Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

პროლაქტინი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

პროლაქტინის ტესტი (PRL) ზომავს პროლაქტინის დონეს სისხლში. პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოფიზის ჯირკვალში. ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სექსუალური ცხოვრების ხარისხი, ნივთიერებათა ცვლა და ძლიერი იმუნური სისტემაც კი, დამოკიდებულია ჰორმონალურ ბალანსზე, მათ შორის სისხლში პროლაქტინის ნორმალურ დონეზე.

პროლაქტინის მომატებული დონე სისხლში, ქალების შემთხვევაში იწვევს: მენსტრუალური ციკლის არევას, უნაყოფობის ან დაორსულების პრობლემას. მამაკაცების შემთხვევაში: დაქვეითებულ ლიბიდოს და გაუარესებულ სქესობრივ ცხოვრებას.

პროლაქტინი იწვევს მკერდის ზრდას და რძის გამომუშავებას ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ. პროლაქტინის დონე ჩვეულებრივ მაღალია ორსულებსა და ახალშობილებში.

თუ პროლაქტინის დონე ნორმაზე მაღალია, ხშირად ეს მიანიშნებს ჰიპოფიზის სიმსივნეზე, რომელიც ცნობილია როგორც პროლაქტინომა. ჰიპოფიზის სიმსივნე იწვევს ჯირკვლში ჭარბი რაოდენობით პროლაქტინის გამომუშავებას.

პროლაქტინის რაოდენობის სიჭარბეს განაპირობებს:

  • პროლაქტინომა (კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰიპოფიზის ჯირკვალში, რომელიც გამოიმუშავებს ძალიან ბევრ პროლაქტინს);
  • დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰიპოთალამუსზე (თავის ტვინის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს ჰიპოფიზის ჯირკვალს);
  • ანორექსია (კვების დარღვევა);
  • წამლები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, ფსიქოზის და მაღალი წნევის სამკურნალოდ.
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • თირკმლის დაავადება;
  • ძუძუსთავების სტიმულაცია;
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი.

პროლაქტინის გამოკვლევა

სისხლში პროლაქტინის შემცველობის განსაზღვრის მიზანია:

  • გალაქტორეის ანუ რძის გამოყოფის მიზეზის დადგენა;
  • თავის ტკივილისა და მასთან ერთად მხედველობის მოშლის მიზეზის დადგენა;
  • მამაკაცებში უნაყოფობისა და ერექციული დისფუნქციის მიზეზის დადგენა;
  • ქალებში უნაყოფობის მიზეზის დადგენა;
  • პროლაქტინომის დიაგნოსტიკა;
  • ჰიპოფიზის ფუნქციის დადგენა;
  • მეთვალყურეობა პროლაქტინომის მკურნალობისას.

სიმპტომები

პროლაქტინის განსაზღვრა ხდება ზოგადად ჰორმონალური ფონის კვლევისას ან/და შემდეგი ჩივილებისას:

  • თავის გამუდმებული ტკივილი;
  • მხედველობის საგრძნობი დაქვეითება;
  • რძის გამოყოფა არაორსულ ქალებში და მამაკაცებში;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა;
  • მამაკაცებში ლიბიდოს დაქვეითება, ერექციისა და იმპოტენციის პრობლემები;
  • ასევე, ჰიპოფიზის ფუნქციის კვლევისას.

პროლაქტინი ქალებში

ქალებს, რომელთაც მენოპაუზის პერიოდი გაიარეს, შესაძლოა პროლაქტინის დონის დარღვევის სიმპტომატიკა არც აღმოაჩნდეთ მანამ, სანამ აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება.

ჭარბი პროლაქტინი მენოპაუზის შემდგომ, ხშირად იწვევს ჰიპოთირეოიზს. პათოლოგიის სიმპტომატიკა კი შემდეგია:

  • სისუსტე (ენერგიის არარსებობა);
  • დეპრესიულობა;
  • წონის მატება;
  • კუნთების ტკივილი;
  • ცივი ტემპერატურის აუტანლობა.

ჭარბი პროლაქტინი ქალებში, რომლებსაც არ გაუვლიათ მენოპაუზა, პათოლოგიის სიმპტომატიკა მოიცავს:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
  • უნაყოფობა;
  • მკერდის მგრძნობელობა.

პროლაქტინი კაცებში

ჭარბი პროლაქტინი მამაკაცებში, პათოლოგიის სიმპტომატიკა მოიცავს:

  • მკერდიდან გამონადენი;
  • მკერდის გადიდება;
  • დაბალი სექსუალური ლტოლვა;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • სხეულზე თმის ცვენა.

