ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ათეროსკლეროზის მემკვიდრეობითი რისკი — რას გვიჩვენებს ლიპოპროტეინი(a)? | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ათეროსკლეროზის მემკვიდრეობითი რისკი — რას გვიჩვენებს ლიპოპროტეინი(a)?

ლიპოპროტეინი(a) [Lp(a)] სისხლში არსებული ქოლესტერინის გადამტანი ლიპოპროტეინია, რომლის დონეც უმეტესად გენეტიკური ფაქტორებით განისაზღვრება. მისი მომატებული კონცენტრაცია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის დამოუკიდებელ რისკფაქტორს წარმოადგენს.

სხვა ლიპოპროტეინებისგან განსხვავებით, Lp(a)-ს დონეზე კვებისა და ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. სწორედ ამიტომ, მისი განსაზღვრა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მემკვიდრული რისკის შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია.

რა არის ლიპოპროტეინი(a)?

ლიპოპროტეინი(a) სისხლში ქოლესტერინის გადამტანი ნაწილაკია. ლიპოპროტეინი(a) შედგება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL-ის)   მსგავსი ნაწილაკისა და მასთან დაკავშირებული დამატებითი ცილის — აპოლიპოპროტეინ(a)-სგან [Apo(a)]. სწორედ ეს სტრუქტურული თავისებურება განასხვავებს მას ჩვეულებრივი LDL ნაწილაკისგან.

 

რატომ ზრდის Lp(a) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს?

Lp(a)-ს მომატებული დონე რამდენიმე მექანიზმით უწყობს ხელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. იგი მონაწილეობს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნაში, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლებში ანთებით პროცესებს და გავლენას ახდენს სისხლის შედედებისა და კოლტების დაშლის ბუნებრივ მექანიზმებზე.

ძირითადი მექანიზმებია:

  • ათეროსკლეროზის ხელშეწყობა — Lp(a) სისხლძარღვების კედელში ქოლესტერინის დაგროვებას უწყობს ხელს, რაც ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნასა და ზრდას განაპირობებს
  • ანთებითი პროცესების გაძლიერება — მისი შემადგენელი აპოლიპოპროტეინი(a) უკავშირდება დაჟანგულ ფოსფოლიპიდებს, რომლებსაც სისხლძარღვების კედელში ანთებითი რეაქციის გაძლიერება შეუძლია
  • თრომბოზის ხელშეწყობა — აპოლიპოპროტეინი(a)  სტრუქტურული მსგავსება პლაზმინოგენთან შესაძლოა ხელს უშლიდეს ფიბრინოლიზს — თრომბის დაშლის პროცესს, რაც აძლიერებს თრომბოზულ პროცესებს.
  • სარქვლების კალციფიკაცია — Lp(a) დაკავშირებულია აორტის სარქვლის კალციფიკაციისა და სტენოზის განვითარებასთან

ამ მექანიზმების შედეგად Lp(a)-ს მომატებული დონე ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, აორტის სარქვლის სტენოზისა და პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარების რისკს. ეს რისკი განსაკუთრებით საყურადღებოა  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა  რისკფაქტორების არსებობის პირობებში.

გენეტიკა

Lp(a)-ის დონე ორგანიზმში უმეტესად გენეტიკურად განისაზღვრება და დამოკიდებულია LPA გენის მემკვიდრეობით მიღებულ ვარიანტებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მის წარმოქმნაზე. ეს მაჩვენებელი, როგორც წესი, მთელი ცხოვრების განმავლობაში შედარებით სტაბილურია და ცხოვრების წესის ცვლილებები მასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.

თუ ოჯახის წევრს ლიპოპროტეინი(a)-ს მომატებული დონე აქვს ან ოჯახურ ანამნეზში ადრეულ ასაკში განვითარებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აღინიშნება, შესაძლოა არსებობდეს ლიპოპროტეინი(a)-ს მომატების  გენეტიკურად განპირობებული რისკი.

როგორ ვლინდება Lp(a)-ს მომატებული დონე?

ლიპოპროტეინი(a)-ს  მომატებული დონის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, გამოხატული სპეციფიკური სიმპტომები არ აღენიშნებათ. მისი მაჩვენებლის განსაზღვრის ერთადერთი გზა სისხლის ლაბორატორიული კვლევაა.

კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:

  • ახალგაზრდა ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობის პირადი ან ოჯახური ანამნეზი
  • ოჯახში ლიპოპროტეინი(a)-ს მომატებული დონის გამოვლენის შემთხვევები
  • სტატინებით მკურნალობის მიუხედავად გულ-სისხლძარღვთა მოვლენების განმეორებისას

რადგან Lp(a)-ს დონე მთელი ცხოვრების განმავლობაში შედარებით სტაბილურია, მოზრდილთა უმრავლესობისთვის მისი ერთხელ განსაზღვრაც საკმარისია. კვლევის განმეორების საჭიროებას ექიმი ინდივიდუალურად აფასებს.

როგორ ფასდება კვლევის შედეგი?

Lp(a)-ს მომატებული დონე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დამატებით რისკზე მიუთითებს, მაშინაც კი, როდესაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) და სხვა ლიპიდური მაჩვენებლები სასურველ ფარგლებშია. მისი შეფასება საერთო გულ-სისხლძარღვთა რისკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

როგორ შევამციროთ Lp(a)-სთან დაკავშირებული რისკი?

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესის ცვლილება უშუალოდ ლიპოპროტეინი(a)-ს დონეს მნიშვნელოვნად არ ამცირებს, ჯანსაღი ჩვევები მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა საერთო რისკის შესამცირებლად.

ძირითადი რეკომენდაციებია:

  • დაბალანსებული კვება
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა
  • საკმარისი ძილი
  • თამბაქოს მოხმარებისგან თავის არიდება
  • სხეულის ჯანსაღი მასის შენარჩუნება
  • არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და LDL ქოლესტერინის კონტროლი

Lp(a)-ს მომატებული დონის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) კონცენტრაციის დარეგულირებას და სხვა მოდიფიცირებადი რისკფაქტორების მართვას. მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

რეკომენდაციები

ლიპოპროტეინი(a)-ს განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ანამნეზის მქონე პირებისთვის და მათთვის, ვისაც სხვა რისკფაქტორების მიუხედავად დაავადების განვითარების მაღალი ალბათობა აქვს.

ლიპოპროტეინი (a)-ს მომატებული დონის გამოვლენა საშუალებას იძლევა დროულად შეფასდეს გულ-სისხლძარღვთა საერთო რისკი და დაიგეგმოს მისი შემცირების შესაბამისი ღონისძიებები.

*ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია საგანმანათლებლო ხასიათისაა და არ წარმოადგენს ექიმის კონსულტაციის ან პროფესიული სამედიცინო რეკომენდაციის ალტერნატივას.  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებამდე ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

 

ლიპიდური ცვლის დარღვევების დიაგნოსტირებისთვის  ლაბორატორიული ტესტები შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

წყარო

https://www.ahajournals.org/doi/10.1161/JAHA.123.033654

https://tamc.co.il/en/p/analyses-en/clinical-biochemistry-en/lipoprotein-a/

https://www.heart.org/en/health-topics/cholesterol/genetic-conditions/lipoprotein-a-risks

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

ნინო მანჯაფარაშვილი – ლაბორატორია “სინევოს” სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი, ექიმი-ნევროლოგი და ბავშვთა ნევროლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სერტიფიკატის მფლობელი.

Call Now Button