ნიტრიტი. ბაქტერიების სიცოცხლის განმავლობაში წარმოიქმნება. მათი არსებობა მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე.

 

შარდის მიკროსკოპია:

ერითროციტები. შარდში სისხლის წითელი უჯრედები შეიძლება ხვდებოდეს საშარდე გზების ნებისმიერი ნაწილიდან. ქალებში ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური დაბინძურების შედეგიც. ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიკროსკოპიულად დისმორფული (დეფორმირებული) ერითროციტების არსებობა ( > 30% მიუთითებს ჰემატურიის გლომერულურ წარმოშობაზე.

ლეიკოციტები. მათი მცირე რაოდენობა ნორმალურ შარდშიც გვხვდება. ლეიკოციტების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს ანთებით პროცესზე საშარდე გზებში ან მიმდებარე უბნებში. როდესაც მათი რიცხვი ძალიან მაღალია და აქვს დეგრადირებული გარეგნობა ან ჩნდება ჯგუფურად, ეჭვი ჩნდება საშარდე გზების მწვავე ინფექციაზე. ზოგჯერ, პიურია (ჩირქი შარდში) ასევე გვხვდება ისეთი მწვავე არათირკმლისმიერი მიზეზების გამო, როგორიცაა აპენდიციტი ან პანკრეატიტი. ის ასევე შეიძლება განვითარდეს ისეთ არაინფექციურ პირობებში, როგორებიცაა გლომერულონეფრიტი (მაგ. SLE), თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, დეჰიდრატაცია, სტრესი და შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის ან ურეთრის დაზიანება; ლიმფოციტების და პლაზმური უჯრედების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე უარყოფაზე, ხოლო ეოზინოფილების გაზრდილი რაოდენობა ასოცირდება ტუბულო-ინტერსტიციალურ ნეფრიტთან და პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობასთან .

ეპითელური უჯრედები. შეიძლება წარმოიქმნას უროგენიტალური ტრაქტის ნებისმიერ ნაწილში. ისინი ჩვეულებრივ გვხვდება შარდში მოძველებული უჯრედების ფიზიოლოგიური ჩამოფცქვნის შედეგად. მნიშვნელოვანი ზრდა მიუთითებს ანთებაზე საშარდე გზების მიდამოში, საიდანაც ეს უჯრედები წარმოიქმნება. შეიძლება აღინიშნოს ეპითელური უჯრედების 3 ტიპი:

  • თირკმლის მილაკოვანი ეპითელური უჯრედები ასოცირდებიან პიელონეფრიტთან, მწვავე მილაკოვან ნეკროზთან, სალიცილატებით მოწამვლასთან და თირკმლის ტრანსპლანტაციის უარყოფასთან ასოცირებულ მილაკოვან დაზიანებებზე.
  • გარდამავალი ეპითელური უჯრედები შარდში ხვდებიან მენჯიდან ურეთრის საწყის მონაკვეთამდე არსებული მიდამოდან.
  • ბრტყელი ეპითელური უჯრედები შარდში ხვდებიან ურეთრიდან და საშოდან.

მარილები. მათ უმეტესობას, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს შარდში, აქვს დაბალი კლინიკური მნიშვნელობა, გარდა მეტაბოლური დისბალანსის, ქვების წარმოქმნის ან მედიკამენტური რეგულირების შემთხვევებისა.

ცილინდრები: წარმოიქმნება თირკმლის მილაკების სანათურში. ცილინდრების წარმოშობა ყოველთვის თირკმლისმიერია და თირკმლების დაავადების მაჩვენებელია. ცილინდრები კლასიფიცირებულია მათი შემადგენლობის, გარეგნობისა და უჯრედული კომპონენტების მიხედვით. ცილინდრების სიგანე მიუთითებს თირკმლის მილაკების ზომაზე, რომლებშიც ხდება მათი ფორმირება; თირკმლის შემგროვებელ მილაკებში ყალიბდება დიდი ცილინდრები; მათი არსებობა ჩვეულებრივ მიუთითებს ნეფრონის ფუნქციური შესაძლებლობების შესამჩნევ შემცირებაზე და თირკმელების დაავადების ბოლო სტადიაზე.

