ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

თამბაქო – ჯანმრთელობის და სილამაზის ხილული მტერი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მოწევა — თამბაქოს ან ნიკოტინშემცველი პროდუქტების მოხმარებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში ხვდება ნიკოტინი და მრავალი ტოქსიკური ნივთიერება. მოწევა მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ასევე უარყოფითად მოქმედებს თითქმის ყველა ორგანოს ფუნქციაზე.

სარჩევი

 

თამბაქო – ჯანმრთელობის და სილამაზის მტერი

ნიკოტინი მომადუნებლად  მოქმედებს თავის ტვინზე და იწვევს სიამოვნების შეგრძნებას, რაც მოწევისთვის თავის დანებებას ართულებს. თუმცა თამბაქოს მოწევა ზრდის კიბოს, ინსულტის, გულის შეტევის, ფილტვის დაავადებებისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს, მათ შორის იწვევს ადამიანის დნმ-ის დაზიანებასაც.

 

სიგარეტის ანატომია

კომერციულად წარმოებული სიგარეტები შედგება:

  • მცენარეული მასალისგან. თამბაქოს სიგარეტებში ეს არის გამხმარი და დამუშავებული თამბაქოს (Nicotiana tabacum) ფოთლები და ღეროები
    • შესახვევი ქაღალდისგან (სიგარეტის ქაღალდის გარსი)
    • ფილტრისგან. ფილტრი აკავებს ნაწილობრივ დამწვარი თამბაქოს უფრო დიდ ნაწილაკებს, ხოლო კვამლი მისი გავლით გადადის პირის ღრუში

რატომ ეწევიან ადამიანები?

ადამიანები ეწევიან რადგან  ეს მათთვის სასიამოვნოა და რადგან მოწევის დაწყების შემდეგ მისი შეწყვეტა რთულია.

რადგან ნიკოტინი იწვევს ტვინში სიამოვნების განცდის ჰორმონების – ენდორფინების  წარმოქმნას, – ეს იწვევს მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას  და თვითშეგრძნების გაუარესებას,ნიკოტინისგან თავის შეკავების მცდელობისას.

მოწევა ასევე  სოციალური აქტივობაა და ადამიანების ყოველდღიური რუტინის ნაწილი, როგორც დილის ყავა. ადამიანები შეიძლება ეწეოდნენ გასართობად, დასამშვიდებლად, ან კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად მუშაობისას. ზოგს მოსწონს გემო ან უბრალოდ მოწევის რიტუალი.

 

რას ემართება  სხეულს მოწევისას?

მოწევა მოქმედებს ყველაფერზე — კანისა და ფრჩხილების ვიზუალიდან დაწყებული, ქსოვილების, ორგანოებისა და თვით დნმ-ის ფუნქციონირებით დამთავრებული. მოწევის ზემოქმედება  ორგანიზმზე იწყება სიგატერის მოკიდებისთანავე.  წვის მომენტში გამოყოფილი უამრავი ქიმიური ნივთიერების მავნე გავლენა მოქმედებას იწყებს მანამდე, სანამ თქვენ პირველ ნაფაზს გააკეთებთ.

 

სიგარეტს მოწევის პროცესი

სიგარეტის წვა სითბოსთან ერთად გამოყოფს ნიკოტინს, ჭვარტლს და კვამლის შემადგენელ ნარჩენ პროდუქტებს (ტარს).

კვამლის ნარჩენი პროდუქტი ფერს უცვლის კანს და ფრჩხილებს. კვამლი აშრობს და აღიზიანებს კანს, რაც აჩენს ნაოჭებს და ამაღრმავებს მათ. კვამლის ცხვირით ჩასუნთქვა აზიანებს ნერვულ დაბოლოებებს. დროთა განმავლობაში ეს ამცირებს ყნოსვის უნარს.

კვამლის ჩასუნთქვა
სიგარეტის კვამლის შესუნთქვისას, ფილტრი ნაწილობრივ აჩერებს დიდი ზომის ნაწილაკების ჩასუნთქვას, თუმცა ტარი, ნიკოტინი და სხვა ქიმიური ნივთიერებები მაინც აღწევს ორგანიზმში. კვამლის ნარჩენი პროდუქტი  ილექება კბილის მინანქარზე, ღრძილებისა და ენის ლორწოვანზე. ეს ზრდის კარიესისა და ღრძილების დაავადებების რისკს და დროთა განმავლობაში აუარესებს გემოვნების რეცეპტორების მგრძნობელობას

კვამლი გადაადგილდება სასუნთქ გზებში

ფილტვებისკენ მოძრაობისას კვამლის ნარჩენი პროდუქტი (ტარი) ფარავს ყელსა და ხმის იოგებს, რამაც შეიძლება ხველა გამოიწვიოს. სასუნთქ გზებში გავლის დროს ტარი და წყალბადის ციანიდი (შხამიანი აირი) აზიანებს და აჩერებს წამწამოვანი ეპითელიუმის ფუნქციას. ეს მიკროსკოპული, თმისმაგვარი სტრუქტურები სასუნთქ გზებში მოქმედებს როგორც „დამცავი ჯაგრისი“ — ისინი იჭერს და ფილტვებიდან გამოდევნის მიკრობებს და სხვა მავნე ნაწილაკებს. მათი დაზიანებისას იზრდება სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების რისკი.

