ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი ან ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა – ანალიზების ჯგუფია, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. ამ გამოკვლევით ხდება ღვიძლის ჯანმრთელობის შეფასება, მისი დაზიანების გამოვლენა და ასევე, იმ პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ ღვიძლის რომელიმე დაავადება.
ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) ღვიძლის ფერმენტებია, რომლებიც სხვადასხვა ამინომჟავას სინთეზში მონაწილეობენ. სისხლში ამ ფერმენტების რაოდენობა იმატებს მაშინ, როდესაც პათოლოგიური პროცესი ღვიძლის, ჩონჩხის ან გულის კუნთის უჯრედებს აზიანებს.
გამაგლუტამინტრანსფერაზა (GGT) ღვიძლის ყველაზე მაღალ მგრძნობიარე ფერმენტია. სისხლში მისი დონე იმატებს ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ასევე ზოგიერთი პრეპარატის მიღებისას.
ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც თითქმის ყველა ქსოვილში გვხვდება, უმთავრესად კი ღვიძლისა და სანაღვლე გზების უჯრედებსა და ძვლებში და აქტიურად მონაწილეობს ბიოქიმიურ პროცესებში. ტუტე ფოსფატაზის მატებას იწვევს ძვლოვანი სისტემის ზოგიერთი დაავადება, სანაღვლე გზების დახშობა, მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის სიმსივნური დაავადებები, ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლის დაზიანება.
საერთო ბილირუბინი – ყვითელი პიგმენტია, რომელიც ნაღვლის შემადგენლობაში შედის. იგი ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტია და ე.წ. პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის საერთო ოდენობას წარმოადგენს. საერთო ბილირუბინი უმთავრესად არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე იმატებს ჰემოლიზური და პერნიციოზული ანემიების, ტრანსფუზიული რეაქციის, ღვიძლის ციროზის, ჟილბერის სინდრომის დროს.
ალბუმინი – სისხლის შრატის ძირითადი ცილაა, რომლის წარმოქმნაც ხდება ღვიძლში. სისხლში ალბუმინის რაოდენობის კლება შეიძლება გამოიწვიოს კვების ან საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევამ (მალნუტრიციამ ან მალაბსორბციამ) და ღვიძლის ან თირკმლების დაავადებამ.