  • ჰიალინური ცილინდრები – შეიძლება გამოვლინდეს თირკმელების მსუბუქი დაავადების დროს; მცირე რაოდენობით ისინი შეიძლება იყოს ნორმალურ შარდში და გაზრდილი რაოდენობით ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ან დეჰიდრატაციის დროს.
  • ლეიკოციტური ცილინდრები – ნაკლებად გავრცელებულია და მათი არსებობა მიუთითებს მწვავე პიელონეფრიტზე, ინტერსტიციულ ნეფრიტზე, მგლურას ნეფრიტზე, გლომერულონეფრიტზე.
  • ერითროციტული ცილინდრები – მათი არსებობა ნიშნავს თირკმლისმიერ ჰემატურიას და ყოველთვის პათოლოგიურია. როგორც წესი, გვხვდება შემდეგი დაავადებების დროს: გლომერულონეფრიტი (მწვავე და ქრონიკული), მგლურას ნეფრიტი, გუდპასჩერის სინდრომი, ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, თირკმლის ტრავმა, თირკმლის ინფარქტი, მძიმე პიელონეფრიტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ავთვისებიანი ჰიპერტენზია, თირკმლის ვენების თრომბოზი და კვანძოვანი პერიარტერიტი.
  • მარცვლოვანი ცილინდრები – გვხვდება თირკმლის მძიმე პათოლოგიური პროცესების დროს, მაგრამ შექცევადად შეიძლება შეგვხვდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
  • ეპითელური ცილინდრები – იშვიათად გვხვდება. ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ შარდში ნეფროტოქსინების ან ვირუსების (ციტომეგალოვირუსი, ჰეპატიტის ვირუსები) ზემოქმედების შემდეგ, რომლებიც იწვევენ მილაკოვან ნეკროზს.
  • ცვილისებრი ცილინდრები – გვხვდება თირკმლების მძიმე ქრონიკული უკმარისობის, ავთვისებიანი ჰიპერტენზიის, თირკმლის ამილოიდოზის, დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმლების მწვავე დაავადების, თირკმლის ტრანსპლანტანტის უარყოფის, ანთების და მილაკოვანი დეგენერაციის დროს.
  • ცხიმოვანი ცილინდრები – გვხვდება ნეფროზული სინდრომის, დიაბეტური გლომერულოსკლეროზის, ქრონიკული გლომერულონეფრიტის, წითელი მგლურას და სხვა შემთხვევებში.

ბაქტერიები. გვხვდება ახალ შარდში და თან ახლავს ლეიკოციტების დიდი რაოდენობა. როგორც წესი, მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე.

სოკოები: შეიძლება შარდში აღმოჩნდეს საშარდე გზების ინფექციების დროს, განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში, ასევე კანის ან ვაგინალური დაბინძურების შედეგად. Candida albicans არის ყველაზე გავრცელებული სოკო.

ნივთიერებები და წამლები, რომლებიც ზრდიან დონეს:

ერითროციტები: ანტიკოაგულანტები, ამფოტერიცინი, ასპირინი, ინდომეტაცინი, სულფონამიდები, რენტგენის პრეპარატები.

ლეიკოციტები: ალოპურინოლი, ამპიცილინი, ასპირინი, ჰეროინი, კანამიცინი, რკინის მარილები.

შარდის ხვედრითი წონა: მანიტოლი (ი/ვ), დექსტრანი, რენტგენის კონტრასტული საშუალებები.

pH: ეპინეფრინი, ნიკოტინამიდი, ბიკარბონატი.

ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ შარდის ფერის შეცვლაზე:

ყვითელ-ნარინჯისფერში: B ჯგუფის ვიტამინები, ფურაგინი.

ვარდისფერში: ანტიპირინი, ასპირინი.

წითელ-ყავისფერში: მეტრონიდაზოლი, სულფონამიდები.

ნივთიერებები და მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ pH-ის შემცირებაზე:

ასკორბინის მჟავა, კორტიკოტროპინი, მეთიონინი.

რესურსები

https://synevo.by/patients/information/830-analiz_mochi/
https://www.synevo.ro/shop/urina-sediment/

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button