Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ინსულინრეზისტენტობა და პრედიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ინსულინრეზისტენტობა და პრედიაბეტი

რა არის ინსულინი?

ინსულინი პანკრეასის β უჯრედების მიერ წარმოქმნილი ჰორმონია, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის მეტაბოლიზმში. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად, წარმოადგენს ენერგიის წყაროს. ინსულინის მეშვეობით ხდება მისი ათვისება უჯრედების მიერ. საჭიროების შემთხვევაში მაგალითად შიმშილისას ღვიძლის უჯრედებს შეუძლია გლუკოზის წარმოქმნა (გლუკონეოგენეზი). როდესაც კვების შემდეგ გლუკოზის დონე ძალიან იმატებს სისხლში, სტიმულირდება ინსულინის გამოყოფა, რაც უზრუნველყოფს ზედმეტი შაქრის გარდაქმნას და ათვისებას უჯრედების მიერ და ამით სისხლის გლიკემიის დონის შენარჩუნებას.

რა არის ინსულინრეზისტენტობა?

ინსულინრეზისტენტობა ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ორგანიზმის უჯრედები (ღვიძლის, კუნთების, ცხიმოვანი) არ რეაგირებს ინსულინზე და სისხლიდან ვერ ითვისებს ზედმეტ გლუკოზას (შაქარს). ამის შედეგად პანკრეასი კომპენსატორული მექანიზმით აძლიერებს ინსულინის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში, რათა ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოს გლიკემიის დონე სისხლში.

რა არის პრედიაბეტი?

პრედიაბეტი მდგომარეობაა, როდესაც გლუკოზის დონე სისხლში მაღალია, თუმცა არც იმდენად, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას. პრედიაბეტი გვხვდება იმ ადამიანებში, რომელთა პანკრეასის β უჯრედები არასაკმარისად გამოიმუშავებს ინსულინს, ან აღენიშნებათ ინსულინრეზისტენტობა. დროთა განმავლობაში გლუკოზის ათვისებასა და ინსულინის გამოყოფა/მოხმარებას შორის დისბალანსის გამო ვითარდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.

ვის აქვს მეტი ალბათობა ინსულინრეზისტენტობის და პრედიაბეტის განვითარების?

ადამიანებს გენეტიკური წინასწარგანწყობით და ცხოვრების პასიური სტილით უფრო ხშირად უვითარდებათ ინსულინრეზისტენტობა და პრედიაბეტი, თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებიც. ესენია:

  • ჭარბი წონა და სიმსუქნე
  • 45 წლის ზემოთ ასაკი
  • დიაბეტის ოჯახური ანამნეზი
  • არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია
  • გესტაციური (ორსულობის) დიაბეტის ანამნეზი
  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ანამნეზი
  • პოლიკისტური სავერცხეების სინდრომი და სხვა.

ადამიანებს მეტაბოლური სინდრომით – მაღალი არტერიული წნევის და სისხლში ლიპიდების მომატების კომბინაციით მუცლის გარშემოწერილობის მატებასთან ერთად – ასევე აქვთ პრედიაბეტის განვითარების მაღალი რისკი.

გარდა ჩამოთვლილი რისკფაქტორებისა, ინსულინრეზისტენტობის განვითარებას ხელს უწყობს:

  • ჰორმონული დარღვევევბით მიმდინარე დაავადებები. მაგ: კუშინგის სინდრომი, აკრომეგალია
  • ზოგიერთი მედიკამენტები, მაგ: გლუკოკორტიკოიდები, ანტიფსიქოზური და ზოგიერთი ანტი-აივ მედიკამენტები)
  • ძილის დარღვევევბი, ძილის აპნოე.

რადგან შეუძლებელია ისეთი რისკ-ფაქტორების შეცვლა როგორიცაა ოჯახური ანამნეზი და ასაკი, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები: კვების დარეგულირების , ფიზიკური აქტივობის და სხეულის წონის კონტროლის გზით. ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ინსულინრეზისტენტობისა და პრედიაბეტის განვითარების რისკები.

რა იწვევს ინსულინრეზისტენტობას და დიაბეტს?

ინსულინრეზისტენტობის და პრედიაბეტის განვითარების მექანიზმი ბოლომდე დასაბუთებული არაა, თუმცა სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია წონისა და ფიზიკური აქტივობის გავლენა ამ პროცესების განვითარებაზე.

