დაგვირეკეთ

2393-833 ან 2394-065

კორონა ვირუსი - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

თარიღი: 25 თებ 2020






ხშირად დასმული კითხვები კორონა ვირუსის შესახებ

კორონავირუსები (COV) არის ვირუსების დიდი ოჯახი, რომელიც იწვევს სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს, როგორიცაა შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი ( MERS-CoV) და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS-CoV). ამჟამად ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც აქამდე ადამიანებში არ იყო გამოვლენილი.

კორონავირუსი არის ზოონოზური ვირუსი, მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. კვლევებმა დაადგინა, რომ SARS-CoV და MERS-CoV ვირუსები გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს. არსებობს ასევე რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი, რომელიც ჯერჯერობით ცირკულირებს მხოლოდ ცხოველებში.

ინფექციის ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები: ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმლების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს ხელების ხშირ დაბანას, ხველების და ცემინების დროს ცხვირის და პირის ღრუს დაფარვას, კვერცხის და ხორცის მომზადებისას საფუძვლიანად ჰიგიენური ნორმების დაცვას. მოერიდეთ რესპირატორული ინფექციით დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტს.


როგორ გადაეცემა კორონავირუსი?

კორონავირუსის ახალი შტამი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ეს ნიშნავს, რომ ინფექცია ვრცელდება დაავადებული ადამიანის ხველების, ცემინების, ლაპარაკის და მასთან ახლო კონტაქტის გზით. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ჰიგიენური ნორმები ხველებისა და ცემინების დროს, ხშირად დავიბანოთ ხელები და ჩავიტაროთ დეზინფექცია.


შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით დაავადება, კარის სახელურზე შეხებით? რამდენ ხანს ძლებს ვირუსი ზედაპირზე?

კორონავირუსით დაინფიცირება შესაძლებელია, თუ ვირუსის შემცველი აეროზოლით დაბინძურებულ ზედაპირს ადამიანი ჯერ ხელს შეახებს, შემდეგ კი ამ ხელით სახეს შეეხება( თვალები, პირი, ცხვირი). კარის სახელურები, ლიფტის ღილაკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარძლის მოაჯირები - ის ზედაპირებია, რომელთა შეხების შემდეგაც შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს შეუძლია ვირუსს იცხოვროს ამ ზედაპირებზე -მაგრამ უმჯობესია, თავიდან ავიცილოთ მათთან შეხება და ხშირად დავიბანოთ ხელები.


შეუძლია თუ არა სადეზინფექციო, სპირტიანი ხსნარებს კორონავირუსის განადგურება?

სადეზინფექციო ხსნარებით სხეულის ნაწილების დამუშავება ვერ ანადგურებს ვირუსს, რომელიც უკვე შეჭრილია ორგანიზმში. ამასთანავე, მსგავსი ტიპის ნივთიერებებს შეუძლიათ დააზიანონ კანის დამცავი ზედაპირი, ლორწოვანი გარსები და ტანსაცმელი.


შესაძლოა თუ არა ადამიანი დაინფიცირდეს თუ ის მიიღებს საკვებს, რომელიც მოამზადა დაავადებულმა პირმა?

დიახ, შესაძლებელია თუ ავადმყოფი ადამიანი საკვების მომზადებისას ახველებდა, აცემინებდა და გამოყოფილი ვირუსის შემცველი აეროზოლები მოხვდა საკვებზე. ვირუსის პრევენციისათვის, საკვების მომზადებამდე ხელების დაბანა და ჰიგიენური ნორმების დაცვა, აგვარიდებს თავიდან ვირუსის გავრცელებას.


რა სხვაობაა კორონავირუსსა და გრიპს შორის?

კორონავირუსულ და გრიპის ინფექციებს აქვთ საერთო სიმპტომები, რაც ართულებს მათ დიაგნოზს სპეციფიური ტესტების გარეშე. გრიპისგან განსხვავებით, დიაგნოსტიკური ანალიზები რომელიც ადგენს კორონავირუსს არ არის ფართოდ გავრცელებული. კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია ცხელება და ხველა. გრიპს კი ხშირად აქვს დამატებითი სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა: კუნთების და ყელის ტკივილი. ნებისმიერი ადამიანი ვისზეც არსებობს ეჭვი რომ დაავადებულია, ვისაც ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან, აუცილებელია გაიაროს ექიმთან კონსულტაცია.


რამდენად ეფექტურია ნიღბის ტარება?

ხელების ხშირი დაბანა, საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირზე შეხებისგან თავის შეკავება და სახის ნიღბის ტარება არის ვირუსის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.


რა ხანგრძლივობისაა კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი?

ჯანმო-ს თანახმად, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-დან 10 დღემდე, თუმცა ბოლო დღეების მონაცემებით, შესაძლოა 21 დღემდე გახანგრძლივებაც.


შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები სრულად გამოჯანმრთელდნენ?

ინფიცირებულ პაციენტთა უმრავლესობაში, კორონავირუსული ინფექცია ვლინდება საშუალო სიმძიმის სიმპტომებით და სრულდება 1 კვირაში სრული გამოჯანმრთელებით. ამასთანავე, ხანში შესულ, სხვადასხვა დაავადების(დიაბეტი, სიმსივნე, იმუნოდეფიციტი) ანამნეზის მქონე პაციენტებში ინფექცია შესაძლოა ხასიათდებოდეს მძიმე მიმდინარეობით.


არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც მსგავსი ტიპის ვირუსები წარმოიქმნება ძირითადად ჩინეთში?

დიახ, ზემოთ ხსენებული ვირუსების გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანთა დიდი პოპულაცია და მათ მახლობლად მცხოვრები ცხოველები. ეს ამარტივებს ცხოველებისა და ადამიანების ახლო კონტაქტს, რის შედეგადაც ხდება ახალი ვირუსების წარმოქმნა.


არსებობს თუ არა ვაქცინა რესპირატორული ინფექციების თავიდან ასაცილებლად?

ამ დროისათვის ვაქცინა არ არსებობს, თუმცა მეცნიერები სისტემატიურად მუშაობენ ამ საკითხზე. კორონა ვირუსისა და სხვა ვირუსების პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა - ხელების ხშირი დაბანა, დეზინფექცია და სახის ნიღბის გამოყენება.


უკან დაბრუნება