ძვლოვანი მარკერების პროფილი გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენად კარგად მოქმედებს თქვენი სხეულის მეტაბოლური პროცესები თქვენს ჩონჩხზე. ასაკთან ერთად, ჩვენი ძვლების სიძლიერე შეიძლება შესუსტდეს ისეთი პირობების გამო, როგორიცაა ოსტეოპოროზი.

ძვალი შედგება კოლაგენისგან, ცილისგან, რომელიც აძლევს ძვალს მის სიმტკიცეს და სტრუქტურას, და კალციუმის ფოსფატისგან, რომელიც წარმოადგენს მინერალიზებულ კომპლექსს, რომელიც ამკვრივებს ძვლებს. ძვლის მარკერები გამოიყენება ძვლის დაავადებებისა (მაგ. ოსტეოპოროზი) და სხვა პრობლემების დიაგნოსტიკისათვის.

ძვლოვანი მარკერების პროფილი მოიცავს შემდეგი პარამეტრების კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

ზოგადი ინფორმაცია

კალციუმი

კალციუმი (Ca) არის ძვლების ძირითადი მინერალური კომპონენტი. ორგანიზმის კალციუმის 99% ძვლებსა და კბილებშია, რაც შრატში კალციუმის დონის შესანარჩუნებლად უზარმაზარი რეზერვუარია, დანარჩენი კი ბიოლოგიურ სითხეებსა და რბილ ქსოვილებში ნაწილდება. კალციუმი აუცილებელია ჯანსაღი ძვლების ასაშენებლად და შესანარჩუნებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში. კალციუმი სხვა მინერალებთან ერთად წარმოქმნის მყარ კრისტალებს, რაც აძლევს ძვლებს სიმტკიცეს და სტრუქტურას.

მცირე რაოდენობით კალციუმი შეიწოვება სისხლში და გამოიყენება გულის, კუნთების, სისხლისა და ნერვების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ძვლები მოქმედებენ როგორც კალციუმის ბანკი. თუ თქვენს დიეტაში არ არის საკმარისი კალციუმი, ორგანიზმი კალციუმის საჭირო რაოდენობას ძვლებიდან მიიღებს, თუ ეს მოხდება, თქვენი ძვლის სიმკვრივე (ძვლის სიმტკიცე) თანდათან შემცირდება და შესაძლოა ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ.

კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის ჰორმონალური რეგულირება რთულია. წვრილ ნაწლავს, ჩონჩხს, თირკმლებსა და ენდოკრინულ სისტემას, კერძოდ, პარათირეოიდულ ჯირკვლებს შორის ურთიერთკავშირი ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფორის ჰომეოსტაზს. ორგანიზმში კალციუმის დონეზე ასევე გავლენას ახდენენ: კალციტონინი, ვიტამინი D, ესტროგენები და ანდროგენები.

შრატში კალციუმის არანორმალური დონე შეიძლება მიუთითებდეს პარათირეოიდულ დისფუნქციაზე, ძვლების დაავადებაზე, კარცინომაზე, არასრულფასოვან კვებაზე, მალაბსორბციის სინდრომზე, D ვიტამინის დეფიციტსა და თირკმლების დაავადებაზე.

D ვიტამინი (საერთო)

ვიტამინი D ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდია,  რომელიც სინთეზირდება პროვიტამინებისგან, მზის სხივების ზემოქმედების დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი D ვიტამინებია – ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). ჩონჩხის შემადგენელი ყველა უჯრედი – ქონდროციტები, ოსტეობლასტები და ოსტეოკლასტები – შეიცავს როგორც D ვიტამინის რეცეპტორს, ასევე ფერმენტს – CYP27B1, რომელიც აუცილებელია D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტის წარმოებისთვის.

D ვიტამინს აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია თქვენს ორგანიზმში. ის მონაწილეობს თქვენი ძვლების სიძლიერის შენარჩუნებაში და ეხმარება თქვენს ორგანიზმს ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მინერალების – კალციუმის და ფოსფორის ათვისებაში. იგი კრიტიკულ როლს თამაშობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში. მისი  ნაკლებობა იწვევს რაქიტს და ოსტეომალაციას. თქვენ შეიძლება მიიღოთ ბევრი კალციუმი, მაგრამ თუ არ გაქვთ საკმარისი ვიტამინი D, კალციუმი ეფექტურად არ შეიწოვება თქვენი სხეულის მიერ. D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჰიპერკალცემიას.

