C ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. ის გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით (HCV).
სარჩევი
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) იწვევს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ ინფექციას. მწვავე HCV ინფექციები ჩვეულებრივ ასიმპტომურია და უმეტესობა არ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას. ინფიცირებულთა დაახლოებით 30%-ში (15-45%) ვირუსი სპონტანურად ელიმინირდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე.
დარჩენილ 70%-ს (55-85%) უვითარდება ქრონიკული HCV ინფექცია. ქრონიკული HCV ინფექციით დაავადებულებში ციროზის განვითარების რისკი მერყეობს 15%-დან 30%-მდე 20 წლის განმავლობაში.
C ჰეპატიტის სტადიები
C ჰეპატიტს აქვს განვითარების რამდენიმე ეტაპი:
ინკუბაციური პერიოდი. ეს არის დრო ინფიცირებიდან დაავადების დაწყებამდე. ის შეიძლება გაგრძელდეს 14-დან 80 დღემდე, მაგრამ საშუალოდ 45 დღე.
მწვავე C ჰეპატიტი. ეს არის ხანმოკლე დაავადება, რომელიც გრძელდება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი, თავისთავად იშორებს ვირუსს.
ქრონიკული C ჰეპატიტი. C ჰეპატიტით დაავადებულთა უმრავლესობის (85%-მდე) შემთხვევაში დაავადება გადადის გახანგრძლივებულ სტადიაში (6 თვეზე მეტ ხანს). ამას ეწოდება ქრონიკული C ჰეპატიტი და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის კიბო ან ციროზი.
ციროზი. ეს დაავადება იწვევს ანთებას, რომელიც დროთა განმავლობაში ცვლის ღვიძლის ჯანმრთელ უჯრედებს ნაწიბუროვანი ქსოვილით. როგორც წესი, ამას დაახლოებით 20-დან 30 წლამდე სჭირდება, თუმცა ეს შეიძლება უფრო სწრაფადაც მოხდეს, თუ მოიხმართ ალკოჰოლს ან გაქვთ აივ.
ღვიძლის კიბო. ციროზი ზრდის ღვიძლის კიბოს ალბათობას. ამ შემთხვევაში რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევები, რადგან ღვიძლის კიბო განვითარების ადრეულ ეტაპზე, როგორც წესი სიმპტომურად არ ვლინდება.
როგორ გადაეცემა C ჰეპატიტი?
ვირუსი გადაეცემა სისხლით სისხლთან კონტაქტით. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:
- ორგანოების გადანერგვა;
- ნივთების გაზიარება, როგორიცაა საპარსი ან კბილის ჯაგრისი;
- ნემსების გაზიარება;
- მშობიარობა (მშობიარობისას ინფიცირებულმა დედამ შეიძლება გადასცეს ვირუსი ბავშვს);
- სქესობრივი კონტაქტი (თუ კონტაქტისას სისხლით სისხლთან კონტაქტი აღინიშნება);
- ტატუს გაკეთება ან პირსინგი არასტერილური აღჭურვილობით.
თქვენ ასევე შესაძლოა ხელახლა დაინფიცირდეთ ვირუსით, თუ ის ადრე გქონდათ.
C ჰეპატიტით დაინფიცირება შეუძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- ძუძუთი კვება (თუ ძუძუსთავები არ არის დაზიანებული და არ აღინიშნება სისხლდენა);
- შემთხვევითი კონტაქტი;
- ხველა და ცემინება;
- ჩახუტება;
- ხელის მოკიდება;
- კოცნა;
- კოღოს ნაკბენი;
- ჭურჭლის გაზიარება;
- საჭმლის ან სასმლის გაზიარება.
C ჰეპატიტის სიმპტომები
C ჰეპატიტის ვირუსის მქონე ყველა ადამიანს არ აქვს სიმპტომები. სინამდვილეში, ადამიანების დაახლოებით 80 პროცენტი ვერ ამჩნევს დაავადების რაიმე ნიშანს, როდესაც ისინი პირველად ინფიცირდებიან ვირუსით.
