ზოგადი ინფორმაცია
პლაზმინის ზემოქმედებით ფიბრინის კოლტის დეგრადაციის პროცესში წარმოიქმნება D-დიმერების შემცველი ფრაგმენტები. ამგვარად, D-დიმერი განიხილება ჰიპერკოაგულაციის და ენდოგენური ფიბრინოლიზის მარკერად და თრომბოზის მქონე პაციენტებში აღინიშნება მისი მომატებული დონე.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
- ტესტს აქვს ნეგატიური პროგნოზული მნიშვნელობა ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის თრომბოემბოლიისთვის იმ გაგებით, რომ საეჭვო პაციენტებში უარყოფითი შედეგის მიღება გამორიცხავს ამ დაავადებების არსებობას მინიმუმ 90%-ით.
- D-დიმერი ორსულობის დროს. ორსულობისას მისი დონე თანდათან იზრდება და აქვს ცუდი პროგნოზული მნიშვნელობა ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოზის გამოსარიცხად გესტაციის 20 კვირის შემდეგ. მშობიარობის დროს, D-დიმერი, როგორც წესი, ძალიან იზრდება, შემდეგ კი სწრაფად იკლებს მშობიარობიდან 3 დღის განმავლობაში და ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობას დაახლოებით 4 კვირის შემდეგ. ამ მომენტიდან ტესტი იბრუნებს თავის მნიშვნელობას.
- თრომბოზის რეციდივის რისკის განსაზღვრა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღრმა ვენების არაპროვოცირებული თრომბოზი ანამნეზში და არ აქვთ თრომბოფილური დარღვევები;
- გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაციის სინდრომი (DIC). რეკომენდებულია დიაგნოსტიკური ეჭვის დასადასტურებლად/გასაქარწყლებლად, DIC-ის მქონე პაციენტებში პოტენციური რისკის შესაფასებლად და დაწყებული თერაპიის მონიტორინგისთვის.
- თრომბოლიზური თერაპიის დროს თრომბის ლიზისის ხარისხის მონიტორინგი.
- ეჭვი აორტის მწვავე დისექციაზე.
- წინაგულების ქრონიკული ფიბრილაციის მქონე პაციენტების გადარჩენის ალბათობის განსაზღვრა შემდეგი 2 წლის განმავლობაში.
- კარდიოვასკულარული სიკვდილიანობის დამოუკიდებელი რისკ ფაქტორი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის უკმარისობის მქონე პაციენტების რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების სტრატიფიკაციისთვის.
- გულის კორონარული დაავადების პოტენციური რისკ ფაქტორი.
- სუბკლინიკური თრომბოფილიის მარკერი.
- აუხსნელი პირველადი ან მეორეული უნაყოფობა და თრომბოფილია.
- ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში სახეზე გვაქვს D-დიმერის მაღალი მაჩვენებლები სიმსივნის სტადიის შესაბამისად, რაც სასარგებლოა ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების იდენტიფიცირებისთვის ოპერირებადი კიბოს მქონე პაციენტებში.
ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
D-დიმერების მატება დაკავშირებულია შემდეგ მდგომარეობებთან:
- DIC სინდრომი
- არტერიული ან ვენური თრომბოზი
- თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა
- ფილტვის ემბოლია
- პრეეკლამფსია
- მიოკარდიუმის ინფარქტი
- სიმსივნეები
- ანთება
- მძიმე ინფექციები
- ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორით თერაპია
შეზღუდვები
D-დიმერის დონის მომატება შეიძლება გამოვლინდეს
- ნორმალური ორსულობის დროს
- ესტროგენოთერაპიისას
- ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას
- ხანდაზმულებში
- ტრავმის შემდეგ
- პოსტოპერაციული სტრესის შემდეგ
D-დიმერის კონცენტრაცია იზრდება საკვერცხის კიბოს CA-125 მარკერის მატების პარალელურად.
რევმატოიდული ფაქტორის არსებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს D-დიმერის განსაზღვრას და გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.