B ჰეპატიტი ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV). ის წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას. მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექცია რაც ზრდის ციროზისა და ღვიძლის კიბოს რისკს.
სარჩევი
B ჰეპატიტით დაავადებული მოზრდილების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება, მაშინაც კი, თუ მათი ნიშნები და სიმპტომები მძიმედ ვლინდება. ჩვილებსა და ბავშვებს უფრო ხშირად უვითარდებათ B ჰეპატიტის ქრონიკული (ხანგრძლივი) ინფექცია.
ვაქცინას შეუძლია B ჰეპატიტის თავიდან აცილება, მაგრამ მისი განკურნება შეუძლებელია. თუ ინფიცირებული ხართ, გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება დაგეხმარებათ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებაში.
მწვავე და ქრონიკული B ჰეპატიტი
B ჰეპატიტის ინფექცია შეიძლება იყოს ხანმოკლე (მწვავე) ან ხანგრძლივი (ქრონიკული).
მწვავე B ჰეპატიტი. ინფექცია გრძელდება ექვს თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. თქვენს იმუნურ სისტემას შეუძლია გაანადგუროს B ჰეპატიტის ვირუსი, რის შედეგადაც თქვენ შესაძლოა მთლიანად გამოჯანმრთელდეთ რამდენიმე თვეში. ადამიანების უმეტესობას, რომლებიც B ჰეპატიტით ინფიცირდებიან მოზრდილ ასაკში, აქვთ მწვავე ინფექცია, თუმცა ზოგჯერ მწვავე ინფექცია შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულში.
ქრონიკული B ჰეპატიტი. ინფექცია გრძელდება ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. ის ხანგრძლივდება, რადგან თქვენი იმუნური სისტემა ვერ ებრძვის ინფექციას. ქრონიკული B ჰეპატიტი შეიძლება შენარჩუნდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და გამოიწვიოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა ციროზი და ღვიძლის კიბო.
რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში ინფიცირდებით B ჰეპატიტით (განსაკუთრებით ახალშობილობისას ან 5 წელზე უმცროს ასაკში) – მით უფრო მაღალია ინფექციის გაქრონიკულების რისკი. ქრონიკული ინფექცია შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ათწლეულების განმავლობაში, მანამ სანამ ადამიანი სერიოზულად დაავადდება ღვიძლის დაავადებით.
B ჰეპატიტის გადაცემის გზები
ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა სისხლის, სპერმის ან სხეულის სხვა სითხეების მეშვეობით. ის არ ვრცელდება ცემინებით ან ხველებით.
HBV–ის გავრცელების გზებია:
სქესობრივი კონტაქტი. შეიძლება ინფიცირდეთ B ჰეპატიტით, თუ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი გაქვთ ინფიცირებულთან. ინფიცირდებით თუ ადამიანის სისხლი, ნერწყვი, სპერმა ან ვაგინალური სეკრეტი მოხვდება თქვენს ორგანიზმში.
ნემსების გაზიარება. HBV ადვილად ვრცელდება ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული ნემსებითა და შპრიცებით.
დედიდან შვილზე გადაცემა. HBV-ით ინფიცირებულ ორსულებს შეუძლიათ ვირუსი გადასცენ ბავშვებს მშობიარობის დროს. თუმცა, ახალშობილის ვაქცინაცია შესაძლებელია, რათა იგი არ დაინფიცირდეს. ესაუბრეთ თქვენს ექიმს B ჰეპატიტზე ტესტირების შესახებ, თუ ორსულად ხართ ან გსურთ დაორსულდეთ.
რისკ-ფაქტორები
B ჰეპატიტით ინფიცირების რისკი იზრდება, თუ:
- გაქვთ/გქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი მრავალ პარტნიორთან ან ვინმესთან, ვინც არის HBV ინფიცირებული;
- გააზიარეთ ნემსები ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების დროს;
- ხართ ბისექსუალი ან ჰომოსექსუალი მამაკაცი;
- ცხოვრობთ ადამიანთან, რომელსაც აქვს ქრონიკული HBV ინფექცია;
- თქვენზე მშობიარობისას, დედა ინფიცირებული იყო B ჰეპატიტით;
- ხართ ჯანდაცვის მუშაკი, რომელსაც შეხება ქონია ინფიცირებულ სისხლთან (ინფიცირებული ნემსით კანის დაზიანება);
- იმოგზაურეთ რეგიონებში, სადაც HBV ინფექციის მაღალი მაჩვენებელია, როგორიცაა აზია, წყნარი ოკეანის კუნძულები, აფრიკა და აღმოსავლეთ ევროპა.
- მოგიწიათ ჰემოდიალიზის ჩატარებამ მკურნალობის მიზნით დიდი ხნის განმავლობაში;
- გაქვთ დიაბეტი, С ჰეპატიტი ან აივ/შიდსი.
B ჰეპატიტის სიმპტომები
B ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომები გამოვლინების მიხედვით მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე. ისინი, როგორც წესი, თავს იჩენენ ინფიცირებიდან დაახლოებით 1-4 თვეში. ზოგიერთ ადამიანს, ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებს, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები.
B ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- Მუცლის ტკივილი
- მუქი შარდი
- ცხელება
- სახსრების ტკივილი
- მადის დაკარგვა
- გულისრევა და ღებინება
- სისუსტე და დაღლილობა
- სიყვითლე
თუ გაქვთ ქრონიკული B ჰეპატიტი, შეიძლება არ გქონდეთ სიმპტომები გართულებების განვითარებამდე. ეს შეიძლება მოხდეს თქვენი ინფიცირებიდან ათწლეულების შემდეგ. ამიტომ B ჰეპატიტის სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ.
