კალიუმის იოდიდი

რა არის კალიუმის იოდიდი?

ბირთვული ავარიების უმეტესობა ატმოსფეროში ათავისუფლებს რადიოაქტიურ იოდს, რომელიც შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში. თუ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები შთანთქავენ ძალიან ბევრ რადიოაქტიურ იოდს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარება ექსპოზიციიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

KI (კალიუმის იოდიდი) არის სტაბილური (არა რადიოაქტიური) იოდის მარილი, რომელიც მიეკუთვნება ანთი-თირეოიდულ მედიკამენტებს. მას შეუძლია ხელი შეუშალოს რადიოაქტიური იოდის შეწოვას ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რითაც იცავს ამ ჯირკვალს რადიაციული დაზიანებისგან.

ფარისებრი ჯირკვალი არის ის ორგანო, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა რადიოაქტიური იოდის მიმართ.

KI ბლოკავს რადიოაქტიური იოდის შეღწევას ფარისებრ ჯირკვალში. როდესაც ადამიანი იღებს KI-ს, მედიკამენტში შემავალი სტაბილური იოდი შეიწოვება ფარისებრი ჯირკვლის მიერ. KI „ავსებს“ ფარისებრ ჯირკვალს არარადიოაქტიური იოდით და ხელს უშლის რადიოაქტიური მოლეკულების შეწოვას, რომლებიც შემდგომ შარდით გამოიყოფა. ფარისებრი ჯირკვალი არარადიოაქტიური იოდით „გავსების“ შემდეგ  ვერ შთანთქავს მეტ იოდს – ვერც სტაბილურს და ვერც რადიოაქტიურს – მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზით შეყვანისას, KI ეფექტურია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკის შესამცირებლად ინდივიდებში ან პოპულაციებში რადიოიოდის ექსპოზიციის  რისკის ქვეშ.

  • კალიუმის იოდიდი არ იცავს ორგანიზმს მასში რადიოაქტიური იოდის მოხვედრისგან და მას არ შეუძლია გამოასწოროს რადიოაქტიური იოდით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების შემდეგ.
  • კალიუმის იოდიდი იცავს მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალს და არა სხვა ორგანოებს რადიოაქტიური იოდისგან.
  • კალიუმის იოდიდი ვერ იცავს ორგანიზმს რადიოაქტიური იოდის გარდა სხვა რადიოაქტიური ელემენტებისაგან – თუ რადიოაქტიური იოდით მოწამვლა არ აღინიშნება, KI-ის მიღება არ არის რეკომენდებული და შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.
  • სუფრის მარილი და იოდით მდიდარი საკვები არ შეიცავს საკმარის იოდს, რათა დაბლოკოს რადიოაქტიური იოდის მოხვედრა ფარისებრ ჯირკვალში. არ გამოიყენოთ სუფრის მარილი ან საკვები KI-ის შემცვლელად.
  • არ გამოიყენოთ დიეტური დანამატები, რომლებიც შეიცავს იოდს KI-ის სახით. ისინი შეიძლება იყოს მავნე და არაეფექტური.
  • ფარისებრი ჯირკვალი ვერ განასხვავებს სტაბილურ და რადიოაქტიურ იოდს. იგი ორივეს ერთნაირად შთანთქავს.

კალიუმის იოდიდი არ იცავს ადამიანს რადიოაქტიური იოდისგან 100%-ით. მის მიერ ფარისებრი ჯირკვლის დაცვა დამოკიდებულია 3 ფაქტორზე:

რადიოაქტიური დაბინძურებიდან გასული დრო: რაც უფრო ადრე მიიღებს ადამიანი KI-ს, ფარისებრ ჯირკვალს მით მეტი დრო ექნება რომ „შეივსოს“ სტაბილური იოდით.

აბსორბცია: სტაბილური იოდის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება ფარისებრ ჯირკვალში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეიწოვება KI სისხლში.

რადიოაქტიური იოდის დოზა: რადიოაქტიური იოდის მთლიანი რაოდენობის შემცირება, რომელსაც ადამიანი „იღებს“ დაბინძურების დროს, შეამცირებს ფარისებრი ჯირკვლისთვის მავნე რადიოაქტიური იოდის რაოდენობას.

KI (კალიუმის იოდიდი) უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რადგან არსებობს ჯანმრთელობის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია KI-ის მიღებასთან.

ვის შეუძლია მიიღოს კალიუმის იოდიდი (KI)?

ნაყოფისა და ჩვილის ფარისებრი ჯირკვლები ყველაზე მეტად რადიოაქტიური იოდით დაზიანების რისკის ქვეშ არიან. ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის იოდის დაბალი რაოდენობა.

