ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

მაგნიუმის დეფიციტის მიზეზები და სიმპტომები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მაგნიუმი ელემენტია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ჩვენს ორგანიზმში.  მონაწილეობს:

  • ენერგეტიკულ პროცესებში,
  • ფერმენტების აქტივაციაში,
  • ცილების სინთეზში,
  • ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში
  • არტერიული წნევის რეგულაციაში
  • სისხლის გლუკოზის რეგულაციაში და სხვა

მაგნიუმი მონაწილეობს სხვა მიკროელემენტების –  ნატრიუმის, კალციუმის და კალიუმის ბალანსზე. ჰიპომაგნემია (ანუ მაგნიუმის დეფიციტი) ხშირად კალიუმის და კალციუმის დეფიციტთან ერთად გვხვდება.

ორგანიზმის მაგნიუმის ძირითადი ნაწილი ძვლებშია დეპონირებული, თუმცა პლაზმასა და უჯრედგარე სითხეში არსებული კალიუმია ის აქტიური ნაწილი, რომელიც გამოიყენება უჯრედების და ორგანოების მიერ.

ორგანიზმში მაგნიუმის ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნებაზე სამი ორგანოა პასუხისმგებელი:

  • წვრილი და მსხვილი ნაწლავი, საიდანაც ხდება საკვები მაგნიუმის შეწოვა
  • ძვლები – რომლებიც მაგნიუმის ძირითად მარაგს ინახავს
  • თირკმელი – არეგულირებს შარდთან ერთად გამოყოფილი მაგნიუმის რაოდენობას.

ჰიპომაგნემიის, ანუ მაგნიუმის დეფიციტის მიზეზი ხდება რომელიმე რგოლში არსებული დარღვევები.

 

რისკის ჯგუფი

კვლევების თანახმად, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ იღებს მაგნიუმის საკმარის დოზას. მაგნიუმის დეფიციტი როგორც წესი ნელ-ნელა ვითარდება და სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც მისი დონე ორგანიზმში ძალიან დაბალია.

 

მაგნიუმის დეფიციტი უვითარდება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, თუმცა ზოგიერთი დაავადება, მდგომარეობა ან კონკრეტული მედიკამენტები ზრდის დეფიციტის განვითარების რისკს. ესენია:

  • გასტრო-ინტესტინური დაავადებები (კრონის დაავადება, ცელიაკია)
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • 60 წელზე მეტი ასაკი
  • ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 10-20%

 

 

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები

ჰიპომაგნემია სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა მაგნიუმის დეფიციტი ძირითადად ვლინდება  ნერვული და კუნთოვანი სისტემის, გულის მუშაობის დარღვევით. ადამიანთა გარკვეულ ნაწილს დეფიციტის მიუხედავად სიმპტომები არ უვითარდება.

 

მაგნიუმის ზომიერი დეფიციტის ნიშნებია:

  • ტრემორი
  • კუნთოვანი სპაზმები
  • ნისტაგმი (თვალის კაკლის ანომალური მოძრაობები)
  • საერთო სისუსტე და უენერგიობა
  • უმადობა
  • გულისრევა

ღრმა დეფიციტის დროს ვლინდება:

  • გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები
  • ცნობიერების შეცვლა – დელირიუმი
  • არითმიები

ეს მდგომარეობები დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

 

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომების გამოვლენისას, მაგნიუმთან ერთად მნიშვნელოვანია კალიუმის და კალციუმის განსაზღვრა, მდგომარეობის ზუსტად შესაფასებლად.

 

რა იწვევს მაგნიუმის დეფიციტს?

ჰიპომაგნემიის მიზეზი ხდება ჩამოთვლილთაგან ერთერთი:

  1. საკვებით მაგნიუმის არასაკმარისი დოზის მიღება, ან ნაწლავის შეწოვითი ფუნქციის დაქვეითება
  2. მაგნიუმის კარგვა გამოყოფილი შარდით
  3. პლაზმის მაგნიუმის გაძლიერებული დეპონირება ძვლებში (ძალიან იშვიათია)

მაგნიუმის ალიმენტური (კვებითი) დეფიციტის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • შიმშილი
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • პერორალური გზით კვების შეუძლებლობა (პაციენტები რომლებიც საკვებ ნივთიერებებს ინტრავენური გზით იღებენ)

ნაწლავის შეწოვითი უნარის დაქვეითებით გამოწვეული მაგნიუმის დეფიციტი ვითარდება:

  • მალაბსორბციის გამომწვევი დაავადებებისას. მაგ: ცელიაკიის, ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს და სხვა
  • კუჭის ბარიატრიული ოპერაციებისას
  • გენეტიკური დაავადებების დროს, რომლებიც იწვევს მაგნიუმის შეწოვის დაქვეითებას (პირველადი ჰიპომაგნემია)
  • მედიკამენტები – რომლებიც აქვეითებენ მაგნიუმის შეწოვას. მაგ: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები – ომეპრაზოლი.
  • მწვავე ან ქრონიკული დიარეა

თირკმლით მაგნიუმის გაძლიერებული კარგვის მიზეზებია:

  • ალკოჰოლიზმი
  • არანამკურნალები დიაბეტი
  • თირკმლის მილაკების მემკვიდრული დაავადებები (გიტელმანის სინდრომი)
  • ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები (გენტამიცინი, ტობრამიცინი, ამიკაცინი, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი)
  • ქიმიოთერაპიული მედიკამენტები (ცისპლატინი)
  • ტრანსპლანტატის მოცილების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი)
  • საგულე გლიკოზიდები (დიგოქსინი)

ექსტრაცელულური მაგნიუმის ტრანსპორტი დეპო ორგანოებში

  • მწვავე პანკრეატიტის დროს
  • “მშიერი ძვლის სინდრომის” დროს, რომელიც ვითარდება პარათიროიდული ჯირკვლების ქირურგიული მოცილების შემდეგ.

 

მაგნიუმის დეფიციტის დიაგნოსტიკა

მაგნიუმის დეფიციტი დასტურდება  ლაბორატორიული კვლევით. მაგნიუმის დეფიციტის ნიშნების არსებობისას, მაგნიუმთან ერთად რეკომენდებულია ჩატარდეს:

  • კალციუმის განსაზღვრა სისხლში
  • სისხლის ბიოქიმიური პროფილი
  • კალიუმის განსაზღვრა სისხლში
  • მაგნიუმის განსაზღვრა შარდში

 

მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა

მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა დამოკიდებულია მისი გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე.

მაგნიუმის ძირითადი წყარო საკვებია, თუმცა გამოხატული დეფიციტის დროს დანამატის სახით მისი ჩართვა რაციონში აუცილებელია.

ასევე აუციელებელია მაგნისუმის დეფიციტის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა.

 

კვების რეჟიმი

მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღება აუცილებელი პირობაა დეფიციტის შევსებისათვის:

  • მწვანე ბოსტნეული
  • მარცვლეული
  • თხილეული
  • პარკოსნები
  • ხილი და ბოსტნეული

მაგნიუმით მდიდარია ყველა ის საკვები, რომელიც უხვად შეიცავს ბოჭკოს.

საჭიროების დროს საკვებთან ერთად აუცილებელია მაგნიუმის და სხვა მინერალების/ვიტამინების დანამატის სახით მიღება. მაგნიუმის ციტრატი, ოქსიდი, ქლორიდი, ლაქტატი და სხვა ფორმები ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button