ანემია განისაზღვრება, როგორც სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება მოცირკულირე სისხლში. ის პოპულაციაში ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ანემია ამცირებს სისხლის მიერ ჟანგბადის მიერთების შესაძლებლობას და იწვევს ქსოვილების ჰიპოქსიას. ჰიპოქრომული, მიკროციტული ანემია ძირითადად რკინის დეფიციტთან და ჰემოგლობინის სინთეზის დაქვეითებასთანაა ასოცირებული.
სარჩევი
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის ეტიოლოგია
მიკროციტული ჰიპოქრომული ანემია ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სისხლში მოცირკულირე წითელი უჯრედები (ერითროციტები), მცირე ზომისაა და რკინის ნაკლები შემცველობის გამო ნაკლებად წითელია. რკინის შემცველობის შემცირებას ორგანიზმში, შესაძლოა მრავალი მიზეზი ქონდეს: რკინით ღარიბი საკვები რაციონი, რკინის ათვისების დაქვეითება, მწვავე ან ქრონიკული სისხლდენა, რკინაზე ორგანიზმის გაძლიერებული მოთხოვნა ორსულობის, ფართო მასშტაბის ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის ეპიდემიოლოგია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 24,8% ანემია აღენიშნება. ყველაზე დიდი წილი სწორედ რკინის დეფიციტით გამოწვეულ ანემიებს და მათ შორის ჰიპოქრომულ ანემიას უკავია.
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიები უფრო ხშირია რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რადგან მენსტრუალური ციკლის დროს ისინი რეგულარულად კარგავენ სისხლს.
ქალთა პოპულაციაში, ორსულთა თითქმის 41%-ს, ხოლო არაორსულ (მენოპაუზამდელ პერიოდში) ქალთა 30%-ს აღენიშნება ანემია.
ქალებთან შედარებით მამკაცები უფრო მდგრადები არიან ანემიის მიმართ, ტესტოსტერონის მაღალი დონის გამო. ტესტოსტერონი მონაწილეობს არამარტო კუნთების და მამაკაცური კომპლექტაციის განვითარებაში, არამედ ხელს უწყობს სისხლის ფორმიენი ელემენეტების სინთეზს. მიუხედავად ამისა, მამრობითი სქესის მოსახლეობის თითქმის 12,7% ანემიითაა დაავადებული.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები ასევე რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან ანემიის და მათ შორის რკინადეფიციტური ჰიპოქრომული ანემიის განვითარებაში.
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის პათოფიზიოლოგია
ზრდასრული ადამიანისთვის რკინის დღიური ნორმა 1-2მგ შეადგენს. ნორმალური საკვები რაციონი როგორც წესი 10-20მგ რკინას უნდა შეიცავდეს.
ცხოველური პროდუქტებიდან მიღებული რკინა ძირითადად „ჰემის რკინის“ სახითაა და მისი ბიოშეღწევადობა 10-20% შეადგენს, მაშინ როცა მცენარეული წარმოშობის „არაჰემის რკინის“ ბიოშეღწევადობა მხოლოდ 1-5%-ია. არაჰემის რკინის დაბალ ბიოშეღწევადობას განაპირობებს მისი ურთიერთქმედება ტანინებთან, ფოსფატებთან და სხვა საკვებ კომპონენტებთან.
საკვების რკინა გამოთავისუფლდება კუჭის წვენის მარილმჟავის მონაწილეობით, ხოლო C ვიტამინი ხელს უწყობს მის შეთვისებას. წვრილი ნაწლავის დასაწყის მონაკვეთში – 12-გოჯა და მლივ ნაწლავში ხდება რკინის შეწოვა სატრანსპორტო ცილის – ფეროპორტინის მეშვეობით. სისხლში რკინის ტრანსპორტირება კი ტრანსფერინის მეშვეობით ხორციელდება. რკინა ინახება ძირითადად ცილა ფერიტინის შემადგენლობაში, რომელიც აღმოჩენილია ღვიძლში, ელენტაში, ძვლის ტვინში და ჩონჩხის კუნთებში.
ჰიპოქრომულ მიკროციტულ ანემიას იწვევს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ს რკინის მარაგის შემცირებას ორგანიზმში.
ჰემოგლობინი, ძვლის ტვინის ერითროიდული ქსოვილის მიერ სინთეზირებული გლობულური ცილაა, რომელიც ერითროციტის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. მის შმეადგენლობაში შემავალი ჰემი შეიცავს რკინას, რომელიც უერთება ჟანგბადს და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. ორგანიზმში რკინის მარაგის შემცირება აფერხებს ჰემოგლობინის სინთეზს. ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითება ერითროციტებში კი განაპირობებს უჯრედის ზომაში შემცირებას და იწვევს ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის განვითარებას.
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის განვითარების მიზეზები
რკინის დეფიციტის მიზეზი არის მისი დაბალი შემცველობა საკვებ რაციონში, შეწოვის დაქვეიტება წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო, ქრონიკული დიარეა, გასტრექტომია, C ვიტამინის დეფიციტი საკვებ რაციონში, მწვავე და ქრონიკული სისხლდენა, ორსულობა, ტრავმა, ქირურგიული ჩარევები და სხვა.
