ფერიტინი – მეტი ვიდრე მხოლოდ რკინის მარაგი
ფერიტინი ორგანიზმში რკინის მარაგის მთავარი ცილაა. იგი იკავშირებს რკინის ატომებს, უსაფრთხოდ ინახავს მათ და საჭიროების შემთხვევაში ათავისუფლებს. ამ მექანიზმის წყალობით ორგანიზმს მუდმივად აქვს ხელმისაწვდომი რკინა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესებისთვის, როგორიცაა ჟანგბადის ტრანსპორტირება, ენერგიის წარმოქმნა და უჯრედების ფერმენტების ფუნქციური აქტივობა. ამავდროულად, ფერიტინი ხელს უშლის თავისუფალი რკინის დაგროვებას, რადგან ეს შესაძლოა ქსოვილებისთვის საზიანო იყოს
სარჩევი
სისხლში ფერიტინის დონის განსაზღვრა საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზმის რკინის მარაგი, შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ლაბორატორიული კვლევაა რკინის დეფიციტის გამოსავლენად.
როგორ ინახავს და გამოყოფს ფერიტინი რკინას?
ფერიტინის მოლეკულა ძირითადად უჯრედშიდა სტრუქტურაა — ის მდებარეობს უჯრედების ციტოპლაზმაში და იქ ინახავს რკინას უსაფრთხო ფორმით.
ყველაზე დიდი რაოდენობით ფერიტინი გვხვდება იმ ორგანოებისა და ქსოვილების უჯრედებში, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს რკინის შენახვასა და ცვლაში:
- ღვიძლის უჯრედები (ჰეპატოციტებში) — ორგანიზმში რკინის ერთ-ერთი მთავარი საცავია
- ძვლის ტვინის უჯრედები — აქ წარმოიქმნება ერითროციტები და საჭიროა რკინის მუდმივი მიწოდება ჰემოგლობინის შესაქმნელად
- ელენთის მაკროფაგები — სადაც ხდება ძველი ერითროციტების დაშლა და მათგან გამოტავისუფლებული რკინის გადამუშავება
ფერიტინის მცირე რაოდენობა ასევე გამოიყოფა სისხლში. სწორედ სისხლის შრატში არსებული ფერიტინი იზომება ლაბორატორიული ანალიზით და გამოიყენება ორგანიზმში რკინის მარაგების შესაფასებლად.
საკვებიდან მიღებული რკინის ნაწილი ფერიტინში გროვდება, სადაც ის ინახება სტაბილურ და არატოქსიკურ ფორმაში. როდესაც ორგანიზმს დამატებითი რკინა სჭირდება — მაგალითად, ახალი ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) წარმოსაქმნელად — ფერიტინი მარაგიდან საჭირო რაოდენობის რკინას ათავისუფლებს და სისხლის მიმოქცევაში აბრუნებს.
თავისუფალი რკინა სახიფათოაადამიანის ჯანმრთელობისთვის — და სწორედ ამიტომ აქვს ამას მნიშვნელობა. ქსოვილებში უკონტროლოდ მოძრავი თავისუფალი რკინა წარმოქმნის მავნე მოლეკულებს, რომლებსაც თავისუფალ რადიკალებს უწოდებენ. ისინი აზიანებს უჯრედის მემბრანებსა და დნმ-ს. ფერიტინის მთავარი ფუნქციაა რკინის უსაფრთხოდ „ჩაკეტვა“ და შენახვა მანამ, სანამ ორგანიზმს ის რეალურად არ დასჭირდება. ამგვარად, ფერიტინი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური (ჟანგვითი) დაზიანებისგან და ამავე დროს უზრუნველყოფს რკინის ხელმისაწვდომობას საჭიროების შემთხვევაში.