კვამლი ავსებს ფილტვების ალვეოლებს და გადადის სისხლის მიმოქცევაში

როდესაც კვამლი ფილტვებს აღწევს, იგი ხვდება მცირე ზომის ბუშტუკებში — ალვეოლებში —  სადაც ხდება გაზთა მიმოცვლა სისხლსა და ჰაერს შორის. ეს პროცესი და აზიანებს ალვეოლებს, რაც შეიძლება გახდეს ემფიზემის მიზეზი, რომელიც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ერთ-ერთი ფორმაა.

ალვეოლებიდან კვამლში არსებული ნახშირჟანგი (CO) გადადის სისხლში. იგი ანაცვლებს ჟანგბადს სისხლის წითელ უჯრედებში, რის შედეგადაც უჯრედები და ქსოვილები ნაკლებ ჟანგბადს იღებს. ჟანგბადის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა. საპასუხოდ ორგანიზმში ვითარდება ანთებითი რეაქცია და იზრდება ლორწოს წარმოქმნა, რაც სუნთქვას კიდევ უფრო ართულებს.

სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი ნიკოტინი აზიანებს სისხლძარღვების ენდოტელიუმს (ამომფენ გარსს).  შედეგად სისხლძარღვები სქელდება და ვიწროვდება, ხოლო სისხლის უჯრედები უფრო ადვილად ეწებება კედლებს. ეს ზრდის თრომბოზულ პროცესებს და შედეგად  ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს.

მამაკაცებში სისხლის მიმოქცევის გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია.

რას შეიცავს თამბაქოს კვამლი?

თამბაქოს კვამლი შეიცავს 5 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ნიკოტინს.

ადამიანები ეწევიან იმიტომ, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულება უვითარდებათ, თუმცა ჯანმრთელობისთვის მთავარი ზიანი გამოწვეულია ტარით, ნახშირჟანგით (carbon monoxide) და კვამლში არსებული სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებებით.

ამ ნივთიერებებიდან მრავალი:

  • კიბოს გამომწვევია (კანცეროგენია)
  • შხამიანია ორგანიზმისთვის

მოწევის დროს ეს ქიმიური ნივთიერებები აზიანებს ფილტვებს, გადადის სისხლის მიმოქცევაში და მთელ ორგანიზმში ვრცელდება.

ქიმიური ნივთიერებები  ვრცელდება ორგანიზმში

სისხლის მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ სიგარეტის კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები მთელ ორგანიზმში გადაადგილდება და აზიანებს:

  • ძვლებს — ნიკოტინი ამცირებს კალციუმის შეწოვასა და ძვლის წარმომქმნელი უჯრედების აქტივობას, რის შედეგადაც ძვლები მსხვრევადი ხდება.
  • თვალს — სიგარეტში არსებული ქიმიური ნივთიერებები და ჟანგბადის ნაკლებობა აზიანებს თვალის ბადურის სტრუქტურებს, კერძოდ – ზრდის მაკულის (მხედველობის ნერვის დაბოლოების) დეგენერაციის, კატარაქტისა და მხედველობის დაკარგვის რისკს.
  • იმუნურ სისტემას — მოწევა იწვევს მუდმივ ანთებით რეაქციას და ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც იზრდება ინფექციებისა და აუტოიმუნური დაავადებების განვითარების ალბათობა.
  • ჰორმონულ სისტემას — ნიკოტინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ფერტილობაზე (რეპროდუქციულ უნარზე).
  • დნმ-ს — დარიშხანი, ნიკელი და რადიოაქტიური პოლონიუმი აზიანებს დნმ-ს და ხელს უშლის ორგანიზმის აღდგენითი მექანიზმების განხორციელებას. დნმ-ის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო და ნაყოფიერების პრობლემები, მათ შორის სპერმის დაზიანება.

პასიური მოწევა

მოწევა გავლენას ახდენს არა მხოლოდ მწეველზე, არამედ მის გარშემო მყოფ არამწეველებზეც. პასიური მოწევის დროს ჩასუნთქული კვამლი არამწეველისთვის თითქმის იმავე საფრთხეს ქმნის, რასაც უშუალოდ მოწევა.

ნიკოტინი აღწევს ტვინამდე

სისხლის საშუალებით ნიკოტინი ტვინში გადადის, სადაც ააქტიურებს დოფამინის, ადრენალინის, ენდორფინების, სეროტონინის და სხვა ნეიროტრანსმიტერების ქიმურ რეცეპტორებს, რაც იწვევს სიამოვნების და ენერგიულობის დროებით შეგრძნებას.

ეს შეგრძნებები იწყება პირველი ნაფაზის ჩასუნთქვიდან რამდენიმე წამში.

