Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სიფილისი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სიფილისი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი) გამოწვეული ბაქტერიით, რომელიც ცნობილია როგორც Treponema pallidum.

სიფილისის პირველი ნიშანი არის პატარა, უმტკივნეულო წყლული. ის შეიძლება გამოჩნდეს სასქესო ორგანოებზე, სწორ ნაწლავზე ან პირის ღრუში. ამ წყლულს შანკრი ეწოდება. ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ მას მაშინათვე ან საერთოდ.

სიფილისის დიაგნოსტიკა შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ის ყოველგვარი სიმპტომის გამოვლენის გარეშე წლების განმავლობაში. თუმცა, რაც უფრო ადრე გამოვლინდება სიფილისი, მით უკეთესი. სიფილისმა, რომელიც დიდხანს რჩება მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოების სერიოზული დაზიანება, როგორიცაა გული და ტვინი.

როგორ ვრცელდება სიფილისი?

  • სიფილისი ვრცელდება მხოლოდ სიფილისურ შანკრებთან უშუალო კონტაქტით ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტის დროს.
  • სიფილისი შეიძლება გადაეცეს სიფილისით დაავადებული ორსულიდან ჯერ არ დაბადებულ ბავშვს.

თქვენ ვერ დაინფიცირდებით სიფილისით შემდეგი გზებით:

  • საერთო ტუალეტი
  • კარის სახელურებთან შეხება
  • საცურაო აუზები
  • ცხელი აბაზანები
  • ტანსაცმლის გაზიარება და
  • კერძების და ჭურჭლის გაზიარება

სიფილისის ნიშნები და სიმპტომები

არსებობს სიფილისის ოთხი სტადია (პირველადი, მეორეული, ლატენტური და მესამეული). თითოეულ სტადიას აქვს სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები.

პირველადი სიფილისი (საწყისი სტადია)

სიფილისის საწყის სტადიაზე შეიძლება შეამჩნიოთ რთი ან მრავლობითი წყლული. წყლული ჩნდება იმ ადგილას, საიდანაც ინფექცია მოხვდა თქვენს ორგანიზმში. ეს წყლულები, როგორც წესი, ჩნდება სხეულის შემდეგი ნაწილების შიგნით, ზედაპირულად ან მათ გარშემო:

  • პენისი;
  • საშო;
  • ანუსი;
  • სწორი ნაწლავი;
  • ტუჩები;
  • პირი.

წყლულები ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის) მყარი, მრგვალი და უმტკივნეულოა. წყლული ჩვეულებრივ ნარჩუნდება 3-დან 6 კვირამდე და შემდეგ იკურნება მიუხედავად იმისა, მკურნალობთ თუ არა. მაშინაც კი, როცა წყლული გაქრება, მაინც უნდა გაიაროთ მკურნალობის კურსი –  ეს შეაჩერებს ინფექციის გადასვლას მეორეულ სტადიაზე.

მეორეული სიფილისი

მეორეულ სტადიაზე შეიძლება გქონდეთ კანის გამონაყარი და/ან წყლულები პირის ღრუში, საშოში ან ანუსში. ეს ეტაპი ჩვეულებრივ იწყება გამონაყარით თქვენი სხეულის ერთ ან მეტ უბანზე. გამონაყარი შეიძლება გამოჩნდეს პირველადი წყლულის შეხორცებისას ან წყლულის შეხორცებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გამონაყარი შეიძლება იყოს ხელის და/ან ფეხის გულებზე და გარეგნულად იყოს უხეში, წითელი ან მოწითალო ყავისფერი.

გამონაყარი ჩვეულებრივ არ იწვევს ქავილს და ზოგჯერ იმდენად სუსტია, რომ ვერც კი შეამჩნევთ. სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ცხელება;
  • გადიდებული ლიმფური ჯირკვლები;
  • ყელის ტკივილი;
  • ლაქოვანი თმის ცვენა;
  • თავის ტკივილი;
  • წონაში კლება;
  • კუნთების ტკივილი და
  • დაღლილობა (ძლიერი დაღლილობის შეგრძნება).

ამ სტადიის სიმპტომებიც ქრება, მიუხედავად იმისა იმკურნალებთ თუ არა, თუმცა სწორი მკურნალობის გარეშე, თქვენი ინფექცია გადავა სიფილისის ლატენტურ და, შესაძლოა, მესამეულ სტადიაზეც კი.

ლატენტური სიფილისი

სიფილისის ლატენტური სტადია არის პერიოდი, როდესაც არ აღინიშნება ხილული ნიშნები ან სიმპტომები. მკურნალობის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ინფექცია ორგანიზმში წლების განმავლობაში.

