Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ინფექციური მონონუკლეოზი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ტერმინი „ინფექციური მონონუკლეოზი“ პირველად 1920 წელს იყო გამოყენებული, როდესაც აღწერეს სტუდენტების ჯგუფი, ერთნაირი ფარინგეული (ყელის) ჩივილებით და ლაბორატორიული კვლევების მონაცემებით. მოგვიანებით ეპშტეინ ბარის ვირუსი იქნა მიჩნეული მონონუკლეოზის განვითარების მთავარ მიზეზად.

გამომწვევი:

ეპშტეინ ბარის ვირუსი ჰერპესვირუსებს განეკუთვნება და ნერწყვთან ერთად ვრცელდება. ეპშტეინ ბარის ვირუსით ინფიცირებიდან 4-6 კვირაში იწყება დაავადების კლინიკური გამოვლინება. ეპშტეინ ბარის ვირუსის გარდა მონონუკლეოზის გამოწვევა შეუძლია:

  • ციტომეგალოვირუსს
  • ადენოვირუსებს
  • A ჰეპატიტის ვირუსს
  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს
  • ტოქსოპლაზმას
  • წითურას ვირუსს

როდესაც ეპშტეინბარის ვირუსი მოხვდება ოროფარინგეულ (პირხახის) არეში, იწყებს გამრავლებას. დაავადება ვრცელდება ლიმფურ სისტემაში. ორგანიზმი ვირუსულ პროცესზე რეაგირებს ანტისხეულების წარმოქმნით. ეპშტეინ-ბარის ვირუსი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ორგანიზმში, პერიოდული რეაქტივაციით. სუსტი იმუნური რეაციის პირობებში, არსებობს  ჰოჯკინის ლიმფომის განვითარების შესაძლებლობა.

სიმპტომები

დაავადების დამახასიათებელია კლინიკური ტრიადა:

  • ცხელება
  • ტონზილო-ფარინგიტი
  • ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება)

გარდა ამ სიმპტომებისა, აღინიშნება:

  • ძლიერი საერთო სისუსტე
  • ღვიძლის და/ან ელენთის გადიდება
  • გამონაყარი
  • კუნთების ტკივილი

ზოგჯერ საერთო სისუსტე დაავადების გადატანიდან თვეების მანძილზე გრძელდება. ლიმფადენოპათია ძირითადად გამოხატულია კისრის უკანა მიდამოში. ფარინგიტი ხშირად ნუშურა ჯირკვლების ექსუდატით მიმდინარეობს. სასის ფარდაზე და ნაქზე  აღინიშნება პეტექიები (წერტილოვანი სისხლჩაქცევები). ელენთის გადიდება დაავადების აქტიურ პერიოდში პაციენტთა თითქმის ნახევარს აღენიშნება. არასპეციფიკური, გენერალიზებული მაკულო-პაპულური გამონაყარი ასევე საკმაოდ ხშირია დაავადების აქტიურ ფაზაში.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებს. დაავადებისთვის ტიპიურია ლიმფოციტოზი – ლიმფოციტების რაოდენობის მკვეთრი მატება. ჰეტეროფილური და სპეციფიკური ანტისხეულები სისხლში ჩნდება ცოტა მოგვიანებით, რითაც დასტურდება მონონუკლეოზის დიაგნოზი. ლეიკოციტოზთან შერწყმული ნეიტროპენია  და თრომბოციტოპენია, ასევე ხშირი მოვლენაა.

დაავადების აქტიური ფაზა საშუალოდ 2-4 კვირა გრძელდება, თუმცა, ინფექციის სიმპტომებმა შესაძლოა 6 თვემდეც კი გასტანოს.

დიფერენცირებული დიაგნოსტიკა

ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეულ დაავდებას ძალიან გავს სხვა ვირუსებით და ზოგიერთი რიკეტსიებით გამოწვეული მდგომარეობები. დიფდიაგნოსტიკა ხდება ციტომეგალოვირუსთან, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან, ტიპი 6 ჰერპესვირუსთან, B ჰეპატიტის ვირუსთან და ლაიმის დაავადებასთან (ბორელიოზი).

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია –  ცხელების და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით. მოსვენებითი მდგომარეობა, ადექვატური ოდენობით სითხის და საკვების მიღება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ოტოლარინგოლოგიური გართულების შემთხვევაში ნაჩვენებია სტეროიდოთერაპია. ანტიბიოტიკოთერაპია არარეკომენდებულია, რადგან შესაძლებელია გენერალიზებული მაკულო-პაპულური გამონაყრის მიზეზი გახდეს. ასევე არარეკომენდებულია ადრეული ფიზიკური დატვირთვა, ელენთის გადიდების შესაძლო გაგრთულებების გამო.

დაავადების პრევენცია შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მონონუკლეოზის ვაქცინაცია.

პროგნოზი

ეპშტეინ ბარის ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება გართულებების გარეშე და უვითარდება მყარი იმუნიტეტი, რომელიც აკონტროლებს „მიძინებულ“ გამომწვევს. იშვიათ შემთხვევებში განვითარებული ავთვისებიანი პროცესების კავშირი ეპშტეინ ბარის ვირუსთან, საბოლოოდ არ არის დადასტურებული.

გართულებები

  • ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია მასობრივი ლიმფადენოპათიით
  • ელენთის გასკდომა
  • აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია
  • მიოკარდიტი
  • ენცეფალიტი, მენინგიტი
  • პანციტოპენია (სისხლის ყველა შტოს უჯრედების დათრგუნვა)
  • ჰემოლიზური ურემიული სინდრომი
  • თირკმლის ანთებითი დაზიანებები
  • ეპისკლერიტი, უვეიტი
  • კანის მულტიფორმული ერითემა

საკვლევი მასალა:

ვენური სისხლი

სინევო გთავაზობთ ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოსტიკას:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

რესურსები:

https://www.cdc.gov/epstein-barr/about-mono.html

https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK470387/

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button