ვითარდება შეჩვევა და “მოხსნის” (აბსტინენციის) სიმპტომები

ღვიძლი ნიკოტინს ამუშავებს და რამდენიმე საათში ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოდევნის. ამის შემდეგ ორგანიზმი კვლავ იწყებს ნიკოტინის მოთხოვნას და ადამიანს ახალი სიგარეტის მოწევის სურვილი უჩნდება. თუ ნიკოტინი არ მიეწოდება, ვითარდება მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა:

  • შფოთვა
  • დეპრესიული განწყობა
  • მოუსვენრობა
  • გაღიზიანება/აგრესია
  • უძილობა

დროთა განმავლობაში ორგანიზმს ნიკოტინის მიმართ ტოლერანტობა უვითარდება, რის გამოც იგივე ეფექტის მისაღებად სულ უფრო მეტი ნიკოტინის მოხმარება ხდება საჭირო. ეს პროცესი საბოლოოდ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იწვევს.

მავნე ნივთიერებები ნაყოფშიც აღწევს აღწევს

პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლძარღვების შევიწროება ზღუდავს ნაყოფის სისხლის მიწოდებას. ის სისხლი კი, რომელიც ნაყოფამდე აღწევს, შეიცავს ნახშირჟანგს, ნიკოტინსა და სხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. შედეგად ნაყოფი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, რამაც შესაძლოა დნმ დააზიანოს.

ორსულობის პერიოდში მოწევა ზრდის სპონტანური აბორტის განვითარების რისკს.  ასევე, მწეველი დედებისგან დაბადებულ ბავშვებს შეიძლება აღენიშნებოდეთ:

  • დაბალი წონა დაბადებისას
  • გულისა და ფილტვების პრობლემები
  • განვითარების შეფერხება

რა გავლენას ახდენს მოწევა ჯანმრთელობაზე?

მოწევას ყველაზე ხშირად ფილტვის კიბოსთან აკავშირებენ, თუმცა იგი აზიანებს პრაქტიკულად მთელ ორგანიზმს და ზრდის არაერთი დაავადების განვითარების რისკს,  როგორებიცაა:

  • კიბო — მოწევა დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარებასთან
  • ფილტვის დაავადებები — მათ შორის ფქოდი (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ტუბერკულოზი, ასთმა და ფილტვის ფიბროზი
  • გულისა და სისხლძარღვთა დაავადებები — რაც შეიძლება გახდეს ინფარქტის, ინსულტისა და გულის უკმარისობის მიზეზი
  • თვალის დაავადებები — მათ შორის კატარაქტა, მაკულის დეგენერაცია, მხედველობის დაქვეითება და სიბრმავე
  • თანდაყოლილი მდგომარეობები — ორსულობის დროს მოწევა ზრდის დაბალი წონისა და თანდაყოლილი მანკების რისკს ახალშობილებში
  • ნაადრევი მშობიარობა და სპონტანური აბორტი
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი დიაბეტი
  • რევმატოიდული ართრიტი (RA) და სხვა აუტოიმუნური დაავადებები
  • ერექციული დისფუნქცია
  • ფერტილობის (ნაყოფიერების) პრობლემები
  • ნაადრევი დაბერება

პასიური მოწევა — ანუ კვამლი, რომელსაც ადამიანი ახლოს მყოფი მწეველისგან ჩაისუნთქავს — ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

მოწევა და კიბო

მოწევა იწვევს ან ზრდის  კიბოს არაერთი ტიპის განვითარების რისკს. ასევე არსებული  მტკიცებულებებით,  იმ ადამიანებში, რომლებიც კიბოს მკურნალობის დროსაც აგრძელებენ მოწევას:

  • უარესია დაავადების პროგნოზი
  • მკურნალობაზე პასუხი ნაკლებად ეფექტურია
  • დაავადების რეციდივის რისკი უფრო მაღალია

მოწევა დაკავშირებულია შემდეგი სიმსივნეების განვითარებასთან:

  • მწვავე მიელოიდური ლეიკემია
    • შარდის ბუშტის კიბო
    • საშვილოსნოს ყელის კიბო
    • კოლორექტალური კიბო
    • საყლაპავის კიბო
    • თირკმლის კიბო
    • ხორხისა და ყელის სხვა ტიპის კიბო
    • ღვიძლის კიბო
    • ფილტვის კიბო
    • პირის ღრუს კიბო
    • პანკრეასის კიბო
    • კუჭის კიბო

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

დადგენილია, რომ ზოგადად, სიკვდილიანობის  ყოველი 4  შემთხვევიდან 1 დაკავშირებულია მოწევით გამოწვეულ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

მოწევა აზიანებს მთლიან კარდიო-ვასკულურ სისტემას:

  • გულს
  • მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებს
  • მცირე კალიბრის სისხლძარღვებს

ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც ამცირებს სისხლის მიმოქცევას. მოწევა ასევე:

  • ზრდის არტერიულ წნევას
  • აზიანებს სისხლძარღვების კედლებს
  • ზრდის თრომბების წარმოქმნის რისკს

შედეგად იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა.

