ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

როგორ ჩავიტაროთ ძუძუს თვითგასინჯვა? | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ძუძუს თვითგასინჯვა

ძუძუს რეგულარული თვითგასინჯვა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ქსოვილში მომხდარი ცვლილებები და საჭიროებისას დროულად მივმართოთ სპეციალისტს.

მხოლოდ თვითგასინჯვა საკმარისი არ არის, აუცილებელია ასევე სკრინინგული კვლევების ჩატარებაც, თუმცა ნებისმიერი ცვლილების დაფიქსირება მნიშვნელოვანი ეტაპია.

 

როგორ ჩავიტაროთ თვითგასინჯვა?

თვითგასინჯვა კომპლექსური პროცესია, რომელიც იწყება გარეგანი ვიზუალური დათვალიერებით და ასევე მოიცავს ფიზიკურ -ხელით გასინჯვასაც.

ვიზუალური დათვალიერება ხორციელდება სარკეშე, შიდა თეთრეულის გარეშე:

  1. დადექით სარკის წინ ჩამოშვებული მკლავებით. დააკვირდით ორივე ძუზუს ზომას, ფორმას, სიმეტრიულობას, კანის სტრუქტურას, დვრილების მდგომარეობას.
  2. ორივე მკლავი აწიეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და დააკვირდით სიმეტრიულია თუ არა ორივე ძუძუს ნაწილები.
  3. ხელები განალაგეთ თეძოებზე, დაჭიმეთ გულმკერდის კუნთები და ამ მდგომარეობაში დააკვირდით სიმეტრიულობას.

ფიზიკური გასინჯვა წარმოებს ხელით. როგორც წესი აუცილებელია ხელით გასინჯვა როგორც ვერტიკალურ მდგომარეობაში – დგომისას, ისე ჰორიზონტალურ მწოლიარე მდგომარეობაში.

თვითგასინჯვა ვერტიკალურ პოზიციაში:

  1. სარკის წინ ვიზუალური დათვალიერების შემდეგ მარჯვენა ხელით მოსინჯეთ მარცხენა ძუძუს ყველა მიდამო, იღლიის და გულმკერდის მიმდებარე უბნების ჩათვლით
  2. იგივე გაიმეორეთ მარცხენა ხელით მარჯვენა ძუძუზე.
  3. საჩვენებელი, შუა და არათითის მეშვეობით დააწექით კანს ძუძუს ყველა არეში და დააკვირდით ქსოვილების სიმკვრივეს – ერთნაირია თუ არა ყველა უბანში, ან ხომ არ შეიგრძნობა რაიმე წარმონაქმნი.
  4. თითების წრიული მოძრაობებით მოსინჯეთ ძუძუს მთელი ზედაპირი.
  5. თითების ზეწოლით ამოძრავეთ ხელი იღლიის ფოსოდან ძუძუს ცენტრის მიმართულებით.
  6. საჩვენებელ და ცერა თითს შორის მოსინჯეთ ძუძუს დვრილი და მისი ირგვლივი ქსოვილები, ასევე დვრილის ქვედა მიდამო
  7. ყველა მოძრაობას ვასრულებთ ორივე მხარეზე, საპირისპირო ხელით

 

თვითგასინჯვა ჰორიზონტალურ პოზიციაში:

  1. დაწექით ზურგზე, მარჯვენა ბეჭის ქვეშ დაიდეთ ბალიში და მარჯვენა მკლავი გადაწიეთ თავის უკან
  2. მარცხენა თითების ბალიშების მეშვეობით მოსინჯეთ მარჯვენა ძუძუს ყველა მიდამო მსუბუქი, ზომიერი და ძლიერი ზეწოლით.
  3. დარწმუნდით რომ ყველა უბანი გამოიკვლიეთ – იღლიის ფოსოს, ძუძუს დვრილის და მის გარშემო არეოლას ჩათვლით. საჩვენებლი და ცერა თითებით მოსრისეთ დვრილი, გამონადენის არსებობის დასადასტურებლად.
  4. იგივე თანმიმდევრობა გაიმეორეთ მარცხენა ძუძუზე.

 

რა ტიპის კვანძები შეიძლება აღმოჩნდეს ძუძუში?

ძუძუში აღმოჩენილი ყველა კვანძი არ წარმოადგენს კიბოს და არ არის პანიკის საფუძველი. აუცილებლად საყურადღებოა ის შემთხვევები, როდესაც:

  • კვანძი ან ნებისმიერი კერა უძრავია მიმდებარე ქსოვილთან მიმართებაში
  • აღინიშნება გამონადენი დვრილიდან
  • ძუძუს კანზე არის ჩაღრმავებები, დეფორმაციები ან უბნები კანის ფერის შეცვლით
  • შეცვლილია დვრილების მიმართულება (ზემოთაა მიმართული), ან აღინიშნება დვრილის სხვა სახის დეფორმაცია
  • კანის სტრუქტურის ცვლილება (ფორთოხლის კანი), წყლულები, შეშუპება, ზომაში ასიმეტრია

ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ძუძუს ულტრაბგერითი და მამოგრაფიული კვლევა და სპეციალისტთან ვიზიტი.

ძუძუს თვითგასინჯვა ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკური მეთოდი არ არის. მხოლოდ სპეციალისტის მიერ, კვლევებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასტურდება საბოლოო დიაგნოზი.

 

 

 

წყარო

https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/3990-breast-self-exam

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button