„მჟონავი“ ნაწლავის სინდრომი მდგომარეობაა, რომელიც ეფუძნება ნაწლავის კედლის განვლადობის გაძლიერებას.
სარჩევი
ადამიანის (და ყველა ძუძუმწოვრის) ნაწლავის კედელი ნაწილობრივ განვლადია ამა თუ იმ ნივთიერებისათვის. ნაწლავის ლორწოვანი გარსი შექმნილია წყლისა და საკვები ნივთიერებების შესათვისებლად. ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდება მდგომარეობა, როდესაც უფრო მეტი ნივთიერება „გაიჟონება“ ნაწლავის კედელში, ვიდრე საჭიროა.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, ქრონიკული გასტროინტესტინური დაავადებებით, აღენიშნებათ „მჟონავი ნაწლავის სინდრომი“. ეს განაპირობებს დიდი და პოტენციურად ტოქსიკური მოლეკულების შეწოვას ნაწლავიდან, რაც ქმნის იმუნური სისტემის სენსიბილიზაციის პრობლემას.
ნაწლავის კედლის განვლადობის მომატება არამარტო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სიმპტომია, არამედ მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება დამოუკიდებლად. როდესაც ნაწლავის ბარიერული ფუნქცია ირღვევა და ტოქსიკური ნივთიერებები ხვდება სისხლის ნაკადში, ეს იწვევს ანთებითი ან/და იმუნური რეაქციის განვითარებას, რაც სხვადასხვა დაავადების სახით შეიძლება გამოვლინდეს.
რა დაავადებები უკავშირდება „მჟონავი ნაწლავის სინდრომს“?
ნაწლავის კედლის განვლადობის ცვლილებები ახასიათებს არაერთ ანთებით და აუტოიმუნურ დაავადებას, რომლებიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, მათ შორის – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ცელიაკია და სხვა. ამ პათოლოგიების დროს ნაწლავის კედლის განვლადობის ცვლილება უფრო შედეგია, ნაწლავში განვითარებული ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგად, რასაც მოყვება ნაწლავის ბარიერული ფუნქციის დარღვევა.
აღწერილია შემთხვევები, როდესაც ნაწლავის კედლის განვლადობის ცვლილებები გამოვლინდა ამ დაავადებების დიაგნოსტირებამდე ბევრად ადრე, რაც აღნიშNული დაავადებების განვითარების ადრეულ სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს.
ქრონიკული, დაბალი ინტენსივობის ანთება შესაძლოა იყოს ისეთი დაავადებების განვითარების ერთერთი ფაქტორი, როგორებიცაა: მეტაბოლური დარღვევები, სიმსუქნე, დიაბეტი, ართრიტი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ასთმა, ფიბრომიალგია და სხვა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევს ნაწლავის კედლის განვლადობის ზრდას, სისხლის ნაკადში ფიქსირდება ბაქტერიული ტოქსინების მაღალი დონე. ამ პირობებში, ბაქტერიული ტოქსინები აუარესებს ანთებით მდგომარეობას. ასევე, ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტები, რომლებიც ნაწლავიდან შეიწოვება და სისხლის ნაკადით ხვდება ღვიძლში, უშუალოდ არ იწვევს, მაგრამ აპროვოცირებს (ხელს უწყობს) ღვიძლის დაავადებების განვითარებას.
ვის აზიანებს ნაწლავის კედლის განვლადობის ცვლილება?
ნაწლავის კედლის განვლადობის მომატება ბარიერული ფუნქციის დაზიანების შედეგია, თუმცა ეს ასე მარტივად არ ხორციელდება. ნაწლავის ეპითელიუმის დამცველობითი ფენა მრავალშრიანია და ნებისმიერი დაზიანების პროცეს თვითგანახლების პროცესი ახლავს თან. იმისათვის რომ ნაწლავის ბარიერი სერიოზულად დაზიანდეს, საჭიროა ხანგრძლივი აგრესიული ზემოქმედება მასზე, როგორიცაა: ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ზოგიერთი ჯგუფის მედიკამენტების ან ნარკოტიკული საშუალებების ხანგრძლივი მიღება, რადიოთერაპიის გავლენა და სხვა. ყოველდღიური ჩვეული ფაქტორების – სტრესის და კვებითი თავისებურებების ზემოქმედების ეფექტები ასუსტებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, იწვევს ან აღრმავებს ქრონიკულ ანთებას, ხდის მას მეტად გამტარს და იწვევს სიმპტომების განვითარებას.
როგორ გავლენას ახდენს მჟონავი ნაწლავი ჯანმრთელობაზე?