გამოვლენის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ დაავადების რომელი ფორმა გქვთ – მწვავე თუ ქრონიკული.
მწვავე C ჰეპატიტი
მწვავე ინფექცია ვლინდება ვირუსთან კონტაქტიდან 6 თვის განმავლობაში. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ვირუსის ზემოქმედებიდან 2-12 კვირის განმავლობაში.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს, მოიცავს შემდეგს:
- ცხელება
- ხანგრძლივი დაღლილობა
- სახსრების ტკივილი
- გულისრევა ან კუჭის ტკივილი
- მადის დაკარგვა
- მუქი შარდი
- ნაცრისფერი ან ფერმკრთალი განავალი და
- სიყვითლე
ეს სიმპტომები ძირითადად მსუბუქად ვლინდება და გრძელდება მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგჯერ, თქვენს ორგანიზმს შეუძლია დამოუკიდებლად ებრძოლოს ინფექციას, ამიტომ მწვავე C ჰეპატიტის დროს შესაძლოა არც დაგჭირდეთ მკურნალობა.
როდესაც რაიმე სიმპტომი არ გაქვთ, შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ რომ ინფიცირებული ხართ. მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ გადასცეთ ვირუსი სხვებს, მაშინაც კი, როცა სიმპტომები არ გაქვთ.
ქრონიკული C ჰეპატიტი
თუ ორგანიზმიდან C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინირება ვერ მოხდა მწვავე C ჰეპატიტი გადაიზრდება ქრონიკულში. C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა, მწვავესგან განსხვავებით, თავისთავად არ ქრება და მკურნალობის გარეშე სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს. ამ სიმპტომებს შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გრძელვადიანი შედეგები. ქრონიკულმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მუდმივი დაზიანება და ღვიძლის კიბო.
ქრონიკული C ჰეპატიტის ნიშნებია:
- მუდმივი დაღლილობა
- ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა და კუჭის ტკივილი
- აუხსნელი წონაში კლება
- შეშუპება ქვემო კიდურების არეში
- კანის ქავილი
- სიყვითლე
- მუქი შარდი
- განწყობის ცვლილებები, მათ შორის დეპრესიის ან შფოთვის განცდა
- კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები
- დაბნეულობა
- ძილის გაძნელება
C ჰეპატიტის გართულებები
C ჰეპატიტის ინფექციამ, რომელიც გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები, როგორიცაა:
ღვიძლის ნაწიბურები (ციროზი). C ჰეპატიტის ინფექციიდან ათწლეულების შემდეგ, ციროზი შეიძლება განვითარდეს. ღვიძლში ნაწიბურები ართულებს ღვიძლის მუშაობას.
ღვიძლის კიბო. C ჰეპატიტით დაავადებულთა მცირე რაოდენობას შესაძლოა განუვითარდეს ღვიძლის კიბო.
ღვიძლის უკმარისობა. შორსწასულმა ციროზმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ღვიძლის ფუნქციონირების შეწყვეტა.
დიაგნოსტიკა
სკრინინგი C ჰეპატიტზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ხართ ზემოქმედების მაღალი რისკის ქვეშ (რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში – იხ.ქვემოთ)
სისხლის ტესტები
თუ პირველადი სისხლის ტესტი აჩვენებს, რომ გაქვთ C ჰეპატიტი, უნდა ჩატარდეს სისხლის დამატებითი ტესტები სისხლში ვირუსის რაოდენობის (ვირუსული დატვირთვის) და გენოტიპის განსასაზღვრად.
კვლევები ღვიძლის დაზიანების შესაფასებლად
- მაგნიტურ-რეზონანსული ელასტოგრაფია (MRE) – ღვიძლის ბიოფსიის არაინვაზიური ალტერნატივა.
