ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი III & პარაზიტოლოგია, ბავშვის ასაკისა და განვითარების სტადიის გათვალისწინებით, იძლევა ინფორმაციას ზრდის პროცესში განვითარებულ პრობლემებზე, როგორიცაა რკინის დეფიციტი (ანემია), ანთებითი და ინფექციური პროცესები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, შესაძლო ალერგიული რეაქცია და სხვა საყურადღებო მდგომარეობები.
პროფილი მოიცავს შემდეგ 4 კვლევას:
ზოგადი ინფორმაცია
სისხლის საერთო ანალიზი & ედს
ანალიზი შეიძლება ჩატარდეს, როგორც რუტინული შემოწმების ნაწილი პრობლემების გამოსავლენად ან იმის გამო, რომ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს. სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დონეს შეუძლია ექიმს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო პრობლემების შესახებ, როგორიცაა ანემია, ინფექციები, ანთება და სხვა.
სისხლის წითელი უჯრედები შეიცავენ ჰემოგლობინს, რომელიც ატარებს ჟანგბადს სხეულის ქსოვილებში და უზრუნველყოფს სისხლის წითელ ფერს. როდესაც ჰემოგლობინის დონე დაბალია, ბავშვი შეიძლება იყოს ფერმკრთალი და აწუხებდეს ადვილად დაღლა, მისი გულისცემა და სუნთქვის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ჟანგბადის ნაკლებობის გამო.
თრომბოციტები წარმოქმნიან თრომბებს, რაც ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში. როდესაც თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, სისხლდენა ადვილად ვითარდება. თრომბოციტების დაბალი რაოდენობის მქონე ბავშვს შეიძლება ადვილად განუვითარდეს სისხლჩაქცევები ან ხშირად ჰქონდეს ცხვირიდან სისხლდენა. სისხლი განავალში და შარდში ნაკლებად ხშირია.
სისხლის თეთრი უჯრედები
ნეიტროფილები ებრძვიან სოკოებით და ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებს. ნეიტროპენია (რაოდენობის შემცირება) შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან დაავადებებით, დარღვევებით ან ინფექციებით, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს. გარდა ამისა, ზოგიერთმა მედიკამენტმა ან მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია.
ლიმფოციტები იცავენ ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგანაც. ლიმფოციტოპენია შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი სინდრომით, ასოცირებული იყოს გარკვეულ დაავადებებთან ან იყოს მედიკამენტების ან სხვა სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტი.
მონოციტები ხელს უწყობენ მკვდარი ან დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და ორგანიზმის იმუნური პასუხის რეგულირებას. ინფექციებმა, სიმსივნურმა პროცესებმა, აუტოიმუნურმა დაავადებებმა და სხვა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს მონოციტების რაოდენობის გაზრდა. რაოდენობის შემცირება შეიძლება იყოს ტოქსინების, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზების შედეგი.
ეოზინოფილია (ეოზინოფილების რაოდენობის მატება) შეიძლება გამოწვეული იყოს ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქციით ან პარაზიტული ინფექციით.
ბაზოფილების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციებით ან ინფექციით. გაზრდილი რაოდენობა შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან სხვა დარღვევებით.
რკინა
ბავშვებში რკინა წარმოადგენს აუცილებელ საკვებ ნივთიერებას მრავალი ორგანოსა და სისტემის ზრდისა და სათანადო ფუნქციონირებისთვის, ძირითადად კი ერითროპოეზისთვის. ის უნდა იქნას მიღებული საკვებიდან და მისი შეწოვა ხდება ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. როდესაც რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, და როდესაც მისი რაოდენობა არასაკმარისია ერითროციტების წარმოების სრულად მხარდასაჭერად, მდგომარეობას რკინის დეფიციტს უწოდებენ. შემთხვევების 30%-ში, მკურნალობის გარეშე, შეიძლება განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია, რომელიც წარმოადგენს ანემიის ყველაზე ხშირ ფორმას ბავშვებში.
რკინის დეფიციტის მიზეზები მრავალრიცხოვანია, მაგრამ ბავშვებში ეს ძირითადად გამოწვეულია ოთხი მიზეზით: დაბადებისას რეზერვების შემცირება, საკვებიდან რკინის არაადექვატური მიღება, ნაწლავში შეწოვის შემცირება ან სისხლის ქრონიკული კარგვა.
რკინის დეფიციტის ნიშნები:
- კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე;
- მადის დაქვეითება;
- თამაშის სურვილის ნაკლებობა;
- გაღიზიანება;
- ასთენია;
- უძილობა;
- თავის ტკივილი;
- ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვა;
- ყურადღების, ინტელექტუალური, მეხსიერების, მოტორული უნარებისა და საუბრის გამართულობის დეფიციტი;
- გლოსიტი;
- დისფაგია;
- კუჭის მჟავიანობის დაქვეითება;
- ფრჩილების დისტროფია;
- თმების მტვრევადობა;
- ამენორეა;
- ზრდის შეფერხება;
- ინფექციებისადმი მიდრეკილება და სხვ.