პაციენტებს, რომელთაც სავარაუდოდ აღენიშნებათ ნაწლავის კედლის გამტარობის მომატება, ხშირად აქვთ გასტრო-ინტესტინური ჩივილები: მუცლის ტკივილი, შებერილობა, მონელების პროცესების დარღვევა, მგრძნობელობის მატება კონკრეტულ საკვებზე და სხვა. ამ სიმპტომებს ბევრი მიზეზი შეიძლება ედოს საფუძვლად.
ნაწლავის ბარიერული ფუნქციის დაზიანება რა თქმა უნდა არღვევს გასტრო-ინტესტინური ტრაქტის მონელებით და იმუნურ პროცესებს.
ნაწლავის განვლადობის მომატება ყველაზე ხშირად დაკავშირებულია შემდეგ მდგომარეობებთან:
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები და ცელიაკია
- ნაწლავის დაზიანებები ასოცირებული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომთან ( HIV/AIDS)
- ქიმიო და რადიოთერაპია, რომელიც არღვევს ნაწლავის ლორწოვანის მთლიანობას
- ალკოჰოლის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების ხანგრძლივი და არამიზნობრივი გამოყენება
- კვებითი ალერგიები, რაც ნაწლავის ქსოვილში იმუნური ანთებითი რეაქციების მიზეზი ხდება
მჟონავი ნაწლავის სინდრომის სიმპტომები
ნაწლავის კედლის განვლადობის მომატება კონკრეტულ გამოვლინებებს არ იძლევა, მაგრამ სიმპტომები დამოკიდებულია მასთან ასოცირებული დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზე:
- წვის შეგრძნება (ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებისას)
- დიარეა
- შებერილობა და მეტეორიზმი (ბაქტერიული მიკროფლორის ზედმეტი ზრდის და ფერმენტაციული პროდუქტების დაგროვების შედეგად)
- ქრონიკული დაღლილობა (რაც საკვების შეთვისების და ენერგიის წარმოქმნის დარღვევას უკავშირდება)
მჟონავი ნაწლავის სინდრომის სადიაგნოსტიკო ტესტები
არსებობს მთელი რიგი ტესტები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნაწლავის კედლის განვლადობის ცვლილებებზე. ასევე, მნიშვნელოვანია იმ დაავადებების დიაგნოსტიკა, რომლებიც ასოცირებულია ნაწლავის კედლის განვლადობის ცვლილებებთან.
ზონულინის განსაზღვრა მჟონავი ნაწლავის დიაგნოსტიკის და მონიტორინგის შესაძლებლობას გვაძლევს. ზონულინი სტრუქტურული ცილაა, რომელიც ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედებს შორის მტკიცე კავშირებს უზრუნველყოფს. ამ ცილის რაოდენობრივი ზრდა ხშირად უჯრედშორისი ფორების გადიდების მანიშნებელია, რაც იწვევს დიდი ზომის მოლეკულებისა და ბაქტერიული ცხოველქმედების პროდუქტების შეღწევას სისხლის ნაკადში.
ენდომიზიუმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების ბოჭკოების შიდა შემაერთებელ ქსოვილოვან გარსს, რომელიც თითოეულ კუნთოვან ოჭკოს შემოსაზღვრავს. მისი ცილების მიმართ ანტისხეულები წარმოიქმნება ცელიაკიის დროს, ნაწლავის კედლის ქსოვილში მიმდინარე იმუნური ანთებისას, ამიტომ ენდომიზიუმის ანტისხეულების განსაზღვრა ცელიაკიის მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია.
მჟონავი ნაწლავის სინდრომის მკურნალობა და მართვა
მჟონავი ნაწლავის მკურნალობის შესაძლებლობაა:
- მისი გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა და მართვა (ნაწლავის ანთებითი დაავადება, ცელიაკია და სხვა).
- სიმპტომური მკურნალობა მიმართულია დაავადების გამოვლინებების და პაციენტის სუბიექტური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
- საკვები რაციონის მორგება სამედიცინო მდგომარეობაზე (მაგ: რაციონიდან იმ საკვების ამოღება, რაც აძლიერებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას)
- აუცილებელი ნუტრიენტების დამატება (მაგ: L-გლუტამატი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის კედელში არსებული დაზიანებების აღდგენას).
- ნაწლავის ბუნებრივი მიკროფლორის შენარჩუნება პრე და პრობიოტიკებით
- მედიკამენტებისა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა
“მჟონავი ნაწლავის” (Leaky Gut) სინდრომის დიაგნოსტირების და მონიტორინგისათვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge