ზოგადი ინფორმაცია
კალიუმი (K) არის მთავარი ელექტროლიტი (კატიონი) და უჯრედშიდა ბუფერული სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი. კალიუმის 90% კონცენტრირებულია უჯრედის შიგნით და მხოლოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი უჯრედგარე სივრცეში. კალიუმის აბსოლუტური უმრავლესობა (90%) იონურ ფორმაშია, დანარჩენი კი პროტეინებთან ასოცირდება.
კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვის ფიზიოლოგიურ პროცესებში, გულის ფუნქციურ აქტივობაში, ნერვული იმპულსების გამტარობაში, ფერმენტულ პროცესებში, მეტაბოლიზმში, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში, ოსმოსურ წნევაში, ცილის ანაბოლიზმსა და გლიკოგენის წარმოქმნაში. ანაბოლურ პროცესებს თან ახლავს უჯრედში K+ ფიქსაცია, ხოლო კატაბოლურ პროცესებს – მისი გამოთავისუფლება.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
კალიუმი წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
- თირკმლის ფუნქციის დარღვევები;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია;
- თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
- შარდმდენების, საგულე გლიკოზიდების დანიშვნისას სისხლში კალიუმის კონტროლის მიზნით.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
კალიუმის კონცენტრაცია იზრდება:
- თირკმლებით კალიუმის გამოყოფის შემცირება: თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ოლიგურია, ანურია;
- უჯრედების დაზიანებასთან დაკავშირებული დაავადებები: ერითროციტების ჰემოლიზი, დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის სინდრომი, დამწვრობა, კუნთების მძიმე დაზიანებები, რაბდომიოლიზი, ქსოვილის ჰიპოქსია, სიმსივნის ლიზისის სინდრომი;
- კალიუმის მასიური პარენტერალური შეყვანა;
- მძიმე მეტაბოლური აციდოზი და შოკი;
- დეჰიდრატაცია;
- თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ჰიპოალდოსტერონიზმი);
- დიაბეტური კომა ინსულინოთერაპიამდე, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;
- ფსევდოჰიპოალდოსტერონიზმი;
- თრომბოციტოზი ზოგიერთ ქრონიკულ მიელოპროლიფერაციულ სინდრომში;
- კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენების მიღება.
კალიუმის კონცენტრაცია მცირდება:
- K+ ექსკრეციის დაქვეითება და მეტაბოლური აციდოზი ან ალკალოზი (ექსტრარენალური K+ დაკარგვა): დიარეა, ღებინება, ფისტულები, საფაღარათო საშუალებები, უხვი ოფლიანობა, მძიმე დამწვრობა;
- K+ ექსკრეციის დაქვეითება მეტაბოლური აციდოზის ან ალკალოზის გარეშე: პარენტერალური თერაპია კალიუმის დამატებითი მიღების გარეშე, უზმოზე, ანორექსია, მალაბსორბცია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ანემიის მკურნალობა რკინით, ვიტამინი B12-ით ან ფოლიუმის მჟავით;
- გაზრდილი K+ ექსკრეცია და მეტაბოლური აციდოზი: თირკმლის მილაკოვანი, დიაბეტური ან ალკოჰოლური კეტოაციდოზი;
- K+-ის გაზრდილი ექსკრეცია და ნორმალური pH დონე (ჩვეულებრივ თირკმლის წარმოშობის): ობსტრუქციული ნეფროპათიის გამოჯანმრთელების პროცესი, ჰიპომაგნიემია, პერიოდული ჰიპოკალიემიური დამბლა, მონოციტური ლეიკემია;
- თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია (ასოცირებული მეტაბოლურ ალკალოზთან);
- ინფექციური მონონუკლეოზი;
- ინტენსიური ფიზიკური აქტივობა;
- გლუკოზის ინექციები, რომლებიც დაკავშირებულია ინსულინის დონის მატებასთან;
- სტრესი;
- სხეულის ტემპერატურის შემცირება.