გართულებები
ქრონიკულმა B ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს:
- ციროზი, ან ღვიძლის ნაწიბურები. ეს ართულებს ღვიძლის მუშაობას და საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა.
- ღვიძლის კიბო. თუ გაქვთ ქრონიკული B ჰეპატიტი, ექიმმა შეიძლება ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება გირჩიოთ, რათა დადგინდეს, არის თუ არა სახეზე ღვიძლის კიბოს ნიშნები.
- ღვიძლის უკმარისობა. ამ დროს თქვენი ღვიძლი ვეღარ ფუნქციონირებს. ღვიძლის უკმარისობა ქრონიკული B ჰეპატიტის მხოლოდ მძიმე შემთხვევებში ვითარდება.
- თირკმლების დაავადება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ B ჰეპატიტით გამოწვეული ციროზის მქონე ადამიანებს შესაძლოა უფრო მეტად ჰქონდეთ თირკმლის დაავადების გარკვეული ტიპები.
- სისხლძარღვების პრობლემები (მაგ. ვასკულიტი)
B ჰეპატიტი და ორსულობა
თუ ორსულად ხართ, შესაძლოა ვირუსი თქვენს პატარას მშობიარობის დროს გადაეცეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს თქვენი ორსულობის დროს.
თუ ბავშვს ვირუსი გადაეცემა და არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მას შეიძლება ხანგრძლივად ჰქონდეს ღვიძლის პრობლემები. ყველა ახალშობილმა, რომელსაც ჰყავს B ჰეპატიტით ინფიცირებული დედა, უნდა მიიღოს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და ჰეპატიტის ვაქცინა დაბადებისას და სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.
დიაგნოსტიკა
- სისხლის ანალიზები (B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენისა (HBsAg) და მისი საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და Cor ანტიგენის (HBcAg) საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა; B ჰეპატიტის დნმ-ის აღმოჩენა და სხვ.) სისხლის ანალიზს შეუძლია გამოავლინოს B ჰეპატიტის ვირუსის ნიშნები თქვენს ორგანიზმში და აცნობოს ექიმს, არის ეს მწვავე თუ ქრონიკული პროცესი. სისხლის უბრალო ანალიზს ასევე შეუძლია განსაზღვროს, ხართ თუ არა იმუნური ამ მდგომარეობის მიმართ.
- ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
- ღვიძლის ბიოფსია. ექიმმა შესაძლოა ამოიღოს თქვენი ღვიძლის მცირე ნიმუში ტესტირებისთვის (ღვიძლის ბიოფსია) ღვიძლის დაზიანების ხარისხის შესამოწმებლად.
მკურნალობა
მწვავე B ჰეპატიტის მკურნალობა
ხანმოკლე, მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევაში შეიძლება არ დაგჭირდეთ მკურნალობა. ამის ნაცვლად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დასვენება, სათანადო კვება და ბევრი სითხის მიღება, სანამ თქვენი ორგანიზმი ებრძვის ინფექციას. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ანტივირუსული პრეპარატები ან ჰოსპიტალიზაცია გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ქრონიკული B ჰეპატიტის მკურნალობა
ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზის მქონე ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება მკურნალობა სიცოცხლის ბოლომდე. მკურნალობა ხელს უწყობს ღვიძლის დაავადების რისკის შემცირებას და ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ქრონიკული B ჰეპატიტის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:
- ანტივირუსული მედიკამენტები
- ინტერფერონის ინექციები
- ღვიძლის გადანერგვა
მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
პრევენცია
ვაქცინაცია
პრევენციის მიზნით B ჰეპატიტის ვაქცინა რეკომენდებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილთათვის:
- ახალშობილები;
- ბავშვები და მოზარდები, რომლებიც არ არიან აცრილი დაბადებისას;
- ვინც მუშაობს ან ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში;
- ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ B ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთან;
- ჯანდაცვის მუშაკები, სასწრაფო დახმარების მუშაკები და სხვა ადამიანები, რომლებიც შეხებაში არიან სისხლთან;
- ყველა, ვისაც აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, მათ შორის აივ;
- ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცები;
- ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ მრავალი სექსუალური პარტნიორი;
- B ჰეპატიტის მქონე პირის პარტნიორები;
- ადამიანები, რომლებიც ინტრავენურად მოიხმარენ არალეგალურ ნარკოტიკებს ან იზიარებენ ნემსებსა და შპრიცებს;
- ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები;
- თირკმლის დაავადების ბოლო სტადიის მქონე ადამიანები;
- ადამიანები, რომლებიც აპირებენ მოგზაურობას ისეთ მხარეში, სადაც B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია;
ინფორმირებულობა ნებისმიერი სექსუალური პარტნიორის HBV სტატუსის შესახებ. არ დაკავდეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი პარტნიორი არ არის ინფიცირებული HBV-ით ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით.
უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი. გამოიყენეთ ლატექსის ახალი პრეზერვატივი ყოველ ჯერზე სქესობრივი კონტაქტის დროს, თუ არ გაქვთ ინფორმაცია თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზერვატივი ამცირებს HBV-ით დაინფიცირების რისკს, ის არ გამორიცხავს ინფიცირებას.
არალეგალური ნარკოტიკებისგან თავის შეკავება
სიფრთხილე პირსინგისა და ტატუირების დროს
თუ ეჭვობთ B ჰეპატიტზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (პრევენციის მიზნით), ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hepatitis-b/diagnosis-treatment/drc-20366821
https://medlineplus.gov/hepatitisb.html
https://www.webmd.com/hepatitis/digestive-diseases-hepatitis-b