Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ორსულობის მონიტორინგისთვის ხშირი სამედიცინო გამოკვლევების მნიშვნელობა უდავოა, ამიტომ „სინევო“ გთავაზობთ „ორსულთა პროფილს“, რომელიც მოიცავს ორსულისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი 9 პარამეტრის კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

ზოგადი ინფორმაცია

ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი არის პარაზიტული დაავადება (პარაზიტოზი), რომელიც გამოწვეულია უჯრედშიდა ერთუჯრედიანი პარაზიტით, Toxoplasma gondii-ით. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლში ადამიანი შუალედური მასპინძელია და კატების ოჯახის წარმომადგენლები წარმოადგენენ საბოლოო მასპინძელს. ადამიანი ინფიცირდება უმი ან არასაკმარისად მოხარშული ხორცის ჭამით, რომელიც შეიცავს პარაზიტის ცისტებს ან წყლითა და საკვებით, რომელშიც ოოცისტები გვხვდება. მნიშვნელოვანია ვერტიკალური გადაცემა (ნაყოფის ტრანსპლაცენტური გადაცემა) დედისგან, რომელსაც ეს დაავადება ორსულობისას განუვითარდა. პარაზიტი აზიანებს ძირითადად ნერვულ სისტემას, თვალებს, ჩონჩხის კუნთებს და გულს.

ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი, სპეციფიური სიმპტომი არ არსებობს. იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში ის ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან არასპეციფიური სიმპტომებით – დაღლილობა, ცხელება და გადიდებული ლიმფური კვანძები (ყველაზე ხშირად კისრის ლიმფური კვანძები).

ორსულთა უმეტესობაში მწვავე ტოქსოპლაზმოზი ასიმპტომურია. ნაყოფის დაზიანება ხდება ტრანსპლაცენტური გადაცემის დროს დედისგან, რომელიც ორსულობის დროს დაინფიცირდა. ტოქსოპლაზმოზი ორსულობის პირველ ტრიმესტრში ასოცირდება ნაადრევი მშობიარობისა და სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკთან.

ტოქსოპლაზმოზის ზემოქმედების შემთხვევაში ნაყოფში შეიძლება განვითარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა:

  • ქორიორეტინიტი – თვალის ნაწილების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე;
  • დიფუზური ინტრაკრანიალური კალციფიკაციები (ტვინის დაზიანება);
  • ჰიდროცეფალია (თავის უფრო დიდი გარშემოწერილობა, თავის ქალაში სითხის მოცულობის მომატება);
  • კუნთების გამოყენების უნარის შეზღუდვა (მოტორული ფუნქციების დაქვეითება);
  • კრუნჩხვები.

წითურა

წითურა არის გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია ვირუსით. წითურას სიმპტომებია დაბალი ცხელება, ყელის ტკივილი და გამონაყარი. თუ პირველ ტრიმესტრში მყოფ ორსულს წითურა დაემართა, სავარაუდოა, რომ ინფექცია გადაეცემა ნაყოფსაც. ეს კი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული გართულებების მიზეზი, როგორიცაა სპონტანური აბორტი ან ბავშვის განვითარების თანდაყოლილი დეფექტები.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი არის პერიოდი, როდესაც წითურას შეუძლია გამოიწვიოს ყველაზე მეტი პრობლემა ნაყოფის განვითარების მხრივ. ამიტომ მნიშვნელოვანია სავარაუდო ინფექციის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდოს ექიმს.

თანდაყოლილი წითურას სინდრომის განკურნება შეუძლებელია, ამიტომ მთავარია პრევენცია და დროული იმუნიზაცია.

ციტომეგალოვირუსი (CMV)

ციტომეგალოვირუსი არის ჰერპეს ვირუსების ჯგუფში შემავალი ინფექცია. CMV-ს განკურნება არ არსებობს, მაგრამ ის თავისთავად უმჯობესდება ძალიან სწრაფად და არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს – თუ ორსულად არ ხართ.

თუ ორსული არის ინფექციის მატარებელი, შესაძლოა ინფექცია გადაეცეს ნაყოფსაც.