გულის კორონარული დაავადება

გულის კორონარული  დაავადების დროს გულის არტერიები ვიწროვდება რაც აუარესებს გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგებას, ეს კი თავის მხრივ ზრდის გულის შეტევის (ინფარქტის) და კარდიოგენული სიკვდილობის რისკს.

ინფარქტი და ინსულტი

ინფარქტი და ინსულტი უფრო ხშირად ვითარდება მწეველებში. ამის მიზეზია:

  • მარალი არტერიულ წნევა
  • ფიზიკური დატვირთვის ამტანობის გაუარესება
  • სისხლის შედედების (თრომბოზული პროცესების) რისკის მომატება
  • HDL („კარგი“) ქოლესტერინის დონის დაქვეითება

ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.

 

პერიფერიული არტერიული დაავადება

პერიფერიული არტერიული დაავადება ასევე უფრო ხშირია მწეველებში. ამ მდგომარეობის დროს არტერიებში გროვდება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ამცირებს სისხლის მიწოდებას:

  • თავის ტვინში
  • ორგანოებში
  • კიდურებში

ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი  და სისუსტე ხელებსა და ფეხებში
რაც ართულებს სიარულსა და ყოველდღიურ ჩვეულ აქტივობას.

 

აორტის ანევრიზმა

მოწევა დაკავშირებულია აორტის ანევრიზმის განვითარებასთან. ანევრიზმა არის აორტის — ორგანიზმის მთავარი არტერიის — კედლის გაფართოება და გამობერვა, რომელიც ვითარდება მისი კედლის უბნის დასუსტების შედეგად.

დროთა განმავლობაში ანევრიზმის მოცულობა იზრდება, რაც მისი გასკდომის შემთხვევაში ზრდის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს.

 

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება

პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადების დროს უარესდება სისხლის მიმოქცევა კიდურებში, რაც შესაზლოა გახდეს სიარულის, ან ფიზიკური აქტივობის შესრულებისას ტკივილის განვითარების მიზეზი. ასევე ხშირია ჭრილობების და წყლულების შეხორცების გახანგრძლივება, ქსოვილების სისხლმომარაგების უკმარისობის გამო.

კანი

თამბაქოს კვამლში არსებული ნივთიერებები ცვლის კანის სტრუქტურას და ხელს უწყობს:

  • კანის ნაადრევ დაბერებას
  • ნაოჭების წარმოქმნას
  • ჭრილობების შეხორცების შეფერხებას
  • ჰიდრადენიტის სუპურატივას განვითარებას
  • ფსორიაზის განვითარებას
  • კანის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარებას

მოწევა ასევე ზრდის ტუჩის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარების რისკს.

თმა

მოწევა დაკავშირებულია ანდროგენულ ალოპეციასთან — მდგომარეობასთან, რომელიც მამაკაცებში თმის ცვენას იწვევს.

თმის ცვენა შეიძლება განვითარდეს:

  • სისხლძარღვების შევიწროების
  • დნმ-ის დაზიანების
  • თავისუფალი რადიკალების დაგროვების
  • ჰორმონული ცვლილებების გამო

ფრჩხილი

მოწევა შეიძლება აზიანებდეს ხელისა და ფეხის ფრჩხილებს და ზრდიდეს სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკს.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

სიგარეტის მოწევა მრავალმხრივ აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.

მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანება — კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები აღიზიანებს და აზიანებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს.
  • კუჭის მჟავიანობის ცვლილება — ნიკოტინი ზრდის კუჭის მჟავის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს გულძმარვასა და რეფლუქსს.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები — მოწევა ზრდის წყლულის განვითარების და მისი გართულებების რისკს, ასევე აფერხებს შეხორცებას.
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) — მოწევა ასუსტებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს, რის გამოც კუჭის მჟავა ადვილად ბრუნდება საყლაპავში.
  • ნაწლავური ანთებითი დაავადებების გაუარესება — განსაკუთრებით კრონის დაავადების მიმდინარეობა შეიძლება უფრო მძიმე იყოს მწეველებში.
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა — მოწევა გავლენას ახდენს ღვიძლის მიერ ტოქსინებისა და მედიკამენტების გადამუშავებაზე.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი

მოწევა გავლენას ახდენს ინსულინის მოქმედებაზე და ზრდის ნსულინრეზისტენტობის განვითარების ალბათობას. მწეველებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და მისი გართულებების განვითარების რისკი დაახლოებით 30–40%-ით უფრო მაღალია.

მწეველებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ხშირად უფრო სწრაფად პროგრესირებს და მისი კონტროლი უფრო რთულია, ვიდრე არამწეველებში.

 

პაროდონტული დაავადება

მოწევა ზრდის პაროდონტული დაავადებების ღრძილებისა და კბილის საყრდენი ქსოვილების დაავადებების განვითარების რისკს.