იმუნოგლობულინი E (IgE)
IgE ანტისხეულები ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში მცირე რაოდენობით, მაგრამ უფრო მაღალი რაოდენობა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ სხეული ზედმეტად რეაგირებს ალერგენებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
IgE დონე ასევე შეიძლება იყოს მაღალი, როდესაც ორგანიზმი ებრძვის პარაზიტულ ინფექციას ან სახეზეა იმუნური სისტემის რაიმე პრობლემა.
შესაბამისად IgE ანტისხეულის განსაზღვრა გვეხმარება დავადგინოთ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგიული რეაქცია, იმუნური სისტემის რაიმე პრობლემა ან პარაზიტული ინფექცია.
პარაზიტოლოგიური გამოკვლევა (განავალი)
განავლის ნიმუშის გამოკვლევას შეუძლია მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია კუჭის, ნაწლავების, სწორი ნაწლავის ან კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა ნაწილების პრობლემების შესახებ.
კვლევა განსაკუთრებით მიზანშეწონილია, თუ ბავშვს აქვს შესაძლო პარაზიტული ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა დიარეა დიდი ხნის განმავლობაში, სისხლი ან ლორწო განავალში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი ან ცხელება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნებოდა პარაზიტული დაავადების გავრცელება სკოლაში ან საბავშვო ბაღში, თუ ბავშვმა ცოტა ხნის წინ დალია დაბინძურებული წყალი, ან იმოგზაურა განვითარებად ქვეყანაში.
როდის ჩავიტაროთ ბავშვთა ჯანმრთელობის გაფართოებული პროფილური კვლევა?
- პროფილური კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია, თუ ბავშვს აღენიშნება ანემიისთვის, ანთებითი და ინფექციური პროცესებისთვის, სტრეპტოკოკული ინფექციისა და მისი გართულებებისთვის, რევმატიული დაავადებებისთვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის პრობლემებისთვის (დიაბეტი), კალციუმის დეფიციტისთვის (რაქიტი), შესაძლო ალერგიული რეაქციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
- კვლევა ტარდება პროფილაქტიკის – ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების – მიზნით.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესები
სისხლის ნიმუშის აღება, პროფილური კვლევებისთვის, აუცილებელია უზმოდ, დილით.
განავლის პარაზიტოლოგიურ გამოკვლევამდე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვლევის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის:
- ბარიუმის ფაფით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კონტრასტული გამოკვლევიდან 10 დღის გასვლამდე;
- ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ან თერაპიიდან 14 დღის განმავლობაში;
- მინერალური ზეთების, ბისმუტის, დიარეის საწინააღმდეგო და საფაღარათო საშუალებების მიღებისას ან მიღებიდან 7 დღის განმავლობაში.
კვლევისთვის განავლის შეგროვების წესები
- კვლევისთვის განავლის შეგროვებამდე, ჯერ უნდა შეიძინოთ სპეციალური კონტეინერი.
- განავლის შეგროვებამდე ბავშვმა უნდა მოშარდოს (გამორიცხოთ შარდის შეღწევის შესაძლებლობა განავალში). კვლევისთვის, განავალი არ უნდა შეიცავდეს მინარევებს, როგორიცაა შარდი.
- განავალი უნდა შეგროვდეს სპეციალურად მომზადებულ ჭურჭელში თვითდეფეკაციით.
- ნიმუშების აღება ხდება ფეკალური მასის შუა ნაწილიდან კოვზით, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ ჭურჭელში ფეკალური მასალის შესაგროვებლად. ანალიზისთვის საკმარისია ჭურჭლის მოცულობის 1/3 ან 10-15გ. განავალი.
- კონტეინერი უნდა იყოს მჭიდროდ დახურული, მოთავსდეს სუფთა ჩანთაში და მიეწოდოს ლაბორატორიულ ცენტრს.
- დაუშვებელია კლიზმის, სუპოზიტორების, აბუსალათინის ან ვაზელინის ზეთის გამოყენების შემდეგ მიღებული განავლის მიწოდება ლაბორატორიისთვის, გამოსაკვლევად.
საკვლევი მასალა
კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი (ერთი ჩხვლეტა)
პარაზიტოლოგიური გამოკვლევისთვის – განავალი
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი III & პარაზიტოლოგია – 80 ლარი, ნაცვლად 102 ლარისა
რესურსები
https://www.cincinnatichildrens.org/health/b/blood-counts
https://www.webmd.com/oral-health/what-to-know-antistreptolysin-o-titer
https://kidshealth.org/en/parents/test-crp.html
https://www.kidshealth.org.nz/poststreptococcal-glomerulonephritis-psgn
https://kidshealth.org/ChildrensMercy/en/parents/test-oandp.html
https://www.urmc.rochester.edu/encyclopedia/content.aspx?ContentTypeID=90&ContentID=P01593
https://www.intechopen.com/chapters/62708
https://www.aboutkidshealth.ca/Article?contentid=1726&language=English