ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ინსულინი და გლუკაგონი — როგორ აკონტროლებს ორგანიზმი სისხლში შაქრის დონეს? | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ინსულინი და გლუკაგონი — როგორ აკონტროლებს ორგანიზმი სისხლში შაქრის დონეს?

სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება ორგანიზმისთვის აუცილებელი პროცესია, რადგან გლუკოზა უჯრედების ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ორი ჰორმონი — ინსულინი და გლუკაგონი. ისინი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის ოპტიმალურ ფარგლებში შენარჩუნებას.

ინსულინი და გლუკაგონი — ორი მნიშვნელოვანი ჰორმონი

ინსულინი და გლუკაგონი პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) მიერ გამომუშავებული ჰორმონებია. ინსულინს პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა უჯრედები გამოყოფენ, ხოლო გლუკაგონს — ალფა უჯრედები.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჰორმონი სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაში მონაწილეობს, მათი მოქმედება განსხვავებულია:

  • ინსულინი ხელს უწყობს სისხლში არსებული გლუკოზის უჯრედების მიერ ათვისებას და მის მარაგის სახით შენახვას, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე მცირდება.
  • გლუკაგონი ძირითადად ღვიძლზე მოქმედებს და ასტიმულირებს ღვიძლის   მარაგებიდან გლუკოზის გამოთავისუფლებას და მის წარმოქმნას, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე იმატებს.

როგორ არეგულირებს ინსულინი და გლუკაგონი სისხლში გლუკოზის დონეს?

საკვების მიღების შემდეგ, საჭმლის მონელების პროცესში ნახშირწყლები მარტივ შაქრებად იშლება, რომლებიც საბოლოოდ გლუკოზად გარდაიქმნება. გლუკოზა სისხლში გადადის და მისი დონე იმატებს, რის  საპასუხოდაც პანკრეასი  გამოყოფს ინსულინს.

ინსულინი ხელს უწყობს გლუკოზის სისხლიდან უჯრედებში გადასვლას, სადაც ის ენერგიის მისაღებად გამოიყენება. ჭარბი გლუკოზის ნაწილი კი ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის სახით ინახება და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება.

საკვების მიღების პერიოდებს შორის, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე მცირდება, პანკრეასი  გამოყოფს გლუკაგონს, რომელიც ღვიძლში გლიკოგენის დაშლას და გლუკოზის გამოთავისუფლებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, გლუკაგონი   ხელს უწყობს  ღვიძლში გლუკოზის ახლადწარმოქმნის პროცესს (გლუკონეოგენეზს).

ამრიგად, ინსულინი და გლუკაგონი ე.წ. უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმის საშუალებით მოქმედებენ: როდესაც გლუკოზის დონე იმატებს, აქტიურდება მისი შემცირების მექანიზმი, ხოლო როდესაც იკლებს — მისი მომატების მექანიზმი.

რა ხდება სისხლში გლუკოზის დონის დარღვევისას?

სისხლში გლუკოზის დონის ნორმაზე მეტად მომატებას ჰიპერგლიკემია ეწოდება, ხოლო მის დაქვეითებას — ჰიპოგლიკემია.

ჰიპერგლიკემია ხშირად შაქრიან დიაბეტთანაა დაკავშირებული. მისი შესაძლო ნიშნებია ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, დაღლილობა და მხედველობის დაბინდვა. თუ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე ხანგრძლივად ნარჩუნდება, შესაძლოა სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.

ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში გლუკოზის დონე ზედმეტად მცირდება. მისთვის დამახასიათებელია ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, შიმშილის შეგრძნება, თავბრუსხვევა, კანკალი და დაბნეულობა. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვა ან გონების დაკარგვა, რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

როგორ იცვლება ინსულინისა და გლუკაგონის მოქმედება შაქრიანი დიაბეტის დროს?