ესდაკავშირებულია:

  • კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებებით გამოწვეული კბილების ირგვლივი ქსოვილების ანთებით
  • ბაქტერიული ინფექციების განვითარების მაღალი ალბათობით

შედეგად ღრძილები შუპდება და ვითარდება ანთება და  სისხლდენა.  დროთა განმავლობაში ღრძილები კბილებს სცილდება (პაროდონტიტი), რაც  ზრდის კბილის მორყევისა და დაკარგვის რისკს.

როგორ აზიანებს თამბაქოს მოწევა ფილტვებს

მოწევა აზიანებს სასუნთქ გზებსა და ფილტვებში არსებულ მცირე საჰაერო ბუშტუკებს — ალვეოლებს. ეს დაზიანება იწყება მოწევის დაწყებიდან მალევე და პროგრესირებს მანამ, სანამ ადამიანი აგრძელებს მოწევას. თუმცა დაზიანების დაწყებიდან დიაგნოზის დასმამდე ხშირად ათწლეულები გადის. სიგარეტის კვამლით გამოწვეული ფილტვის  ქრონიკული დაავადებებია:

  • ფქოდი (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
  • ქრონიკული ბრონქიტი
  • ემფიზემა

მოწევა ასევე ზრდის ფილტვის ინფექციების რისკს და აუარესებს უკვე არსებულ დაავადებებს, მათ შორის ასთმას.

 

ფქოდი (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)

ფქოდის ყველაზე ხშირი მიზეზი მოწევაა.

ფქოდი სიკვდილის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია და მოიცავს:

  • ქრონიკულ ბრონქიტს
  • ემფიზემას

უმეტეს შემთხვევაში პაციენტს ორივე მდგომარეობა ერთდროულად აქვს, თუმცა მათი სიმძიმე განსხვავდება.

ფქოდის დროს ზიანდება  მცირე კალიბრის სასუნთქი გზები, რის გამოც ორგანიზმი ჟანგბადის ქრონიკულ დეფიციტს განიცდის.

ადრეული სიმპტომები:

  • სტვენის მსგავსი ხმა გულმკერდში
  • ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს
  • ხველა და ნახველის გამოყოფა

დროთა განმავლობაში სუნთქვის უკმარისობა მოსვენებით მდგომარეობაშიც ვიტარდება.

ფქოდი პროგრესირებადი დაავადებაა და მოწევის გაგრძელებისას უარესდება. დაავადება სრულად არ იკურნება, თუმცა მედიკამენტები აუცილებელია  სიმპტომების კონტროლისათვის.

 

ქრონიკული ბრონქიტი

ქრონიკული ბრონქიტი ხშირია ხანგრძლივ მწეველებში.

ამ დროს სასუნთქ გზებში ჭარბი ლორწოს წარმოქმნას აქვს ადგილი, ვითარდება ლორწოვანის  ანთება და შეშუპება, რაც ვლინდება ხანგრძლივი სპაზმური ხველის შეტევებით.

დროთა განმავლობაში სასუნთქი გზები შეიძლება ნაწიბუროვანი ქსოვილითა და ლორწოთი დაიბლოკოს, რაც ზრდის ინფექციის და პნევმონიის განვითარების რისკს.

ქრონიკული ბრონქიტი სრულად არ იკურნება, თუმცა მოწევის შეწყვეტა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და ამსუბუქებს სიმპტომებს.

 

ემფიზემა

ემფიზემის დროს ფილტვებში არსებული  საჰაერო ბუშტუკების (ალვეოლების) კედლები იშლება. შედეგად წარმოიქმნება უფრო დიდი, მაგრამ ნაკლები რაოდენობის საჰაერო სივრცეები, რაც ამცირებს სისხლის  ჟანგბადით მომარაგებას.

დროთა განმავლობაში ფილტვების ფუნქცია იმდენად ქვეითდება, რომ ადამიანს სუნთქვის უკმარისობა მოსვენებით მდგომარეობაშიც კი აღენიშნება

ემფიზემის მქონე პაციენტებში იზრდება პნევმონიის, სუნთქვის მძიმე უკმარისობის  და დამატებით ჟანგბადის მიწოდების საჭიროების რისკი.

ემფიზემა სრულად არ იკურნება, მაგრამ მოწევის შეწყვეტა ანელებს მის პროგრესირებას.

 

რატომ აქვთ მწეველებს „მწეველის ხველა“?

თამბაქოს კვამლი შეიცავს უამრავ ქიმიურ ნივთიერებასა და ნაწილაკს, რომლებიც აღიზიანებს სასუნთქ გზებსა და ფილტვებს. ჭარბი ლორწოს წარმოქმნა და ხველის რეფლექსი – ამ ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის თავდაცვითი რეაქციებია.

მწეველებში ხშირად ვითარდება ხანგრძლივი ხველა, რომელსაც „მწეველის ხველას“ უწოდებენ. ის განსაკუთრებით ძლიერია დილით.

