ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადება?

ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადება ვირუსული ინფექციაა, რომელიც მცირე ასაკის  ბავშვებში  იწვევს წყლულოვანი წარმონაქმნების განვითარებას პირის ღრუს ლორწოვანზე და ტუჩების გარშემო და ბუშტუკოვან-კვანძოვან გამონაყარს – ხელის მტევნებსა და ტერფებზე. სიმპტომები ხშირად მკურნალობის გარეშეც ალაგდება, მაგრამ არსებობს  გართულების განვითარების რისკიც. ხელის ფეხის და პირის ღრუს დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია კოკსაკის ვირუსი და ენტეროვირუსი.

 

დაავადების რისკ-ფაქტორები

რისკ-ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი. დაავადება შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში უფრო ხშირია. ხელის,  ფეხის და პირის ღრუს დაავადების ვირუსული ბუნებიდან გამომდინარე ის ადვილად ვრცელდება ბავშვებს შორის – სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ხელის,  ფეხის და პირის ღრუს დაავადების სიხშირე პიკს აღწევს ზაფხულსა და შემოდგომაზე.

დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს ზრდასრულებზე და მოზრდილ ბავშვებზეც. მყარი იმუნიტეტი არ ყალიბდება, შესაბამისად დაავადება შეიძლება განვითარდეს რამდენიმეჯერ. მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს დასუსტებული იმუნური სისტემა.

 

ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადება ზრდასრულებში

ბავშვებისგან განსხვავებით ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადება მოზრდილებში ზოგჯერ  სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ან ზოგჯერ არასწორი დიაგნოზის საფუძველი ხდება. დაავადება გადამდებია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, შესაბამისად ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე, შეუძლებელია მისი გავრცელების პრევენცია.

 

ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადების სიმპტომები

დაავადების სიმპტომები ორ სტადიად ვლინდება. დასაწყისში ბავშვს აღენიშნება გრიპის/გაციების მსგავსი სიმპტომები: ზომიერი ცხელება, ყელის ტკივილი, სურდო, მუცლის ტკივილი, მადლობა და სხვა.

რამდენიმე დღეში, დაავადების მეორე სტადიაზე აღნიშნულ სიმპტომებს ანაცვლებს ქავანა გამონაყარი მტევნების და ტერფების მიდამოში, იდაყვებზე, მუხლებზე და ზოგჯერ გენიტალიების არეშიც კი. ასევე მტკივნეული წყლულები ვითარდება პირის ღრუს ლორწოვანზე, ენაზე, პირის ირგვლივ, რასაც ახლავს კისრის მიდამოს  ლიმფური კვანძების გადიდება. გამონაყარი დასაწყისში მოვარდისფო ლაქების ან კვანძების სახითაა და შემდგომ გარდაიქმნება ბუშტებად.

დაავადების სიმპტომების ხანგრძლივობა 7-10 დღეა. 2 წლამდე ბავშვებში შესაძლოა უფრო გახანგრძლივდეს.

პირის ღრუს ლორწოვანის წყლულები იმდენად მტკივნეულია, რომ ბავშვს უჭირს ყლაპვა. საკვების და წყლის მიღების შეზღუდვა ხშირად ერთადერთი სიმპტომია, რაც ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადებაზე მიუთითებს.

 

ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადების გადაცემის გზები

კოკსაკის ვირუსები და ენტეროვირუსები დაავადებული ადამიანის ლორწოვანების სეკრეტშია (გამონაყოფ სითხეში) წარმოდგენილი:

  • ნერწყვში
  • ცხვირის ღრუს ლორწოვანის სითხეში
  • ბუშტუკების სითხეში

გამომწვევის გადაცემა ფეკალურ-ორალური, ორალურ-ორალური და ჰაერ-წვეთოვანი გზით ხდება – ხველების, ცემინების, დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით.

 

ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადების დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ანამნეზურ მონაცემებს და ობიექტური დათვალიერებით – კანის დაზიანებების გამოვლენას ეფუძნება. თუმცა, ზოგჯერ საჭირო ხდება ლორწოვანის ნაცხის, შარდის ან განავლის შესწავლა – გამომწვევის დასაზუსტებლად. ასევე მნიშვნელოვანია სისხლის საერთო ანალიზი ზოგადი მდგომარეობის შეფასებისთვის.

 

ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადების მკურნალობა

რადგანაც დაავადება ვირუსული ბუნებისაა, მისი სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია:

  • ცხელების საწინააღმდეგო საშუალებები
  • ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი სპრეები პირის ღრუს დისკომფორტის შესამცირებლად,
  • ქავილის და გამონაყარის შესამცირებელი მედიკამენტები

 

ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადების გართულებები

 ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადების გართულებები საკმაოდ იშვიათია, უფრო ხშირად დაკავშირებულია ენეროვირუსულ ინფექციასთან (ვიდრე კოკსაკის ვირუსთან) და შემდეგი გამოვლინებებით ხასიათდება:

  • გაუწყლოება (პირის ღრუს ლორწოვანის მტკივნეული წყლულების გამო)
  • ენცეფალიტი
  • მიოკარდიტი
  • პერიფერიული პარეზები

დაავადებული ადამიანი გადამდებია ინფიცირებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში, თუმცა ვირუსი ორგანიზმში უფრო დიდხანს რჩება.

დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება ჰიგიენური ნორმების დაცვაა: ხელების ხშირი დაბანა, ხველის/ცემინების დროს პირის/ცხვირის დაფარვა ხელსახოცით, ნივთების ზედაპირების სისუფთავის შენარჩუნება, დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავება, ოთახების ხშირი განიავება, დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე ბავშვის იზოლირება.

 

 

 

 

ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ რუტინულ და სპეციფიკურ სადიაგნოსტიკო ტესტებს, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

რესურსები

https://www.webmd.com/children/hand-foot-mouth-disease

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button