შაქრიანი დიაბეტის დროს დარღვეულია ორგანიზმის მიერ გლუკოზის რეგულირების მექანიზმი. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ინსულინის არასაკმარისი გამომუშავება, მისი მოქმედების დაქვეითება (ანუ მგრძნობელ;ობის დარღვევა ინსულინისადმი) ან ორივე ფაქტორი ერთად. გარდა ამისა ირღვევა ხშირად გლუკაგონის გამოყოფის ნორმალური პროცესიც. დიაბეტის დროს ხშირია გლუკაგონის არასატანადოდ მარალი კონცენტრაციის გამომუშავება, მაშინ როცა გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში ისედაც მაღალია. ეს იწვევს ჰიპერგლიკემიის შენარჩუნებას, მიუხედავად დიაბეტის საწინააღმდეგო მკურნალობისა.

ტიპი I შაქრიანი დიაბეტი

ტიპი I  შაქრიანი დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელ ბეტა უჯრედებს. შედეგად, ორგანიზმი ინსულინს ძალიან მცირე რაოდენობით ან საერთოდ ვეღარ გამოიმუშავებს. ამიტომ პაციენტს ინსულინის ყოველდღიური მიღება ესაჭიროება.

ტიპი II შაქრიანი დიაბეტი

ტიპი II შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმის უჯრედები ინსულინის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. ამ მდგომარეობას ინსულინრეზისტენტობა ეწოდება. თავდაპირველად პანკრეასი შესაძლოა ინსულინის მეტი რაოდენობით გამომუშავებას ცდილობდეს, თუმცა დროთა განმავლობაში მისი გამომუშავებაც მცირდება.

გესტაციური დიაბეტი

გესტაციური დიაბეტი ორსულობის დროს განვითარებული მდგომარეობაა, რომლის მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია და ეს აფერხებს ინსულინის ნორმალურ ფუნქციონირებას. ის ხშირად მშობიარობის შემდეგ თავისთავად უკუვითარდება, თუმცა მომავალში იზრდება ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი.

პრედიაბეტი

პრედიაბეტი მდგომარეობაა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე მაღალია, თუმცა დიაბეტის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ცხოვრების წესის ცვლილება ხელს უწყობს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას ან დაავადების დაწყების გადავადებას.

დასკვნა

შაქრიანი დიაბეტის გამოსავლენად და დიაგნოზის დასადასტურებლად პირველ რიგში განისაზღვრება:

  • სისხლში გლუკოზის დონე უზმოდ,
  • გლიკირებული ჰემოგლობინი (HbA1c)
  • გლუკოზის ტოლერანტობის ორალური ტესტი (OGTT) საჭიროებისას

ეს კვლევები საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც მიმდინარე, ისე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სისხლში გლუკოზის მაჩვენებლები.

ინსულინისა და გლუკაგონის განსაზღვრა  რუტინულად ყველა პაციენტს არ სჭირდება, თუმცა:

  • ინსულინისა და C-პეპტიდის გამოკვლევა შესაძლოა საჭირო გახდეს პანკრეასის მიერ ინსულინის გამომუშავების უნარის შესაფასებლად ან დიაბეტის ტიპის დაზუსტებისას.
  • ინსულინის აუტოანტისხეულებისა და სხვა სპეციფიკური აუტოანტისხეულების განსაზღვრა ეხმარება ექიმს პირველი ტიპის დიაბეტის აუტოიმუნური ბუნების დადგენაში.
  • გლუკაგონის განსაზღვრა გაცილებით იშვიათად გამოიყენება და ძირითადად ინიშნება განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში, მაგალითად, ჰიპოგლიკემიის უჩვეულო მიზეზების ან პანკრეასის ჰორმონულად აქტიური წარმონაქმნების შეფასებისას.

ინსულინი და გლუკაგონი სისხლში გლუკოზის დონის რეგულირების ორი მნიშვნელოვანი ჰორმონია. მათი შეთანხმებული მოქმედება უზრუნველყოფს ორგანიზმის უჯრედების ენერგიით მომარაგებას და ხელს უშლის გლუკოზის დონის სახიფათო ცვლილებებს.

 

“სინევო“ გთავაზობთ დიაბეტის მონიტორინგის და  სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/316427

https://www.healthline.com/health/diabetes/insulin-and-glucagon#takeaway

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

ნინო მანჯაფარაშვილი – ლაბორატორია “სინევოს” სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი, ექიმი-ნევროლოგი და ბავშვთა ნევროლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სერტიფიკატის მფლობელი.

Call Now Button