ნორმალურად სასუნთქ გზებში არსებული წამწამოვანი ეპითელიუმი ფილტვებიდან მავნე ნაწილაკებს გამოდევნის. თამბაქოს კვამლი ამ მექანიზმს ანელებს, რის შედეგადაც ფილტვებში და სასუნთქ გზებში გროვდება როგორც ტოსიკური ნაწილაკები, ისე წარმოქმნილი ლორწო.

ძილის დროს, როდესაც ადამიანი არ ეწევა, წამწამოვანი ეპითელიუმის ნაწილი ფუნქციის აღდგენას იწყებს. გაღვიძების შემდეგ კი ხველა კვლავ ჩნდება, რადგან ფილტვები დაგროვილი ლორწოსა და გამღიზიანებლების მოცილებას ცდილობს.

„მწეველის ხველა“ შესაძლოა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების  ადრეული გამოვლინება იყოს.

შესაძლებელია ფილტვის ქსოვილის აღდგენა მოწევის შეწყვეტის შემდეგ?

დიახ. მოწევის შეწყვეტის შემდეგ ფილტვები და სასუნთქი გზები აღდგენის პროცესს იწყებს. რამდენიმე კვირაში მცირდება ანთება და სასუნთქ გზებში ლორწოს ჭარბი წარმოქმნა, ხოლო რამდენიმე თვეში სასუნთქი გზების წამწამოვანი ეპითელიუმი ნაწილობრივ აღდგება.

მოწევის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმის მრავალი სისტემა იწყებს გამოჯანმრთელებას.

აღდგენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია:

  • თამბაქოს მოხმარების ხანდაზმულობაზე
  • ფილტვების დაზიანების სიმძიმეზე

თუმცა ზოგი დაზიანება შეუქცევადია:

  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  • ფილტვის ფიბროზი

მიუხედავად ამისა, მიუხედსვად ხანდაზმული მწეველობისა, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას და ამცირებს მტელი რიგი დაავადებების რისკს.

 

თამბაქოს ზემოქმედება ქალის ორგანიზმზე

მწეველ ქალებს უფრო ხშირად აქვთ დაორსულების სირთულეები.

თუ ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება გრძელდება, ნაყოფი ექვემდებარება ნიკოტინისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიების, მათ შორის დნმ-ის დაზიანების მიზეზიც გახდეს.

ორსულობის დროს თამბაქოს გამოყენება ზრდის შემდეგი რისკებს:

საშვილოსნოსგარე ორსულობა

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ემბრიონი იმპლანტირდება საშვილოსნოს გარეთ – საკვერცხეში, ფალოპის ლულებში, იშვიატად მუცლის ღრუს ამომფენ პერიტონეუმზე და სხვა. ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

პლაცენტის დაზიანება

პლაცენტა დროებითი ორგანოა, რომელიც აკავშირებს დედის ორგანიზმს ნაყოფთან ორსულობის დროს. თამბაქოს გამოყენება  აუცილებლად ახდენს გავლენას პლაცენტის ნორმალურ მდებარეობასა და მისი სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. გაზრდილი თრომბოზული პროცესები ხელს უწყობს პლაცენტის ნაადრევი აცლის განვიტარებას, რაც საფრთხეს უქმნის ნაყოფის განვითარებას და სიცოცხლეს.ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა, ნაადრევი მშობიარობა ან მშობიარობის გართულებები.

ნაადრევი მშობიარობა, მუცლის მოშლა და თანდაყოლილი მანკები

ორსულობის დროს მოწევა ზრდის:

  • დაბალი წონის მქონე ახალშობილის დაბადების რისკს
  • ნაადრევი მშობიარობის ალბათობას
  • მუცლის მოშლის ან მკვდრადშობადობის რისკს
  • თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს (მაგ. ტუჩისა და სასის ნაპრალი, ორგანოთა ან კიდურების დეფექტები)

მწეველი დედებისგან დაბადებული ბავშვები ასევე უფრო ხშირად:

  • იღუპებიან უეცარი ჩვილის სიკვდილის სინდრომით (SIDS)
  • ავადდებიან ფილტვის ინფექციებითა და ასთმით
  • აქვთ სწავლის სირთულეები

 

თამბაქოს ზემოქმედება მამაკაცის ორგანიზმზე

მოწევა აზიანებს ორგანიზმის ნებისმიერ სისხლძარღვს.

ერექციისთვის აუცილებელია პენისში საკმარისი სისხლის მიმოქცევა. მოწევა იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რის შედეგადაც იზრდება ერექციული დისფუნქციის რისკი. ეს რისკი მატულობს მოწევის ხანგრძლივობასა და რაოდენობასთან ერთად.