ფოსფორი

ფოსფორი მეორე ყველაზე გავრცელებული მინერალია ადამიანის ორგანიზმში კალციუმის შემდეგ. იგი წარმოადგენს სხეულის წონის 1%-ს, რაც ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 600-700გ ფოსფორია. ყველაზე დიდი რაოდენობით ფოსფორი გვხვდება ჩონჩხის ძვლებში (85% ჰიდროქსიაპატიტის სახით), დანარჩენი ნაწილი – კუნთებში, ნერვებსა და სისხლში.

ფოსფორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირებაში, ასევე ჩონჩხის სიძლიერის შენარჩუნებაში. იგი მოქმედებს კალციუმთან ერთად, რაც ხელს უწყობს ძვლების აშენებას. ძვლების ჯანმრთელობისთვის საჭიროა კალციუმის და ფოსფორის სწორი რაოდენობა.

თქვენი ორგანიზმი ნაკლებ ფოსფორს შთანთქავს, როდესაც კალციუმის დონე ძალიან მაღალია და პირიქით. ფოსფორის სწორად ათვისებისთვის საჭიროა ასევე D ვიტამინი.

ტუტე ფოსფატაზა

ძვლის ტუტე ფოსფატაზა (BAP) არის ტუტე ფოსფატაზას, ძვლის სპეციფიური იზოფორმა. ის წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც გვხვდება ოსტეობლასტების ზედაპირზე, BAP ასახავს ამ ძვლის წარმომქმნელი უჯრედების ბიოსინთეზურ აქტივობას. ნაჩვენებია, რომ BAP არის ძვლის მეტაბოლიზმის მგრძნობიარე და საიმედო მაჩვენებელი. ის არის მთლიანი ჩონჩხის ძვლის წარმოქმნის სიჩქარის მაჩვენებელი. ოსტეოპოროზის მქონე ადამიანებს აქვთ BAP-ის დონე, რომელიც სამჯერ აღემატება ნორმალურ მაჩვენებელს.

ნორმალური ძვალი მუდმივად განიცდის რემოდელირებას, რომლის დროსაც ძვლის დეგრადაცია ან რეზორბცია დაბალანსებულია ძვლის ფორმირებით. ეს პროცესი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუ რეზორბციის სიჩქარე აღემატება წარმოქმნის სიჩქარეს, შედეგად ძვლის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი და, შესაბამისად, უფრო მაღალი მგრძნობელობა მოტეხილობების მიმართ.

ოსტეოპოროზი არის ძვლის მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის დაბალი მასით და ძვლის პათოლოგიური მიკროარქიტექტურით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი კლინიკური მდგომარეობით, მათ შორის: მაღალი ძვლოვანი ცვლის მდგომარეობა, ენდოკრინული დარღვევები (პირველადი და მეორეული ჰიპერპარათირეოზი და თირეოტოქსიკოზი), ოსტეომალაცია, თირკმლის უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპია, მრავლობითი მიელომა და ძვლებში მეტასტაზური კიბო.

პეჯეტის დაავადებ არის კიდევ ერთი გავრცელებული მეტაბოლური ძვლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ძვლის რემოდელირების გადაჭარბებული სიჩქარით, რაც იწვევს ძვლის პათოლოგიური მატრიქსის ადგილობრივ დაზიანებებს. ამ დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს მოტეხილობები ან ნევროლოგიური ჩართულობა.

როდის ჩავიტაროთ ძვლოვანი მარკერების პროფილური კვლევა?

  • ორ წელიწადში ერთხელ, 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ოსტეოპოროზის სკრინინგისთვის (სიმაღლისა და წონის გაზომვასთან ერთად);
  • სპონტანური მოტეხილობები, ძვლის ტკივილი, ძვლის რენტგენოლოგიური ცვლილებები, ზრდის დარღვევა, სტომატოლოგიური ცვლილებები;
  • სიმსივნეები (ტუტე ფოსფატაზა წარმოადგენს სიმსივნის მარკერს – გამოიყენება როგორც ღვიძლისა და ძვლის მეტასტაზების დეტექტორი);
  • ძვლის ქსოვილის პათოლოგია, ძვლის დაავადებები (მაგ. პეჯეტის დაავადება);
  • რაქიტისა და ოსტეომალაციის დიფერენციალური დიაგნოზი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტისთვის აუცილებელია უზმოდ ყოფნა.

  • მინიმუმ 10 დღის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ D ვიტამინი ან D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები;
  • არ მიიღოთ კალციუმის დანამატები ტესტის ჩატარებამდე 8-12 საათის განმავლობაში;
  • რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ძვლოვანი მარკერების პროფილი – 95 ლარი, ნაცვლად 125 ლარისა

English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button