  • ჩვილები (მათ შორის მეძუძური ბავშვები)

ჩვილებს აქვთ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე მაღალი რისკი რადიოაქტიური იოდის ზემოქმედების შემდეგ. ყველა ახალშობილს, უნდა მიეცეს ჩვილებისთვის რეკომენდებული KI-ის დოზა. ჩვილებმა (განსაკუთრებით ახალშობილებმა) უნდა მიიღონ KI-ის ერთჯერადი დოზა. ერთჯერად დოზაზე მეტმა შეიძლება გამოიწვიოს ნორმალური განვითარების შემდგომი პრობლემები. ამ შემთხვევაში სხვა დამცავი ზომები უნდა იქნას მიღებული. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ერთზე მეტი დოზა, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დაკვირვება.

  • ბავშვები

FDA-ის რეკომენდაციით მიზანშეწონილია, რადიოაქტიური იოდის ზემოქმედების ან შესაძლო ზემოქმედების შემთხვევაში, ყველა ბავშვმა მიიღოს KI (კალიუმის იოდიდი), თუ მათ არ აქვთ ალერგია იოდის მიმართ (უკუჩვენებები).

  • ახალგაზრდები

FDA-ის რეკომენდაციით მიზანშეწონილია, რადიოაქტიური იოდის ზემოქმედების ან შესაძლო ზემოქმედების შემთხვევაში, ყველა ახალგაზრდამ (18-დან 40 წლამდე) მიიღოს KI-ის რეკომენდებული დოზა. ახალგაზრდები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან რადიოაქტიური იოდის ზემოქმედებისადმი, ვიდრე ბავშვები.

  • ორსულები

იმის გამო, რომ იოდის ყველა ფორმა კვეთს პლაცენტას, ორსულებმა უნდა მიიღონ KI ნაყოფის დასაცავად. ორსულმა ქალებმა უნდა მიიღონ KI-ის მხოლოდ ერთი დოზა რადიოაქტიური იოდის ზემოქმედების ან შესაძლო ზემოქმედების შემთხვევაში.

  • მეძუძური დედები

მეძუძურმა დედებმა უნდა მიიღონ KI-ის მხოლოდ ერთი დოზა, რადიოაქტიური იოდის ზემოქმედების ან შესაძლო ზემოქმედების შემთხვევაში. მათ უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი სხვა დამცავი ზომების მისაღებად.

  • მოზრდილები

40 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებმა არ უნდა მიიღონ KI, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან გადაუდებელი დახმარების მენეჯმენტის წარმომადგენლები არ ამბობენ, რომ მოსალოდნელია რადიოაქტიური იოდის ძალიან დიდი დოზით დაბინძურება. 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს აქვთ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების ან ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების ყველაზე დაბალი რისკი რადიოაქტიური იოდით დაბინძურების შემდეგ. 40 წელზე უფროს ასაკში უფრო მეტად აღინიშნება ალერგიული რეაქციები ან გვერდითი ეფექტები KI-ის მიღებისას.

ვინ არ უნდა მიიღოს კალიუმის იოდიდი (KI)?

  • იოდზე ჰიპერმგრძნობელობა (ან ალერგია);
  • ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
  • ჰიპოკომპლემენტემიური ვასკულიტი;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადების და კვანძოვანი ფარისებრი ჯირკვლის მქონე პირები;
  • KI სიფრთხილით უნდა მიიღონ მრავალკვანძოვანი ჩიყვის, გრეივსის დაავადების და აუტოიმუნური თირეოიდიტის მქონე პირებმა, განსაკუთრებით მაშინ თუ მკურნალობა რამდენიმე დღე გრძელდება.

KI-ის გვერდითი ეფექტები

კალიუმის იოდიდის უფრო ძლიერი დოზის ან რეკომენდებულზე ხშირად მიღება არ იძლევა მეტ დაცვას და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ავადმყოფობა ან სიკვდილი.

კალიუმის იოდიდის ერთჯერადი დოზა იცავს ფარისებრ ჯირკვალს 24 საათის განმავლობაში. ზოგჯერ ერთჯერადი რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ არის ყველაფერი, რაც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად.

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები განიცდიან რადიოაქტიური იოდის ზემოქმედებას 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გასცეს რეკომენდაცია კალიუმის იოდიდის ერთი დოზის მიღებაზე ყოველ 24 საათში რამდენიმე დღის განმავლობაში.

მოერიდეთ კალიუმის იოდიდის განმეორებით დოზირებას ორსული და მეძუძური ქალებისა და ახალშობილების შემთხვევაში.

კალიუმის იოდიდის მაღალმა დოზებმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდით მოწამვლა.