მოწევა ასევე:

  • აზიანებს სპერმის ხარისხს
  • ამცირებს ნაყოფიერებას (ფერტილობას)
  • ზრდის პარტნიორის მუცლის მოშლის რისკს
  • ზრდის ბავშვის თანდაყოლილი მანკების განვითარების ალბათობას

 

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში, რომელთა მშობლები ან ოჯახის წევრები ეწევიან, ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები იჩენს თავს:

  • ხველა
    • ხიხინი (სუნთქვის დროს სტვენის მსგავსი ხმა)
    • ასთმის შეტევები
    • პნევმონია
    • ტუბერკულოზი
    • ბრონქიტი

პასიური მოწევა განსაკუთრებით საზიანოა ბავშვებისთვის, რადგან მათი სასუნთქი და იმუნური სისტემები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

თამბაქოს მოხმარება და მავნე ქცევები მოზარდებში

კვლევების მიხედვით, მოზარდები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ, ასევე ხშირად იყენებენ:

  • ალკოჰოლს
  • კანაფს (მარიხუანას)
  • სხვა არალეგალურ ნარკოტიკულ ნივთიერებებს

არამწეველ თანატოლებთან შედარებით, მწეველ მოზარდებში უფრო ხშირად გვხვდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც, მათ შორის:

  • დეპრესია
  • შფოთვითი აშლილობები
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)
  • სხვა ქცევითი და ემოციური დარღვევები

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს თამბაქოს მოხმარება პირდაპირ იწვევდეს აღნიშნულ ფსიქიკურ პრობლემებს. თუმცა ასეთი მდგომარეობები და ქცევები უფრო ხშირად აღინიშნება თამბაქოს მომხმარებელ მოზარდებში.

გარდა ამისა, ელექტრონული სიგარეტების (ვეიპების) გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ბავშვის ან მოზარდის ინტერესი სხვა თამბაქოს პროდუქტების მიმართ და ხელი შეუწყოს მათთან ექსპერიმენტირებას.

 

ტვინის განვითარება

ნიკოტინმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვებისა და მოზარდების ტვინის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ელექტრონული სიგარეტებისა და მსგავსი პროდუქტების უმეტესობაც ნიკოტინს შეიცავს.

 

ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები

ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს ან რეგულარულად ექვემდებარებიან პასიურ მოწევას, ჯანმრთელობის პრობლემები უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მათ, ვინც თამბაქოს კვამლთან კონტაქტში არ არის.

ეს პრობლემები შეიძლება მოიცავდეს:

  • ხველის ხშირ ეპიზოდებს
    • სუნთქვის გაძნელებას, მათ შორის ფიზიკური დატვირთვის გარეშეც
    • ხიხინსა და ქოშინს
    • ნახველის (ლორწოს) მომატებულ წარმოქმნას
    • სასუნთქი გზების უფრო ხშირ და მძიმე ინფექციებს
    • გაციების და გრიპის უფრო მძიმედ მიმდინარეობას
    • ხშირ თავის ტკივილებს
    • ფიზიკური გამძლეობის დაქვეითებას
    • ფილტვების ზრდისა და ფუნქციის დარღვევას, რაც მომავალში COPD-ის განვითარების რისკს ზრდის.

 

თამბაქოს მოწევის ყველა ფორმა საზიანოა?

თამბაქოს მოწევის უსაფრთხო ფორმა არ არსებობს. თამბაქოს ყველა სახეობა ჯანმრთელობისთვის მავნეა და დამოკიდებულებას იწვევს.

სიგარეტი

  • „მსუბუქი“ (light), დაბალი ტარის შემცველი ან მენთოლის სიგარეტი სხვა სიგარეტებზე უსაფრთხო არ არის. ისინი ორგანიზმში მაინც მსგავსი რაოდენობის ტარსა და სხვა მავნე ნივთიერებებს აწვდის.
  • თვითნაკეთი სიგარეტი (roll-up) ქარხნულად წარმოებულ სიგარეტზე ნაკლებად საზიანო არ არის. ფილტრი მოწევას უსაფრთხოს არ ხდის.
  • სიგარა და ჩიბუხი ასევე არ წარმოადგენს უსაფრთხო ალტერნატივას. სიგარის კვამლი ხშირად კიდევ უფრო მეტ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს.

ჩილიმი (ჰუკა)

ჩილიმი (ჰუკა, ნარგილე, წყლის ჩიბუხი) თამბაქოს მოხმარების ფორმაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნე და დამოკიდებულების გამომწვევია.

ხშირად მიიჩნევა, რომ წყალში გავლილი კვამლი უსაფრთხოა, თუმცა სინამდვილეში ის მაინც შეიცავს იმავე ტოქსიკურ და კანცეროგენულ ნივთიერებებს, რასაც  თამბაქოს სხვა პროდუქტები.

გარდა ამისა, ჩილიმში გამოყენებული ნახშირის წვა დამატებით მავნე ნივთიერებებს წარმოქმნის.

ჩილიმის მოწევა:

  • სულ მცირე ორჯერ ზრდის ფილტვის კიბოს რისკს
  • ზრდის პირის ღრუსა და კუჭის კიბოს განვითარების ალბათობას
  • აუარესებს ასთმის მიმდინარეობას და ზრდის ასთმის შეტევის რისკს

 

კანაფის (მარიხუანას) მოწევა

ნებისმიერი ტიპის კვამლის ჩასუნთქვა საზიანოა, მათ შორის კანაფის (მარიხუანას და სხვა სახელებით ცნობილი ნივთიერების) კვამლისაც.