ჭარბი წონა

ინსულინრეზისტენტრობის ერთერთი უმთავრესი მიზეზი არის მუცლის ტიპის და ვისცერული (შინაგანი ორგანოების გარშემო განვითარებული) სიმსუქნე. წელის გარშემოწერილობა 100სმ-ზე მეტი მამაკაცებში და 90სმ-ზე მეტი ქალებში, როგორც წესი ინსულინრეზისტენტობას უკავშირდება, იმის მიუხედავად, ნორმის ფარგლებში ჯდება თუ არა ადამიანის სხეულის მასის ინდექსი (BMI). კვლევებით დადასტურებულია, რომ მუცლის ცხიმის უჯრედები გამოიმუშავებს ჰორმონებს და ისეთ აქტიურ სუბსტანციებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქრონიკული ანთებითი პროცესების განვითარებაში. ქრონიკული ანთებითი პროცესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსულინრეზისტენტობის, პრედიაბეტის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებაში (ინსულტი, ინფარქტი). ინსულინრეზისტენტობა ასევე ღვიძლის გაცხიმოვნების მიზეზიც ხდება.

ფიზიკური აქტივობა

არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ინსულინრეზისტენტობასთან და პრედიაბეტთან პირდაპირ კავშირშია. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და შესაძლებელს ხდის სისხლში გლუკოზის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას.

ინსულინრეზისტენტობის და პრედიაბეტის სიმპტომები

ორივე მდგომარეობა ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდ იწყება. პრედიაბეტის მქონე ადამიანებს ზოგჯერ კანის გამუქება აღენიშნებათ ბუნებრივ ნაოჭებში და კისრის უკანა-გვერდით ზედაპირებზე. ამავე მიდამოებში ზოგჯერ ჩნდება კანის მცირე წარმონაქმნები. ამავდროულად სისხლში გლუკოზის დონე არ არის იმდენად მაღალი, რომ დიაბეტის სიმპტომები განვითარდეს. თუმცა ზოგ პაციენტში ნაადრევად იწყება მხედველობის (რეტინოპათია) პრობლემები.

როგორ დავსვათ დიაგნოზი?

პრედიაბეტის და ინსულინრეზისტენტობის დიაგნოზზე ეჭვის მიტანა პირველ რიგში ხდება ანამნეზური მონაცემებით, რის შემდეგაც აუცილებელია რიგი კვლევების ჩატარება.

  • უზმოზე გლუკოზის განსაზღვრა
  • კვებიდან 1-2 საათში გლუოზის განსაზღვრა
  • ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტი (საჭიროების შემთხვევაში)- განსაზღვრავს თუ როგორ უმკლავდება კვების შემდეგ გამოყოფილი ინსულინი გლუკოზის მაღალ დონეს. ხშირად უზმოზე გლიკემიის მაჩვენებელი ნორმაა და მხოლოდ ტოლერანტობის ტესტით შეგვიძლია დავადგინოთ ინსულინრეზისტენტობა. ასევე ეს ტესტი მნიშვნელოვანია გესტაციური (ორსულობის) დიაბეტის დიაგნოსტირებისთვისაც.
  • გლიკირებული ჰემოგლობინი – განსაზღვრავს ბოლო 3 თვის განმავლობაში გლიკემიის საშუალო მაჩვენებელს.
  • HOMA-ინდექსი – თანაფარდობა გლუკოზასა და ინსულინის კონცენტრაციას შორის, რაც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ინსულინრეზისტენტობის დიაგნოსტირებისთვის.

ინსულინრეზისტენტობის და პრედიაბეტის მქონე ადამიანებში, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, 50%-ით მატულობს.

  • თუ ადამიანს აქვს გაცხიმოვნება, ან ჩამოთვლილი რისკფაქტორებიდან ერთს, ან რამდენიმეს ამკაყოფილებს, ესე იგი კვლევების ჩატარების დროა!
  • თუ კვლევების მონაცემები ნორმაშია, მაგრამ გაქვთ რისკ-ფაქტორები (ოჯახური ანამნეზი; სიმსუქნე; ასაკი; ცხოვრების პასიური რეჟიმი და სხვა), სასურველია კვლევები გაიმეოროთ მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ მაინც.

სინევო“ გთავაზობთ ინსულინრეზისტენტობის და პრედიაბეტის სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

„სინევო“ ასევე გთავაზობთ დიაბეტის კვლევების პროფილებს

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button