CMV არის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა ტრანსპლაცენტარულად.

ციტომეგალოვირუსის გართულებები ბავშვებში:

  • სმენის და მხედველობის დაკარგვა;
  • სიყვითლე;
  • დაბადებისას მცირე მასა;
  • ფილტვების პრობლემები;
  • კრუნჩხვები;
  • კუნთების სისუსტე;
  • გონებრივი შეზღუდვები.

მარტივი ჰერპეს ვირუსი

მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV) უძველესი და ყველგან გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანებში იწვევს მწვავე და მორეციდივე ინფექციებს. გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტით. ვირუსი ხვდება ლორწოვან გარსებში (თვალის, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების) და ადგილობრივად მრავლდება. ინფექციის კლინიკური მიმდინარეობა ცვალებადია და სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება იყოს მინიმალური და შეუმჩნეველი. ძირითადად ვითარდება გამონაყარი, კანის დაზიანება, სასქესო ტრაქტის დაზიანება და ახალშობილთა ჰერპესი.

ჰერპესის ორი სახეობა არსებობს: HSV-1, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ბუშტუკები პირის ღრუში, მაგრამ ასევე შეიძლება გადავიდეს სასქესო ორგანოებში. HSV-2 ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც იწვევს გენიტალურ ჰერპესს და შეიძლება გამოიწვიოს ბუშტუკები ან ღია წყლულები სასქესო ორგანოებზე ან ანუსზე. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პირის ღრუს ჰერპესი.

ჰერპესი ბავშვს შეიძლება გადაეცეს რამდენიმე გზით:

  • ინტრაუტერინულად (იშვიათად);
  • ორსულთა გენიტალური დაავადება მშობიარობის დროს (ჩვილების ინფიცირების ყველაზე გავრცელებული გზა);
  • ახალშობილობისას;

ბავშვისთვის ყველაზე დიდი რისკია, თუ ჰერპესის პირველი აფეთქება აღინიშნება ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში ორსულს აქვს ნაკლები ანტისხეული ვირუსთან საბრძოლველად და ვირუსი პერსისტირებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

ორსულ ქალებში მარტივი გენიტალური ჰერპესი არის საკეისრო კვეთის ჩვენება.

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, ვირუსით ნაყოფის ინტრაუტერიული ინფექცია ზრდის ნაყოფის სიკვდილის რისკს, შეიძლება აღინიშნოს ნაადრევი მშობიარობა, მიკროცეფალია ან ჰიდროცეფალია, ცენტრალური ნერვული სისტემისა და თვალის დეფექტები. ასევე შეინიშნება ვეზიკულური გამონაყარი.

პერინატალური და პოსტნატალური გადაცემა იწვევს კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარის განვითარებას, რომელიც გავლენას ახდენს თვალებზე, პირის ღრუს ლორწოვანზე, ოროფარინგეალური ლორწოვან გარსზე. შესაძლოა განვითარდეს მენინგოენცეფალიტი ცხელებით, კრუნჩხვები, ნევროლოგიური დარღვევები. ასევე დაფიქსირდა ახალშობილებში ჰერპესის ვირუსებით გამოწვეული სეფსისის შემთხვევები.

­­­­­­C. Trachomatis

Chlamydia trachomatis არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ), რომელიც ხშირად დიაგნოზირებულია ორსულობის დროს. ორსულ ქალებში C. trachomatis ინფექცია შეიცავს დამატებით რისკებს არაორსულ ქალებთან შედარებით. C. trachomatis დაკავშირებულია ორსულობის რამდენიმე გართულებასთან, მათ შორის: მემბრანების ნაადრევი რღვევა (PROM), ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილის მცირე წონა დაბადებისას, საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება და მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი. ინფიცირებული დედის ინფიცირებული სამშობიარო არხის მეშვეობით დაბადებულ ჩვილებს შეიძლება განუვითარდეს C. Trachomatis-ით გამოწვეული პნევმონიტი, კონიუნქტივიტი და ცხვირ-ხახის ინფექცია.