ფერიტინის როლი ინფექციისა და ანთების დროს
ფერიტინის ფუნქცია ორგანიზმში, მხოლოდ რკინის მარაგების მართვით არ შემოიფარგლება. ის ასევე მონაწილეობს იმუნურ დამცველობით პროცესებში. როდესაც ორგანიზმი ინფექციას აღმოაჩენს, ის აძლიერებს ფერიტინის გამომუშავებას, რომელიც იკავშირებს და უსაფრთხოდ „ინახავს“ სისხლის რკინას.
ბაქტერიებსა და სხვა ორგანულ პათოგენების მასპინძლის რკინის მარაგი ესაჭიროება დნმ-ის სინტეზისა და გამრავლებისთვის, ენერგიის წარმოქმნისთვის, ჟანგვა-აღდგენითი და სხვა სუნთქვითი პროცესებისათვის. ინფექციური პროცესების დროს ფერიტინის ჭარბად წარმოქმნას დამცველობითი ფუნქცია აქვს. ეს მას აქცევს ე.წ. მწვავე ფაზის რეაქტანტად — ცილად, რომლის დონეც იზრდება ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი სისტემური ანთებითი პროცესის დროს.
ინფექციებმა, აუტოიმუნურმა დაავადებებმა (რევმატოიდულმა ართრიტმა), ღვიძლის დაავადებებმა და ზოგიერთმა სიმსივნურმა პროცესმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ფერიტინის დონის მატება.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ სისხლის ფერიტინის განსაზღვრა ყოველთვის ზუსტად არ ასახავს ორგანიზმში რკინის რეალურ მარაგებს. ადამიანს, რომელსაც აქვს აქტიური ინფექცია ან ქრონიკული ანთება, შესაძლოა ფერიტინის მაჩვენებელი ნორმალური ან მომატებულიც კი ჰქონდეს, მიუხედავად ორგანიზმში რეალურად რკინის დეფიციტის არსებობისა
რას გვეუბნება ფერიტინის დონე?
სისხლის ფერიტინის განსაზღვრა რუტინული ტესტია ორგანიზმის რკინის მარაგის შესაფასებლად. ბავშვებში ფერიტინის საშუალო კონცენტრაცია, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე მოზრდილებში.
დაბალი ფერიტინი ყველაზე ხშირად მიუთითებს, რომ ორგანიზმში რკინის მარაგები შემცირებულია. ეს შეიძლება იყოს რკინის დეფიციტის ადრეული ნიშანი, რომელიც ხშირად ჩნდება მანამდე, სანამ განვითარდება ანემია. ასეთ დროს შესაძლოა გამოვლინდეს:
- დაღლილობა და სისუსტე
- კონცენტრაციის და შრომის უნარის დაქვეითება
- თმის ცვენა
მაღალი ფერიტინი ყოველთვის არ ნიშნავს ორგანიზმში ჭარბ რკინას. ხშირად მისი მატება დაკავშირებულია:
- ინფექციებთან და ანთებით პროცესებთან
- ღვიძლის დაავადებებთან
- მეტაბოლურ სინდრომთან და ინსულინრეზისტენტობასთან
- აუტოიმუნურ დაავადებებთან
ფერიტინის დაბალი კონცენტრაციაანემიის გარეშე
დაბალი ფერიტინი, ანემიის არარსებობის შემთხვევაშიც კი, დაკავშირებულია ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა დაღლილობა, სისუსტე, კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის დაქვეითება, გაღიზიანებადობა და ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის შემცირება.
ის ასევე ასოცირდება მოუსვენარი ფეხების სინდრომთან და ფიბრომიალგიის მსგავსი სიმპტომების გამოვლენასთან.
რკინის დეფიციტი ორსულ ქალებში — მაშინაც კი, როდესაც ანემია ჯერ არ არის განვითარებული — დაკავშირებულია ახალშობილის ნეიროგანვითარების დარღვევებთან
კვლევების მონაცემებითარსებობს გარკვეული კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებასა და ფერიტინის კონცენტრაციას შორის. ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) მკურნალობისას, დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება მანამ, სანამ რკინის მარაგის აღდგენა არ მოხდება.
