აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD) განვითარების შეფერხების ფორმაა, რასაც შესაძლოა გენეტიკური ხასიათი ქონდეს, თუმცა აუტიზმის განვითარების ზუსტი მექანიზმი დაუდგენელია. არსებული მოსაზრებით, აუტიზმი მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგია.
სარჩევი
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ქცევა, ურთიერთობა გარე სამყაროსთან და დასწავლის პროცესები განსხვავებულია. განსხვავებულია მათი უნარებიც.
აუტიზმის სიმპტომების გამოვლენის ვადები შეიძლება ვარირებდეს 12-დან 24 თვემდე. ზოგჯერ ბავშვის განვითარების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს 18-24 თვემდე და მხოლოდ ამის შემდეგ წყდება ახალი უნარ-ჩვევების შეძენის და გარემოში ადაპტაციის შესაძლებლობები.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების პრობლემები მოზარდობასა და ზრდასრულობაშიც გრძელდება. მათ ხშირად უჭირთ მეგობრების შეძენა ან შენარჩუნება, თანატოლებთან და უფროსებთან კომუნიკაცია და რაც ყველაზე მთავარია ემოციების და მოსალოდნელი შედეგების აღქმა. ხშირია შფოთვა, დეპრესია, ჰიპერაქტიურობის და/ან ყურადღების დეფიციტის პრობლემები, რაც ზოგჯერ ექიმთან მიმართვიანობის პირველი მიზეზიც ხდება ხოლმე.
სიმპტომები
- არ ამყარებს თვალით კონტაქტს
- 9 თვის ასაკში არ რეაგირებს სახელზე
- 9 თვის ასაკში არ გამოხატავს ემოციებს ქცევით, ან სახის მიმიკით
- 12 თვის ასაკში არ თამაშობს მარტივ ინტერაქტიურ თამაშებს (ბურთის გადაგდება-დაჭერა, ტაშის დაკვრა)
- 12 თვის ასაკში ჟესტებს მწირად, ან არ იყენებს (არ გიქნევთ ხელს დამშვიდობებისას)
- 15-18 თვის ასაკში არ გამოხატავს ინტერესს საგნების მიმართ (არ მიგითითებთ მისთვის საინტერესო ნივთებზე, სათამაშოებზე)
- 2 წლის ასაკში ვერ ამჩნევს სხვების ემოციებს სახის გამომეტყველებით, ხმით, ქმედებით
- 3 წლის ასაკში არ თამაშობს სხვა ბავშვებთან. არ უნაწილებს სათამაშოებს
- 4 წლის ასაკში არ თამაშობს როლურ თამაშებს (დედა, მასწავლებელი)
- 5 წლის ასაკში არ მღერის, ცეკვავს თქვენთან ერთად
- ერთ მწკრივში ალაგებს სათამაშოებს და ყოველთვის თამაშობს ერთი და იგივე სცენარით
- ერთსა და იმავე ბგერებს ან ფრაზებს იმეორებს დაუსრულებლად (ექოლალია)
- ფოკუსირებულია საგნის/სათამაშოს ცალკეულ დეტალზე, მაგ: მანქანის ბორბლებზე
- აქვს ინტერესთა კონკრეტული, შეზღუდული სფეროები
- იმეორებს ერთსა და იმავე რუტინას – აქვს აკვიატებული მოქმედებები (რხევა, ტრიალი)
- აქვს უჩვეულო რეაქცია შეხებაზე, ჟღერადობაზე, ემოციაზე, სუნზე, გემოზე.
სხვა ნიშნები
- მეტყველების განვითარების შეფერხება
- მოტორული უნარების განვითარების შეფერხება
- შემეცნებითი (დასწავლის) უნარების განვითარების შეფერხება
- ჰიპერაქტიური, იმპულსური ან უყურადღებო ქცევა
- კვებისა და ძილის ჩვევების დარღვევა
- ემოციების კონტრასტულობა (გადაჭარბებული შფოთვა, ან სრული განურჩევლობა)
- შიშის არაადექვატური რეაქციები (გადაჭარბებული შიში, ან მისი სრული არარსებობა)
დიაგნოსტიკა
აუტიზმის დიაგნოსტიკა ემყარება ინტერვიუს მშობელთან/აღმზრდელთან, ბავშვზე დაკვირვებას სხვადასხვა გარემოში და შეფასების ინსტრუმენტებს: ADOS-2, ADI-R, CARS-2. ეს ინსტრუმენტები აფასებს ბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარების დონეს. თითოეული მათგანის მონაცემები საკმარისია იმისთვის, რომ აუტიზმი გამორიცხოს, თუმცა არასაკმარისია დიაგნოზის დასადასტურებლად. ამიტომ დიაგნოსტირება მულტიდისციპლინურ, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
მკურნალობა
აუტისტური სპექტრის აშლილობების მკურნალობის სპეციფიკა განისაზღვრება გამოვლენილი დარღვევებით და მიმართულია არსებული სიმპტომების შემცირების და ბავშვის (და მისი გარემოცვის) ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისენ.
თერაპიის ფორმები:
- ქცევითი – ფოკუსირდება ბავშვის ქმედებების მიზეზებზე და შედეგებზე
- განვითარებითი – სენსორული ინტეგრაციის, მეტყველების, ოკუპაციური თერაპიის კომბინაცია
- საგანმანათლებლო – დასწავლის პროცესების გაუმჯობესებისთვის, ვიზუალური და დემონსტრაციული
მასალების გამოყენებით - სოციალური – ფოკუსირდება სოციალური უნარების და ემოციური ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებაზე
- ფარმაკოლოგიური – აუტიზმის მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა, ამა თუ იმ დარღვევის დროს (მაგ: შფოთვა, დეპრესია) საჭირო ხდება ფარმაკოთერაპიის ჩართვა მკურნალობის პროცესში
- ფსიქოლოგიური – კოგნიტური თერაპია უზრუნველყოფს ემოციასთან დაავშირებული ქცევითი დარღვევების კორექციას
- დამატებითი და ალტერნატიული მეთოდებიდან აღშანიშნავია: არტ-თერაპია, რაიდთერაპია (ცხენზე ჯირითი), ქიროპრაქტიკა
მკურნალობის ფორმის შერჩევა ინდივიდუალურია, ისევე როგორც თერაპიის შედეგები და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
წყარო
https://www.cdc.gov/ncbddd/autism/facts.html