კანაფის მოწევა დაკავშირებულია:

  • ფქოდ-ის განვითარების რისკთან
  • ასთმის სიმპტომების გაუარესებასთან

დამოკიდებულება ვითარდება კანაფზეც. მისი კვამლიც შეიცავს კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებებს.

თუ კანაფი თამბაქოსთან ერთად მოიხმარება, იზრდება ნიკოტინზე დამოკიდებულების განვითარების რისკიც.

კანაფის მოხმარება ასევე დაკავშირებულია შიზოფრენიის განვითარების მომატებულ რისკთან.

 

უკვამლო თამბაქო

უკვამლო თამბაქო არის თამბაქო, რომელიც არ იწვის. მას ჩვეულებრივ ღეჭავენ, პირში იდებენ ან შეისუნთქავენ.

იგი ასევე იწვევს დამოკიდებულებას და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

უკვამლო თამბაქო დაკავშირებულია:

  • პირის ღრუს კიბოსთან;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან;
  • ორსულობის გართულებებთან.

ეს ნივთიერებებიც კანცეროგენულია და კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

უკვამლო თამბაქოს გავრცელებული ფორმებია:

  • თამბაქოს ფხვნილები და არომატიზებული თამბაქო (მაგ. mishri, qimam/kimam)
    • თამბაქო კირთან და არეკას კაკალთან ერთად (მაგ. paan, gutkha, zarda, mawa, manipuri, betel quid)
    • დამატებითი ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები (მაგ. kahini, gul, naswar/niswar)

დასკვნა

თამბაქოს არცერთი ფორმა — სიგარეტი, ჩილიმი, სიგარა, ჩიბუხი თუ უკვამლო თამბაქო — არ არის უსაფრთხო. ყველა მათგანი შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე და ხშირად კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდის სხვადასხვა დაავადებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს.

 

რატომაა მოწევის შეწყვეტა მნიშვნელოვანი?

მოწევის შეწყვეტა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჯანმრთელობისთვის.

მწეველისთვის, რომელსაც ფილტვის დაავადება აქვს – ტამბაქოს მხმარების შეწყვეტა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არამარტო უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის შესაძლებლობას იძლევა, არამედ იცავს გარშემომყოფებს, განსაკუთრებით ბავშვებს, ტამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისგან.

მოწევის შეწყვეტა ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა. ორგანიზმი აღდგენის პროცესს მოწევის შეწყვეტიდან მალევე იწყებს, ხოლო დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვის დაავადებების, კიბოსა და სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

 

როგორ შეიძლება მოწევის შეწყვეტა?

მოწევის შეწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდის  გამოყენებით

 

  • მყისიერი შეწყვეტა
    სიგარეტის ერთბაშად, დამატებითი საშუალებების გარეშე შეწყვეტა. ზოგისთვის ეფექტურია, თუმცა ნიკოტინზე დამოკიდებულების გამო რთული შეიძლება იყოს.
  • ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია (მოიცავს: საღეჭ რეზინას, ტაბლეტებს, პლასტირებს, ცხვირის სპრეებს, ინჰალატორებს)
  • მედიკამენტები – ექიმის დანიშნულებით მხოლოდ და მხოლოდ – ეს პრეპარატები ამცირებს მოხსნის სიმპტომებსა და ნიკოტინის სურვილს.
  • ცხოვრების წესის ცვლილება
  • ფიზიკური აქტივობის გაზრდა
  • ყოველდღიური რუტინის შეცვლა
  • კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT)

ეს მიდგომები ეხმარება ადამიანს ემოციურადი ფონის დასტაბილურებასი და მოწევასთან დაკავშირებული ჩვევების შეცვლაში.

 

როგორ უნდა იზრუნოს მწეველმა საკუთარ ჯანმრთელობაზე?

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოწევის შეწყვეტაა. თუმცა ამ პროცესის განმავლობაში ორგანიზმის მხარდაჭერა შესაძლებელია:

  • რეგულარული ფიზიკური აქტივობით
  • ჯანსაღი კვებით
  • საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებით

ასევე მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია ფილტვის კიბოს სკრინინგთან დაკავშირებით — განსაკუთრებით მათთვის, ვინც ეწევა ან წარსულში ეწეოდა. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილმა კიბომ შესაძლოა სიცოცხლე გადაარჩინოს.

 

 

 ლაბორატორია“სინევო” გთავაზობთ “სილამაზის ანალიზებს”:

 

გაიგე მეტი

 

 

რესურსები

https://my.clevelandclinic.org/health/articles/17488-smoking

https://www.healthline.com/health/smoking/effects-on-body#takeaway

https://www.asthmaandlung.org.uk/living-with/stop-smoking/why-is-it-bad

https://www.cancer.org/cancer/risk-prevention/tobacco/health-risks-of-smoking-tobacco.html

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

 

 

Call Now Button