რკინადეფიციტური ანემია
რკინის დეფიციტი ორგანიზმში ეტაპობრივად ვითარდება. თავდაპირველად მცირდება ფერიტინის დონე, რადგან ორგანიზმში არსებული რკინის მარაგები იწურება. შემდეგ მცირდება სისხლში მოცირკულირე რკინის რაოდენობა. საბოლოოდ, ორგანიზმს აღარ შეუძლია საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელი ერითროციტების (წითელი სისხლის უჯრედების) წარმოქმნა და ვითარდება რკინადეფიციტური ანემია.
თუმცა, ბევრ ადამიანს სიმპტომები ანემიის განვითარებამდე გაცილებით ადრე უჩნდება. ამ მდგომარეობას, რომელსაც ზოგჯერ რკინის არაანემიურ დეფიციტს უწოდებენ, ხშირად ყურადღება არ ექცევა, რადგან სისხლის საერთო ანალიზის (CBC) ძირითადი მაჩვენებლები შესაძლოა ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებში იყოს.
რას ნიშნავს ფერიტინისმაღალი კონცენტრაცია?
ფერიტინის მომატებული დონე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოვლენილი ლაბორატორიული ცვლილებაა, თუმცა ეს უმეტეს შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში ჭარბი რკინაა.
ფერიტინის მაღალი მაჩვენებლების უმრავლესობა დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან, მეტაბოლურ სინდრომთან, სიმსუქნესთან, ინსულინრეზისტენტობასთან, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან, ღვიძლის დაავადებებთან ან ინფექციებთან.
ამ შემთხვევებში ფერიტინის კონცენტრაციის მომატება წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას ანთებითი პროცესის საპასუხოდ
მომატებულიფერიტინი და ინსულინრეზისტენტობა
მაღალი ფერიტინი ხშირად გვხვდება ინსულინრეზისტენტობის, სიმსუქნისა და მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანებში. ამ შემთხვევაში ფერიტინის მატება, მიუთითებს ორგანიზმში არა ჭარბი რკინის დაგროვებაზე, არამედ ის ასახავს დაბალი ინტენსივობის ქრონიკულ ანთებით პროცესს, რომელიც თან ახლავს მეტაბოლურ დარღვევებს.
ინსულინრეზისტენტობის დროს ცხიმოვანი ქსოვილი (განსაკუთრებით ვისცერული ცხიმი, რომელიც შინაგანი ორგანოების გარშემო გროვდება) გამოყოფს ანთებით მედიატორებს — ციტოკინებს (მაგალითად, ინტერლეიკინ-6), რომლებიც ასტიმულირებს ღვიძლში ფერიტინის სინთეზს. შედეგად სისხლში ფერიტინის დონე შესაძლოა გაიზარდოს.
ამასთან, ინსულინრეზისტენტობის დროს ხშირად ვითარდება:
- ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება (NAFLD/MASLD) — ღვიძლის უჯრედების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ფერიტინის სისხლში გამოყოფა
- ოქსიდაციური სტრესი და ქრონიკული ანთება, რაც ასევე ზრდის ფერიტინის გამომუშავებას
- რკინის ცვლის ცვლილებები, როდესაც რკინა შესაძლოა უფრო მეტად ინახებოდეს ქსოვილებში და ნაკლებად იყოს ხელმისაწვდომი სისხლში
ბუნებრივია, ინსულინრეზისტენტობის დიაგნოზს, მხოლოდ მაღალი ფერიტინი არ განსაზღვრასვს მისი შეფასება საჭიროა სხვა მაჩვენებლებთან ერთად:
- გლუკოზა უზმოდ
- ინსულინი
- HOMA-IR ინდექსი
- გლიკოზირებული ჰემოგლობინი
- ლიპიდური პროფილი
- ღვიძლის ფერმენტები (ALT, AST, GGT)
ანუ ინსულინრეზისტენტობის დროს ფერიტინის მაღალი კონცენტრაცია ხშირად არის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური სტრესისა და ანთების „სიგნალი“ და არა რკინის სიჭარბის პირდაპირი მაჩვენებელი.