- გარდამავალი ელასტოგრაფია
- ღვიძლის ბიოფსია
- სისხლის ტესტები
როდის უნდა ჩავიტაროთ ტესტი C ჰეპატიტზე?
C ჰეპატიტზე ტესტი უნდა ჩაიტაროთ შემდეგი რისკ-ფაქტორების შემთხვევაში:
- ხართ ჯანდაცვის მუშაკი, რომელსაც შეხება ქონია ინფიცირებულ სისხლთან (ინფიცირებული ნემსით კანის დაზიანება);
- ოდესმე ინტრავენურად ან ინჰალაციით მიგიღიათ უკანონო ნარკოტიკები;
- გაქვთ აივ/შიდსი;
- ხართ ორსულად (დაიტესტეთ ყოველი ორსულობის დროს);
- გაგიკეთებიათ პირსინგი ან ტატუ არასტერილურ გარემოში არასტერილური აღჭურვილობის გამოყენებით;
- 1992 წლამდე გადაისხით სისხლი ან ჩაიტარეთ ორგანოს ტრანსპლანტაცია;
- 1987 წლამდე გადაისხით სისხლის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება შედედების პრობლემების სამკურნალოდ;
- მოგიწიათ ჰემოდიალიზის ჩატარებამ მკურნალობის მიზნით დიდი ხნის განმავლობაში;
- ოდესმე იყავით ციხეში;
- თქვენზე მშობიარობისას, დედა ინფიცირებული იყო C ჰეპატიტით;
- დაბადებული ხართ 1945-1965 წლებში;
- გქონიათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება;
- ხართ ბისექსუალი ან ჰომოსექსუალი მამაკაცი;
- გყავთ მრავალი პარტნიორი;
- გაქვთ ღვიძლის ტესტების არადამაკმაყოფილებელი შედეგები;
მკურნალობა
ახალი ინფექცია HCV-ით ყოველთვის არ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ზოგიერთ ადამიანში იმუნური სისტემა აქტიურად ებრძვის და ამარცხებს ინფექციას. თუმცა, როდესაც HCV ინფექცია ქრონიკული ხდება, მკურნალობა აუცილებელია. C ჰეპატიტის მკურნალობის მიზანი დაავადების განკურნებაა.
C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოიყენება:
- ანტივირუსული მედიკამენტები – მკურნალობის მიზანია C ჰეპატიტის ვირუსი არ გამოვლინდეს თქვენს ორგანიზმში მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 12 კვირის შემდეგ.
- ღვიძლის ტრანსპლანტაცია – თუ C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის შედეგად განვითარდა სერიოზული გართულებები, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შეიძლება იყოს მკურნალობის ვარიანტი. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ღვიძლის გადანერგვა არ კურნავს C ჰეპატიტს. სავარაუდოდ, ინფექცია დაბრუნდება, რაც საჭიროებს მკურნალობას ანტივირუსული მედიკამენტებით, გადანერგილი ღვიძლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
პრევენცია
- უსაფრთხო და სათანადო სამედიცინო ინექციები;
- ბასრი ნივთებისა და ნარჩენების უსაფრთხო დამუშავება და განადგურება;
- ზიანის შემცირების ყოვლისმომცველი სერვისების მიწოდება ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის;
- დონორის სისხლის ტესტირება HBV და HCV-ზე (ისევე როგორც აივ და სიფილისზე);
- ჯანდაცვის პერსონალის გადამზადება;
- სქესობრივი კონტაქტის დროს სისხლთან კონტაქტის პრევენცია;
- უსაფრთხო პირსინგი და ტატუირება;
- უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი.
თუ ეჭვობთ C ჰეპატიტზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (პრევენციის მიზნით), ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !
რესურსები
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hepatitis-c/diagnosis-treatment/drc-20354284
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/hepatitis-c
https://www.cdc.gov/hepatitis/hcv/hcvfaq.htm#section1
https://www.webmd.com/hepatitis/digestive-diseases-hepatitis-c