კალიუმის იოდიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (აუცილებლად აცნობეთ ექიმს გვერდითი მოვლენების შესახებ):

  • შეშუპებული ჯირკვლები
  • მეტალის გემო პირში
  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • მუცლის ტკივილი
  • თავის ტკივილი

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა შეწყვიტოთ კალიუმის იოდიდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს:

  • გამონაყარი
  • ჭინჭრის ციება
  • ცხელება
  • სახსრების ტკივილი
  • სახის, ტუჩების, ენის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება
  • სუნთქვის, ლაპარაკის ან ყლაპვის გაძნელება
  • ხიხინი
  • ჰაერის უკმარისობა
  • არარეგულარული გულისცემა
  • მკერდის ტკივილი

რეკომენდებული დოზით მიღებისას კალიუმის იოდიდმა შეიძლება გამოიწვიოს იშვიათი არასასურველი ეფექტები ჯანმრთელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ფარისებრ ჯირკვალთან.

ეს იშვიათი გვერდითი ეფექტები უფრო სავარაუდო და ხშირია, თუ ადამიანი:

  • იღებს KI-ის რეკომენდებულზე მაღალ დოზას
  • იღებს პრეპარატს რამდენიმე დღის განმავლობაში
  • აქვს ფარისებრი ჯირკვლის ადრე არსებული დაავადება

ახალშობილები (1 თვეზე ნაკლები), რომლებიც იღებენ კალიუმის იოდიდის ერთზე მეტ დოზას, იმყოფებიან ჰიპოთირეოზის განვითარების რისკის ქვეშ (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეები ძალიან დაბალია). მკურნალობის გარეშე ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება.

მოერიდეთ ახალშობილებში KI-ის განმეორებით დოზირებას. აუცილებელია მკურნალობის მონიტორინგი ექიმის მიერ.

თუ “საკმარისად დიდი ხნის” განმავლობაში მიიღება, KI-მ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა). “საკმარისად დიდხანს” განსხვავებულია ყველა ადამიანისთვის. ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემა ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

გვერდითი მოვლენები ნაკლებად სავარაუდოა, როდესაც KI გამოიყენება რეკომენდებული დოზით და ხანმოკლე დროით, აქედან გამომდინარე აუცილებელია მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და მიიღოთ ზუსტი ინსტრუქციები და რეკომენდაციები მედიკამენტის დოზებთან და მიღებასთან დაკავშირებით.

კალიუმის იოდიდის მიღებამდე:

  • აცნობეთ ექიმს, თუ ალერგიული ხართ კალიუმის იოდიდის, იოდის, ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ან კალიუმის იოდიდის ტაბლეტების ან სითხის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
  • უთხარით თქვენს ექიმს რა მედიკამენტებს, ვიტამინებს, საკვებ დანამატებს და მცენარეულ პროდუქტებს იღებთ ან გეგმავთ მიღებას.
  • აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ჰეპრეტიფორმული დერმატიტი (კანის მიმდინარე დაავადება, რომელიც იწვევს სხეულზე ქავილს და ბუშტუკების ფორმირებას), ჰიპოკომპლემენტემიური ვასკულიტი (მუდმივი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ჭინჭრის ციების ხშირ აფეთქებას და სხვა სიმპტომებს, როგორიცაა შეშუპება და სახსრების ტკივილი), ან თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მრავალკვანძოვანი დაავადება (ფარისებრ ჯირკვალში ბევრი კვანძი) და გულის დაავადება. თქვენ არ უნდა მიიღოთ კალიუმის იოდიდი, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა.
  • თუ თქვენ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, როგორიცაა გრეივსის დაავადება (მდგომარეობა, როდესაც სხეული უტევს ფარისებრ ჯირკვალს, რაც იწვევს მის ზედმეტ აქტიურობას) ან ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, შეგიძლიათ მიიღოთ კალიუმის იოდიდი ექიმის რეკომენდაციით, გადაუდებელ შემთხვევაში. თუ თქვენ გჭირდებათ კალიუმის იოდიდის მიღება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
  • აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ხართ მეძუძური. თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, შეგიძლიათ მიიღოთ კალიუმის იოდიდი, ექიმის რეკომენდაციით, გადაუდებელ შემთხვევებში. თქვენი ექიმი, ყურადღებით გააკონტროლებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
  • თუ ერთ თვეზე უმცროს ბავშვს აძლევთ კალიუმის იოდიდს, დაურეკეთ ბავშვის ექიმს რაც შეიძლება მალე, რეკომენდაციებისა და მონიტორინგის მიზნით.

თუ გსურთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შემოწმება და მონიტორინგი, ლაბორატორია „სინევო“, გთავაზობთ ფარისებრი ჯირკვლის პროფილურ კვლევებს: 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

07.03.22

English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button