ხშირი სიმპტომები

ჭარბი პროლაქტინის სიმპტომები, ქალებსა და მამაკაცებში მოიცავს:

  • აუხსნელი თავის ტკივილი;
  • მხედველობის პრობლემები.

როგორ ჩავიტაროთ ტესტი

გამომდინარე იქიდან, რომ პროლაქტინის დონე სისხლში იცვლება დღის მანძილზე, კვლევა ტარდება დილას, გაღვიძებიდან 3-4 საათის მანძილზე. პაციენტი უნდა იყოს უზმო, მშვიდ მდგომარეობაში. მოსამზადებელ პერიოდში, ანუ ანალიზამდე 24 საათის მანძილზე, სასურველია, მოერიდოთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს. ტესტი გულისხმობს სისხლის ნიმუშს მკლავის ვენიდან აღებას.

ხშირად, პროლაქტინის დონეზე სისხლში მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ორსულობა, ციკლის სხვადასხვა ფაზა, მენოპაუზა, ასევე მედიკამენტები (განსაკუთრებით ჰორმონალური), რომელსაც შესაძლებელია იღებდეს პაციენტი. ასეთ შემთხვევაში, ანალიზამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარ კონსულტაცია ექიმთან.

ტესტის შედეგები

სიჭარბე

თუ ტესტმა აჩვენა რომ პაციენტს აღენიშნება პროლაქტინის რაოდენობა სისხლში ნორმაზე მაღალი, ეს შესაძლოა მიუთითებდეს სხვადასხვა გართულებებზე, როგორიცაა:

  • პროლაქტინომა (ჰიპოფიზის სიმსივნის ტიპი);
  • ჰიპოთირეოზი;
  • ჰიპოთალამუსის დაავადება. ჰიპოთალამუსი არის ტვინის ის უბანი, რომელიც აკონტროლებს ჰიპოფიზის ჯირკვალს და სხეულის სხვა ფუნქციებს;
  • ღვიძლის დაავადება.

დეფიციტი

თუ ტესტმა აჩვენა პროლაქტინის დაბალი დონე, ხშირად ეს მდგომარეობა არ საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პროლაქტინის რაოდენობის სიმცირე.

ნორმა

სხვადასხვა მეთოდით კვლევის შემთხვევაში პროლაქტინის ნორმა სხვადასხვანაირია, რის გამოც კვლევის შედეგებთან ერთად ლაბორატორიამ უნდა მიუთითოს ნორმის საზღვრებიც. არაორსული ქალებისთვის პროლაქტინის ნორმაა 4-23 ნანოგრამი მილილიტრში (ნგ/მლ) ან 4-23 მიკროგრამი ლიტრში (მკგ/ლ). მამაკაცებისთვის – 3-15 ნგ/მლ ან 3-15 მკგ/ლ; ორსულებისთვის – 34-386 ნგ/მლ ან 34-386 მკგ/ლ.

მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი მიზანი პროლაქტინის სეკრეციის ნორმალიზება, რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა და დაავადების სხვა სიმპტომების გაქრობაა. მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია და პრობლემის მიზეზზეა დამოკიდებული.

ჰიპერპროლაქტინემია ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ექიმთან ვიზიტისა და მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ექიმი პერიოდულად ლაბორატორიული კვლევით ამოწმებს პროლაქტინის შემცველობას სისხლში, რათა მკურნალობის ეფექტიანობა განსაზღვროს. ჰიპოფიზის დიდი ზომის მზარდი ადენომის შემთხვევაში შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს ქირურგიული მკურნალობა.

ექიმის დაუკითხავად ნებისმიერი სახის პროლაქტინის სამკურნალო პრეპარატის შეწყვეტა დაუშვებელია – ამან შესაძლოა სიმსივნის რეციდივი გამოიწვიოს. თუ სასურველი შედეგი მედიკამენტური თერაპიის დაწყებიდან 5 წლის შემდეგაც ვერ მივიღეთ, დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ქირურგიული მკურნალობაც უშედეგოა, მკურნალობაში ერთვება სხივური თერაპია. პროგნოზი თითქმის ყოველთვის კეთილსაიმედოა. სიმსივნის მალიგნიზაცია ძალზე იშვიათად ხდება.

წყარო

  • https://medlineplus.gov/lab-tests/prolactin-levels/
  • https://www.webmd.com/a-to-z-guides/prolactin-test

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button