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის სიმპტომები
დაავადების სიმპტომები ნელა ვითარდება და თანდათან მძიმდება. კლინიკურ გამოვლინებებს საფუძვლად უდევს ჟანგბადის მიწოდების შემცირება ქსოვილებში:
- საერთო სისუსტე და დაღლა
- ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს
- კანის და ლორწოვანების სიფერმკრთალე
- თავბრუსხვევა ან გაბრუება
- თავის ტკივილი
- ფრჩხილებისა და თმის დაზიანება
- მოუსვენარი ფეხების სინდრომი
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის გართულებები
ნებისმიერი ანემიის არანამკურნალებმა ფორმამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები:
- კარდიომიოპათია
- იმუნოდეფიციტი და ინფექციური დაავადებების რისკი
- ორსულობის გართულებები
- ბავშვებში – განვიტარების დარღვევები
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
რადგანაც ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის განვითარება უხშირესად რკინის დეფიციტთანაა ასოცირებული, აუცილებელია როგორც სრული სისხლის, ისე ანემიასთან ასოცირებული ცალკეული კომპონენტების კვლევა:
- სისხლის საერთო ანალიზი – ითვლის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას, ზომას, ჰემოგლობინით გაჯერებას.
- ტრანსფერინი – ბეტა-გლობულინების ჯგუფის ცილაა, რომლის ძირითადი ფუნქციაა ნაწლავიდან შეწოვილი რკინის ტრანსპორტი მისი დეპონირების ორგანოებამდე (ღვიძლი, ელენთა, ძვლის ტვინი)
- ფერიტინი – მასთან ბმაში მყოფი რკინა აკუმულირდება ღვიძლში, ელენთასა და კუნთებში.
- რკინის განსაზღვრა – ჰემოგლობინის სინთეზისათვის აუცილებელი კომპონენტია. ორგანიზმის რკინის 70% სწორედ ჰემოგლობინთანაა დაკავშირებული
- რკინის საერთო შეკავშირების უნარი – ლაბორატორიული ტესტია, რომელიც იძლევა საშუალებას განისაზღვროს შრატის რკინით გაჯერების ხარისხი
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის მკურნალობა
დაკავშირებულია დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრასთან და არსებული დეფიციტის შესავსებად – რკინის მიწოდებასთან.
ანემია ქრონიკული დაავადებების დროს
ანემია ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე ცნობილია, როგორც ანთებითი პროცესის ანემია, ახასიათებს ქრონიკული ანთებით მიმდინარე დაავადებებს. ეს პროცესები აფერხებს რკინის მეტაბოლიზმისა და სისხლის წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის ფორმირების ფიზიოლოგიურ პროცესებს, რაც საბოლოოდ ანემიის (ზოგჯერ ჰიპოქრომული, მიკროციტული) მიზეზი ხდება.
ანემია ახასიათებს ქრონიკული ანთებით მიმდინარე ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა:
- აუტოიმუნური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, მგლურა, ნაწლავის ანთებითი დაავადება
- ინფექციები: გახანგრძლივებული ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული პროცესები ორგანიზმში
- სიმსივნეები
- თირკმლის ქრონიკული დაავადებები
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის სიმპტომები არასპეციფიკურია, ხშირად აღნიშნული ქრონიკული დაავადებების ნიშნებითაა შენიღბული, ან ანემიის ზოგადი სიმპტომებით მიმდინარეობს.
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის დროს, გარდა ანემიის სადიაგნოსტიკო კვლევებისა, აუცილებელია ანთების მარკერების განსაზღვრაც.
მკურნალობა და მართვა
ქრონიკულ ანთებასთან ასოცირებული ანემიის მკურნალობა და მართვა მოიცავს როგორც უშუალოდ ანემიის, ისე ძირითადი ანთებითი დაავადების მენეჯმენტს, სისხლწარმოქმნის სტიმულაციას და საჭიროების შემთხვევაში სისხლის გადასხმას.
სიდერობლასტური ანემია
ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის გამომწვევი ერთ-ერთი მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება რკინის მეტაბოლიზმის დარღვევით ძვლის ტვინში ერითროციტების წინამორბედ უჯრედებში.
მიუხედავად რკინის ნორმალური, ან ზოგჯერ მოატებული კონცენტრაციისა სისხლში, მისი ჩართვა ჰემოგლობინში შეფერხებულია. არასრულფასოვანი ჰემის სინთეზი იწვევს ერითროციტების ზომაში შემცირებასა და ფერადობის დაქვეითებას. მდგომარეობის სიმპტომები არასპეციფიკურია – ანემიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათით.
წყარო:
https://myhematology.com/red-blood-cells/differential-diagnosis-of-hypochromic-anemia/
https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK470252/
ჰიპოქრომული ანემიის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის, ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|