გართულებების თავიდან არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია  ორსულებში ამ ინფექციების დროული დიაგნოსტიკა.

გლუკოზა

გლუკოზის ტესტი არის რუტინული ტესტი ორსულობის დროს, რომლის დროსაც მოწმდება ორსულის სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონე.

გესტაციური დიაბეტი არის სისხლში შაქრის მაღალი დონე (დიაბეტი), რომელიც იწყება ან გვხვდება ორსულობის დროს. ეს არის დიაბეტი, რომელიც პირველად დიაგნოზირებულია ორსულობის დროს. გესტაციური დიაბეტი იწვევს სისხლში შაქრის მატებას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ორსულობაზე და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

სისხლში გლუკოზას კონტროლი მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისათვის და მშობიარობის გართულებების თავიდან ასაცილებლად. გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში სისხლში შაქრის დონე ჩვეულებრივ მშობიარობის შემდეგ მალევე უბრუნდება ნორმას. თუმცა მომავალში, გესტაციური დიაბეტი ზრდის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.

გართულებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე:

  • ჭარბი წონა დაბადებისას;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • სუნთქვის სერიოზული სირთულეები;
  • ჰიპოგლიკემია;
  • მომავალში სიმსუქნისა და ტიპი 2 დიაბეტის განვითარება;
  • მკვდრადშობადობა.

გართულებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს დედაზე:

  • მაღალი წნევა და პრეეკლამფსია;
  • ქირურგიული მშობიარობა (საკეისრო კვეთა);
  • მომავალში ტიპი 2 დიაბეტის განვითარება.

თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) 

თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) არის გლიკოპროტეინი, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოფიზის წინა წილის ბაზოფილურ უჯრედებში. TSH გამოიყოფა თავისუფალი ტრიიოდთირონინისა და თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის ცვლილების საპასუხოდ უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით.

ჰიპოფიზის მიერ TSH-ის გამომუშავება არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოლოგიური მოქმედების ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმი.

TSH-ის განსაზღვრა არის საწყისი ტესტი ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების დიაგნოსტიკაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის მცირე ცვლილებაც კი იწვევს TSH კონცენტრაციის ცვლილებას.

ორსულობისას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში – თქვენი ნაყოფი დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მიწოდებაზე პლაცენტის გზით. დაახლოებით 12 კვირაში მისი ფარისებრი ჯირკვალი იწყებს მუშაობას დამოუკიდებლად, მაგრამ ის არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს ორსულობის 18-დან 20 კვირამდე.

ორსულობასთან დაკავშირებული ორი ჰორმონი – ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG) და ესტროგენი – იწვევს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უფრო მაღალ დონეს და შესაბამისად, შემთხვევათა 20%-ში აღინიშნება TSH-ის დაქვეითება.

ჰიპერთირეოიდიზმის გართულებები ორსულობისას:

  • სპონტანური აბორტი;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • დაბალი წონა დაბადებისას;
  • პრეეკლამფსია – არტერიული წნევის საშიში მატება ორსულობის ბოლოს;
  • თიროიდული შტორმი – სიმპტომების უეცარი, მძიმე გაუარესება;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა.

ჰიპოთირეოიდიზმის გართულებები ორსულობისას:

  • პრეეკლამფსია;
  • ანემია;
  • სპონტანური აბორტი;
  • დაბალი წონა დაბადებისას;
  • მკვდრადშობადობა;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა.

გართულებების თავიდან არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია  ორსულებში გესტაციური დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროული დიაგნოსტიკა.

როდის ჩავიტაროთ ორსულთა პროფილური კვლევა?

ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია ორსულის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების, ტოქსოპლაზმოზის, წითურას, ციტომეგალოვირუსის, მარტივი ჰერპეს ვირუსის და ქლამიდიას მიერ გამოწვეული ინფექციების, გესტაციური დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

ტესტისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ორსულთა პროფილი – 210 ლარი, ნაცვლად 303 ლარისა

 
Call Now Button