როდის მიუთითებს მაღალი ფერიტინი ორგანიზმში რკინის სიჭარბეზე?
იშვიათ შემთხვევებში, ფერიტინის მაღალი დონე მართლაც შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში რკინის ჭარბ დაგროვებაზე. ამის ყველაზე ცნობილი მიზეზია მემკვიდრეობითი ჰემოქრომატოზი — გენეტიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი საკვებიდან ჭარბად ითვისებს რკინას და ათწლეულების განმავლობაში აგროვებს ღვიძლში, გულსა და პანკრეასში.
რკინის მარაგების სიჭარბე შესაძლოა ასევე გამოიწვიოს მრავალჯერადმა სისხლის გადასხმებმა ან რკინით ინტრავენურმა თერაპიამ. სხვა იშვიათ მიზეზებს შორისაა მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს რკინის გადამტან ცილებზე.
ფერიტინის სიჭარბის მიზეზების დიფერენცირება მნიშვნელოვანია, რადგან განსხვავებულია მკურნალობის პროცესი.
ამ მდგომარეობების ერთმანეთისგან გარჩევა შესაძლებელია დამატებითი მაჩვენებლების შეფასებით, განსაკუთრებით კი ტრანსფერინის განსაზღვრით. ტრანსფერინი სისხლის ცილაა, რომელიც რკინის ტგრანსპორტში მონაწილეობს.
- რკინის სიჭარბის დროს ტრანსფერინი რკინით მნიშვნელოვნად არის გაჯერებული
- ანთებით გამოწვეული ფერიტინის მატებისას კი ტრანსფერინის დონე, პირიქით, ხშირად დაქვეითებულია
მდგომარეობები,რომლებიც გავლენას ახდენს ფერიტინის დონეზე
- რკინადეფიციტური ანემია: ფერიტინის და ჰემოგლობინის მაჩვენებელი მცირდება, რადგან ორგანიზმს აღარ აქვს საკმარისი რკინა ერითროციტების (წითელი სისხლის უჯრედების) წარმოსაქმნელად
- ღვიძლის ქრონიკული დაავადებები: დაზიანებული ღვიძლის უჯრედები სისხლში გამოყოს მათში დაგროვილ ფერიტინს, რაც ზრდის სისხლის ფერიტინის მაჩვენებელს
- ჰემოქრომატოზი: გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც რკინა ჭარბად გროვდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ამ დროს ფერიტინის მაჩვენებელი კრიტიკულად იმატებს
- მეტაბოლური სინდრომი და სიმსუქნე: ხანგრძლივი, დაბალი ინტენსივობის ანთებითი პროცესი ზრდის ფერიტინის დონეს, როგორც ორგანიზმის პასუხს ანთებაზე
- რევმატოიდული ართრიტი და აუტოიმუნური დაავადებები: მიმდინარე ანთება ზრდის ფერიტინის დონეს, ამავდროულად კი ამცირებს რკინის ხელმისაწვდომობას ერითროციტების წარმოქმნისთვის
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება: ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას, რაც ფერიტინის დონეს ზრდის ორგანიზმში რკინის მარაგისგან დამოუკიდებლად.
იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ფერიტინის დონეზე მისი მაცვენებელი შესაძლოა ხშირად შეიცვალოს. ამა თუ იმ მდგომარეობის და განსაკუთრებით ორგანიზმის რკინის მარაგის შესაფასებლად აუცილებელია ფერიტინის მაჩვენებლის განხილვა სხვა ლაბორატორიულ და კლინიკურ მონაცემებთან ერთად (მაგ: სისხლის საერთო ანალიზი, ტრანსფერინის სატურაცია ანთების მარკერები და სხვა)
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
წყარო:
https://scienceinsights.org/what-does-ferritin-do-and-why-your-levels-matter/