მესამეული სიფილისი

არანამკურნალევ, სიფილისით დაავადებულთა უმეტესობას არ უვითარდება მესამეული სიფილისი. თუმცა, თუ მესამეული სიფილისი განვითარდა, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე. მათ შორისაა გული და სისხლძარღვები, ტვინი და ნერვული სისტემა. მესამეული სიფილისი ძალიან სერიოზული მდგომარეობაა და შეიძლება იგი განვითარდეს თქვენი ინფექციის დაწყებიდან 10-30 წლის შემდეგ. მესამეული სიფილისის დროს დაავადება აზიანებს თქვენს შინაგან ორგანოებს და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც კი. მესამეული სიფილისის პოტენციური შედეგები მოიცავს:

  • სიბრმავე;
  • სმენის დაკარგვა;
  • ფსიქიკური პრობლემები;
  • მეხსიერების დაკარგვა;
  • რბილი ქსოვილებისა და ძვლების განადგურება;
  • ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა ინსულტი ან მენინგიტი;
  • გულის დაავადება;
  • ნეიროსიფილისი, რომელიც არის თავის ან ზურგის ტვინის ინფექცია.

ნეიროსიფილისი, თვალის სიფილისი და ოტოსიფილისი

მკურნალობის გარეშე სიფილისი შეიძლება გავრცელდეს ტვინში და ნერვულ სისტემაში (ნეიროსიფილისი), თვალში (თვალის სიფილისი) ან ყურში (ოტოსიფილისი). ეს შეიძლება მოხდეს ზემოთ აღწერილი ნებისმიერი სტადიის დროს.

ნეიროსიფილისის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • კუნთების სისუსტე და/ან კუნთების მოძრაობის პრობლემები;
  • ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები (კონცენტრაციის პრობლემა, დაბნეულობა) და/ან დემენცია (მეხსიერების, აზროვნების და/ან გადაწყვეტილების მიღების პრობლემები).

თვალის სიფილისის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • თვალის ტკივილი და/ან სიწითლე;
  • ცვლილებები თქვენს მხედველობაში ან თუნდაც სიბრმავე.

ოტოსიფილისის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • სმენის დაქვეითება;
  • ყურებში შუილი, ზუზუნი, ღრიალი ან ჩურჩული (“ტინიტუსი”);
  • თავბრუსხვევა ან ვერტიგო.

სიფილისი და ორსულობა

ორსულებს, რომლებსაც აქვთ სიფილისი, ემუქრებათ მუცლის მოშლა, მკვდრადშობადობა ან ნაადრევი მშობიარობა.

სიფილისით დაავადებული ქალების ბავშვები შეიძლება დაინფიცირდნენ ორსულობისას ტრანსპლაცენტარულად ან მშობიარობის დროს – ეს ცნობილია როგორც თანდაყოლილი სიფილისი. თანდაყოლილი სიფილისით ინფიცირებულ ახალშობილთა უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ზოგიერთ მათგანს აღენიშნება:

  • გამონაყარი ხელისა და ფეხის გულებზე;
  • განვითარების შეფერხება;
  • კრუნჩხვები;
  • ცხელება;
  • გადიდებული ღვიძლი ან ელენთა;
  • ანემია;
  • სიყვითლე;
  • ინფექციური წყლულები;

მოგვიანებით გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სიყრუეს, კბილების დეფორმაციას და უნაგირა ცხვირს.

სიფილისი და HIV

სიფილისით დაავადებულ ადამიანებს აქვთ აივ-ით დაინფიცირების მაღალი რისკი. სიფილისის დროს განვითარებული წყლულები აადვილებს აივ-ის ორგანიზმში შეღწევას.ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აივ ინფიცირებულებს შესაძლოა ჰქონდეთ სიფილისის განსხვავებული სიმპტომები.

თუ თქვენ გაქვთ აივ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ სიფილისის სიმპტომები თქვენს მდგომარეობაში.

სიფილისის გართულებები

არანამკურნალევ სიფილისს შეიძლება ჰქონდეს დამანგრეველი შედეგები, მათ შორის:

  • გუმები, რომლებიც შეიცავს მკვდარი, შეშუპებული, ბოჭკოვანი ქსოვილის მასებს. ისინი ყველაზე ხშირად გვხვდება ღვიძლში. ისინი ასევე შეიძლება განვითარდეს თავის ტვინში, გულში, კანში, ძვლებში, თვალებსა და სათესლე ჯირკვლებში;
  • სიბრმავე;
  • სმენის დაკარგვა;
  • ტვინის დაზიანება;
  • დამბლა;
  • მენინგიტი;
  • გულის სარქვლის დაზიანება;
  • ანევრიზმა;
  • აორტიტი (აორტის ანთებითი დაავადება).

სიფილისის დიაგნოსტიკა

სიფილისის დიაგნოსტირება შესაძლებელია:

  • სისხლით. სისხლის ანალიზს შეუძლია დაადასტუროს ანტისხეულების არსებობა, რომლებსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ინფექციასთან საბრძოლველად. სიფილისის გამომწვევი ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტისხეულები თქვენს ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება, ამიტომ ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მიმდინარე ან წარსული ინფექციის დასადგენად.
  • ცერებროსპინალური სითხით. თუ საეჭვოა სიფილისის ნერვული სისტემის გართულებები, ექიმმა შეიძლება ასევე შემოგთავაზოთ ცერებროსპინალური სითხის ნიმუშის გამოკვლევა.
  • სიფილისის წყლულიდან გამონაჟონი სითხის ტესტირებით

როდის უნდა ჩავიტაროთ ტესტი სიფილისზე?

რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ ტესტი სიფილისზე, თუ სქესობრივად აქტიური ხართ და

  • თუ გქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი სავარაუდოდ სიფილისით ინფიცირებულთან;
  • თუ ხართ სექს-მუშაკი;
  • თუ გაქვს დაუცველი სქესობრივი კონტაქტი მრავალ პარტნიორთან;
  • თუ ხართ ბისექსუალი ან ჰომოსექსუალი მამაკაცი;
  • თუ გაქვთ აივ (HIV)/შიდსი;
  • თუ ხართ ორსულად (ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს ტესტი სიფილისზე პირველი პრენატალური ვიზიტის დროს. ზოგიერთ ორსულს ესაჭიროება ხელახალი ტესტირება მესამე ტრიმესტრში 28-ე კვირაზე და მშობიარობისას).

თუ ტესტის შედეგი დადებითია (ინფიცირებული ხართ), მნიშვნელოვანია სრული მკურნალობის კურსის ჩატარება. დარწმუნდით, რომ დაასრულეთ ანტიბიოტიკოთერაპიის სრული კურსი, მაშინაც კი, თუ სიმპტომები გაქრება. ასევე მოერიდეთ ყოველგვარ სექსუალურ აქტივობას, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს რეკომენდებულია ტესტირება აივ-ზე.

სიფილისით ინფიცირებულმა ადამიანებმა უნდა აცნობონ ყველა ბოლოდროინდელ სექსუალურ პარტნიორს, რათა მათაც შეძლონ ტესტირება და მკურნალობა.

სიფილისის მკურნალობა

ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში სიფილისი ადვილად განკურნებადია.

სიფილისი განკურნებადია სწორი ანტიბიოტიკებით მკურნალობის და კურსის ბოლომდე ჩატარების შემთხვევაში. თუმცა, მკურნალობამ შეიძლება ვერ აალაგოს ინფექციის მიერ გამოწვეული ზიანი.

მკურნალობის შემდგომი დაკვირვება

სიფილისის მკურნალობის შემდეგ, ექიმი მოგთხოვთ:

  • ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები და გამოკვლევები პერიოდულად, რათა დარწმუნდეთ, რომ პასუხობთ მკურნალობას. თქვენი კონკრეტული შემდგომი გამოკვლევა დამოკიდებული იქნება სიფილისის სტადიაზე, რომლის დიაგნოზიც გაქვთ;
  • მოერიდოთ სქესობრივ კონტაქტს ახალ პარტნიორებთან, სანამ მკურნალობა არ დასრულდება და სისხლის ანალიზი მიუთითებს ინფექციის განკურნებაზე;
  • აცნობოთ თქვენს სქესობრივ პარტნიორებს, რათა მათ ჩაუტარდეთ ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა;
  • გაიაროთ ტესტირება აივ ინფექციაზე.

სიფილისით ერთხელ ინფიცირება არ გიცავთ სიფილისით ხელახალი ინფიცირებისგან. წარმატებული მკურნალობის შემდეგაც კი შეიძლება ისევ დაგემართოთ სიფილისი. მხოლოდ ლაბორატორიულ ტესტებს შეუძლიათ დაადასტურონ, გაქვთ თუ არა ინფექცია. აუცილებელია მკურნალობის შემდგომი, პერიოდული ტესტირება, რათა დარწმუნდეთ მკურნალობის წარმატებაში. თქვენ შეიძლება კვლავ დაგემართოთ სიფილისი, თუ თქვენი სქესობრივი პარტნიორი(ები) არ ჩაიტარებს ტესტს სიფილისზე და არ გაივლის მკურნალობის კურსს.

მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს !

პრევენცია

სიფილისის ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ სიფილისის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:

  • თავი შეიკავეთ საეჭვო სქესობრივი კონტაქტისგან ან იყავით მონოგამიურ ურთიერთობაში. სიფილისის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება. შემდეგი საუკეთესო ვარიანტია მონოგამიური სქესობრივი კონტაქტი, როდესაც არც ერთი პარტნიორი არ არის ინფიცირებული.
  • გამოიყენეთ ლატექსის პრეზერვატივი. კონდომებს შეუძლიათ შეამცირონ სიფილისით დაინფიცირების რისკი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონდომი ფარავს სიფილისის წყლულებს.

თუ ეჭვობთ სიფილისზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (პრევენციის მიზნით), ლაბორატორიასინევოგთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories
 

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !

რესურსები

https://www.cdc.gov/std/syphilis/stdfact-syphilis.htm

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/syphilis/symptoms-causes/syc-20351756

https://www.healthline.com/health/std/syphilis#prevention

https://www.webmd.com/sexual-conditions/syphilis#3

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button